არ დავუშვებთ მცდელობას, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში. მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მცდელობა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უმრავლესობის წევრების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები.
„ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატით ფარგლებში. ასევე, აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები. გაურკვეველია, ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში. ყველას შევახსენებ, მათ შორის დეპუტატებსაც, საზოგადოებას, საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე, ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს, როგორიც არის დამსახურება. დამსახურება თავის თავში მოიაზრებს კვალიფიფიკაციას, შესაძლებლობას. კრიტერიუმი, როგორიც არის "სააკაშვილის დროს მსახურება" არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა და სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ჩვენ, საბჭოს წევრები არ დავუშვებთ. ჩვენ არავის გვეშინია, მზად ვართ, რომ საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ მცდელობას, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში, მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მცდელობა", - განაცხადა გვრიტიშვილმა.