ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოვალეობას მენეჯმენტის წარმომადგენელი შეასრულებს. ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა.
,,დებულების მიხედვით როცა დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება იქ არსებობს მენეჯმენტის წარმომადგენელი, რომელიც შეასრულებს მის მოვალეობას", _განაცხადა მარგიშვილმა.
მისივე განმარტებით, ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი უშიკიშვილის დატოვება შეუძლებელი იყო. თუმცა მინისტრის მოადგილემ კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა.
"თქვენ ალბათ ნახეთ, რომ თვითონ ბატონმა გიორგიმ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განთავისუფლდა. იქ არის მითითებული სამართლებრივი საფუძვლები. კონკრეტულად, მიმდინარეობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტორული შემოწმება, რომელიც გასულ წლებს მოიცავდა. ამ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ბატონი გიორგის ადგილზე დატოვება", - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
მარგიშვილის განცხადებით, უახლოს პერიოდში შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კულტურის მინისტრს ფოლკლორის ცენტრის შესაძლო კანდიდატს წარუდგენს.
"ჩვენ ვმუშაობთ დებულებაში ცვლილებების შეტანაზე. ეს ცნობილი გახდება ორშაბათს. ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო დაახლოებით 12 ადამიანისგან შემდგარი, რომლებიც წარუდგენენ მინისტრს შესაძლო დირექტორის კანდიდატურას", - განაცხადა მარგიშვილმა.