შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ "ტვიტერზე", აშშ-ის კოსმოსური ძალების ემბლემა გამოაქვეყნა.
წრიული ფორმის ლურჯი ფერის ემბლემაზე, ვარსკვლავების ფონზე წარმოდგენილია დედამიწის მოდელი და რაკეტის სქემატური გამოსახულება. ემბლემის ქვედა მხარეს კი რომალური ციფრებით აღნიშნულია კოსმოსური ძალების დაარსების თარიღი - MMXIX (2019).
"ჩვენს დიდებულ სამხედრო ლიდერებსა და დიზაინერებთან კონსულტაციის შემდეგ, მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების ემბლემა", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
ახალი ემბლემა სოციალური ქსელის მომხმარებლების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, რომელთაც მალევე შენიშნეს მსგავსება კოსმოსური ძალების ემბლემასა და პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის ემბლემას შორის, სერიალ "ვარსკვლავური გზიდან".
კრიტიკის საპასუხოდ, აშშ-ის კოსმოსურ ძალებში განმარტეს, რომ ემბლემა შთაგონებული იყო ელემენტებით, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ 1942 წელს იყენებდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.