ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბოლო ინფორმაციით დაღუპილია 49, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი. ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი თავდამსხმელების იარაღის მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც იკითხება ქართული წარწერა - დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი.
გამოცემა ფოტოს აღწერაში აღნიშნავს, რომ მსროლელმა იარაღის მჭიდზე ის სახელები და გვარები დაიტანა, რომლებმაც წარსულში, სხვადასხვა დროს, თავდასხმები აწარმოეს.
ფოტოზე ჩანს ასევე სხვა ენაზე დაწერილი სახელებიც, მათ შორის, რუსულად. ახალი ზელანდიის პოლიციას, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ფოტორები თავმდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირადი გვერდებიდან არის აღებული, რომელიც მოგვიანებით სოციალურმა ქსელმა წაშალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, - აღნიშნულია განცხადებაში.