რუსეთის გმირი, ბატალიონ "ვოსტოკის" ყოფილი მეთაური სულიმ იამადაევი დუბაიში, ალ-კოუზის სასაფლაოზე დაკრძალეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოში ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ზიად საპსაბმა გაავრცელა. მიუხედავად ამისა, იამადაევის ნათესავები დღესაც დაჟინებით ირწმუნებიან, რომ სულიმ იამადაევი ცოცხალია.
"სამწუხაროდ, იგი გარდაიცვალა და დუბაიში, ალ-კოუზის სასაფლაოზეა დაკრძალული", _ აცხადებს საპსაბი. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ საპსაბის სიტყვები აღნიშნული სასაფლაოს დარაჯმაც დაადასტურა.
"რუსი ჩეჩენი ორშაბათს დაკრძალეს", _ მოჰყავს რუსულ მედიას სასაფლაოს დარაჯის სიტყვები და იქვე დასძენს, რომ დარაჯმა ვერ დააკონკრეტა, ვინ გააცილა უკანასკნელ გზაზე რუსეთის გმირი.