დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოაწერა ბრექსიტის შეთანხმებას.
ბორის ჯონსონის თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა მრავალწლიანი კამათი და უთანხმოება და ბოლოს და ბოლოს აღსრულდა ნება ბრიტანელი ხალხისა, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმით გამოხატა.
მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავლენ, რომელიც მეგობრობასა და თანასწორობაზე იქნება დამყარებული.
როგორც იუწყებია, ჯონსონმა შეთანხმებას Parker-ის კალმით მოაწერა, რომელსაც მხოლოდ ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისას იყენებს.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთაც ბრიუსელიდან შეთანხმების დოკუმენტი ჩამოიტანეს.
შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიაენმა.
23 იანვარს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
მანამდე ბრექსიტის კანონპროექტი პარლამენტის ლორდთა პალატამ დაამტკიცა და იგი სამეფო თანხმობის მისაღებად ბუკინგემის სასახლეში გაიგზავნა.
ბრექსიტის კანონპროექტი თემთა პალატამ 9 იანვარს დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირება ევროპულმა პარლამენტმაც უნდა მოახდინოს. როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა 29 იანვრის სხდომაზე მოხდეს.