თბილისი მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად საკმაოდ ბუნდოვანია და გარკვეულ კითხვებს ბადებს, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს", საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანამდამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლით არჩეული მერის დაკავება/არ დაკავების საკითხი პირდაპირ მოწესრიგებული არაა.
„თუმცა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა ხელი არ შეეშალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მისი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებაში და მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება - აბსოლუტური აუცილებლობის არსებობის გარეშე - შეიძლება ასეთად ჩაითვალოს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჟღენტმა.
ჟღენტი აცხადებს, რომ მერის უფლებამოსილების შეჩერების პირობები განსაზღვრულია თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში, ხოლო ის კანონი, რომლის დებულებითაც ისარგებლა სასამართლომ უგულავას მიმართ, ორგანული კანონი არ არის.
„ორგანული კანონის თანახმად მერს უფლებამოსილება უწყდება სასამართლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლიდან, რაც სახეზე არ არის. არადა ორგანული კანონი უფრო მაღლა დგას ნორმათა იერარქიაში და თუ არსებობს ორს შორის კოლიზია/შეუსაბამობა, უპირატესი ძალ ორგანულ კანონს გააჩნია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად საკმაოდ ბუნდოვანია და გარკვეულ კითხვებს ბადებს", - განაცხადა ჟღენტმა.
მისივე თქმით, როდესაც უკვე ფაქტიურად დაწყებულია საარჩევნო კამპანია, საკმაოდ რთულად აღსაქმელია თუ „რას მოიგებს მმართველი კოალიცია ამ გადაწყვეტილების მიღებით ან ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისი შეფასების თვალსაზრისით".