საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე საკუთარი კურსელები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის პროკურორად კბილაშვილის ნათლულის მამა და მისი კურსელი დავით კოჭლამაზაშვილი დაინიშნა, რომელიც 2008 წლიდან დღემდე სიღნაღის რაიონული პროკურორი იყო.
"აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ რაიონებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო არაერთი აქტივისტი დააკავეს. უფრო მეტიც, წინასაარჩევნოდ თანამდებობის პირებმა რაიონში "ქართული ოცნების" აქტივისტები სასტიკად სცემეს და პროკურატურას არცერთი ფაქტი არ გამოუძიებია. დავით კოჭლამაზაშვილის პროკურორობის დროს დაარბიეს სიღნაღში არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტებიც", - წერს "კახეთის საინფორმაციო ცენტრი".
იმავე წყაროს ცნობით, მთავარი პროკურორის კურსელია 2004-2008 წლებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი შოთა რეხვიაშვილიც, რომელიც კბილაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დანიშნა.
კბილაშვილის კურსელია ზაქარია დარჩიაშვილიც, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, მანამდე კი, 2011 წლის 17 იანვრიდან რუსთავის მერი იყო.
არჩილ კბილაშვილის კურსელია ლაშა ლეთოდიანიც, რომელიც მთავარმა პროკურორმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დანიშნა. 2012 წლიდან ლეთოდიანი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იყო, 2004-12 წლებში კი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს დაამთავრა და ერთმანეთის კურსელები არიან.
შეგახსენებთ რომ, არჩილ კბილაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები