საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დააკავეს და დაკითხეს.
ამის შესახებ ბარომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, 19 ივლისის საღამოს ირანში საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ირანის სპეცსამსახურების მხრიდან „უკიდურესად სერიოზულ დაშინებას“ დაექვემდებარა, რაც მათი დიპლომატიური იმუნიტეტის უხეში დარღვევა იყო.
„მრავალსაათიანი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაკავების, დაკითხვებისა და ერთ-ერთი მათგანის შემთხვევაში ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, მათ საბოლოოდ შეძლეს საელჩოში დაბრუნება, სადაც უსაფრთხოდ იმყოფებიან და უახლოეს საათებში საფრანგეთში გამგზავრებას ელოდებიან. ეს მოპყრობა განსაკუთრებით შოკისმომგვრელია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი თანამშრომელი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამებზე მუშაობს, კერძოდ, ირანელი ხელოვანებისა და მეცნიერების მხარდასაჭერად“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბაროს თქმით, ინციდენტის შემდეგ ის დიპლომატებს პირადად ესაუბრა და პროფესიული მოვალეობის მამაცურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ასევე ვაცნობე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ჩვენი თანამშრომლების ხელშეუხებლობის ასეთი უხეში და მიუღებელი დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - დასძინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.