ხვალ, 21 ნოემბერს, დუბაიში, ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე წევრი ქვეყნები ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. დასავლური მედიის ცნობით, ახალი პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრე პროკოპჩუკი. ის 2016 წლიდან იკავებს ინტერპოლის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას.
ინტერპოლი პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატ, რუს გენერალთან ერთად არის ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანგი.
რუსი გენერლის ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევას ეწინააღმდეგებიან ამერიკელი სენატორები. რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ და როჯერ უიკერმა, ასევე დემოკრატებმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა მიმართეს ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ არ დაუშვან რუსი გენერლის არჩევა.
სენატორების განცხადებით, რუსი გენერლის ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევა იგივეა, რომ მელას საქათმე ჩააბარო.
ამერიკელი სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ გენერალი პროკოპჩუკი მონაწილეობს ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებაში და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა საქმეში.
რუსი გენერლის ინტერპოლის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრი. უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაქოვის განცხადებით, პროკოპჩუკის არჩევა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს. რუსი გენერლის არჩევის შემთხვევაში უკრაინა ინტერპოლის წევრობის შეჩერებას არ გამორიხცავს.
გენერალური ასამბლეის სხდომაზე ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მისი მოქმედი პრეზიდენტი მენგ ჰონვეი, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაუჩინარდა. მოგვიანებით, ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს.