ENG / RUS       12+

დავოსი 2020 - რა არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

21-24 იანვარს, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ყოველწლიური შეხვედრისთვის შეიკრიბებიან.

წელს პირველი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

რა არის დავოსი?

დავოსი შვეიცარიის სათხილამურო კურორტია ალპებში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა.

ფორუმი მსოფლიოს 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს.

ფორუმის დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელია ჟენევის უნივერსიტეტის ბიზნეს–ადმინისტრირების პროფესორი კლაუს შვაბი.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს.

შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა, "მსოფლიო სახელმწიფოთა მდგომარეობისა და მმართველობის გაუმჯობესების ეგიდით".

1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“ (European Management Forum) ეწოდებოდა.

2015 წელს იგი აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციად.

რა ხდება ფორუმზე?

ტრადიციულად, ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკურ საკითხებს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, იგი გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად.

მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიდერებთან ერთად, დავოსის ფორუმს მუდამ სტუმრობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროკავშირის მაღალი რანგის ფიგურები.

რეგულარულ სტუმრებს შორის არიან მილიარდერი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook– ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ს სოლისტი მომღერალი ბონო.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ჩაატარონ შეხვედრები ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერებთან ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნეს-გარიგებების გაკეთების მიზნით.

მაღალი დონის პლატფორმაზე ხშირად გამოდიან გამომსვლელები, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ გლობალურ დღის წესრიგზე. მაგალითისთვის, გასულ წელს, პრინცმა უილიამ უინძორმა ისაუბრა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბრიტანელმა ნატურალისტმა და ტელეწამყვანმა სერ დევიდ ადეტბურგმა კი ამაღელვებელი და შთამაგონებელი სიტყვა წარმოსთქვა გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ბოლო წლებში ფორუმს ესწრებოდნენ ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.

ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება.

2020 წელი ეძღვნება მდგრად განვითარებას სლოგანით "დაინტერესებული მხარეები ერთობლივი და მდგრადი მშვიდობისათვის".

გამოწვევები დისკუსიისთვის: როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს და დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, როგორ ავიცილით თავიდან „ტექნოლოგიური ომები“, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი ათწლეულის განმავლობაში მილიარდამდე ადამიანის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, როგორ შეიქმნას ხიდები გლობალურ ცხელ წერტილებში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ტრადიციულად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის პლატფორმა საერთაშორისო დისკუსიებისა და მოლაპარაკებებისთვის.

დავოსში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართულა, სადაც ხელი მოაწერეს სხვადასხვა შეთანხმებას.

მაგალითისთვის, 1988 წელს საბერძნეთმა და თურქეთმა სწორედ დავოსში მოაწერეს ხელი დეკლარაციას, კონფლიქტის სამხედრო ესკალაციის აკრძალვის შესახებ.

2000 წელს, ვაქცინიზაციისა და იმუნიზაციის გლობალურმა ალიანსმა დავოსის პლატფორმა გამოიყენა მასშტაბური პროგრამის დასაწყებაd, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ბავშვის იმუნიზაციას ეხებოდა.

ჰყავს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს კრიტოკოსები?

დავოსი წელიწადის ამ დროს მხოლოდ ეკონომიკური ფორუმის გამო არ ხვდება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. აქ ხშირად შეხვდებით დემონსტრაციებს, რომლებიც აპროტესტებენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი მას ელიტურ ღონისძიებად მიიჩნევს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პრობლემების გადაწყვეტის რეალურ სურვილებთან.

ზოგი თვლის, რომ ის მხოლოდ "ძლიერი და გავლენიანი კაცების" ღონისძიებაა და ქალთა მცირე მონაწილეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

უკრაინულმა ფემინისტურმა სამოქალაო მოძრაობამ "ფემენმა" გასულ წლებში გააპროტესტა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა შორის მამრობით სქესის დომინირება.

შარშან დავოსის მონაწილეთა შორის მხოლოდ 22% იყო ქალი. 2015 წლის მდგომარეობით კი ქალთა მონაწილეობა მხოლოდ 17% -ით შემოიფარგლა.

აღსანიშნავია, რომ დამკვიდრდა ერთგვარი ტერმინი "დავოსის კაცი", რომელიც ელიტარული, მდიდარი და გავლენიანი კაცის ტიპის გამოხატავს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის "გლობალური ელიტის" სიმბოლო.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ადგილი, სადაც ეკონომიკური ფორუმი ტარდება, ასევე, კერძო ვერტმფრენები, ელიტური წვეულებები, არის ნიშანი იმისა, რომ ღონისძიება ექსკლუზიურია და ის მხოლოდ ერთულების ხვედრია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ დაინტერესებულია ფორუმს, რაც შეიძლება ბევრი მაღალი რანგის სტუმარი დაესწროს, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ფართომასშტაბიანი სიკეთეების მიღწევა.

რას უნდა ველოდოთ წლევანდელი ფორუმისგან?

მოელიან, რომ წელს უკვე მეორედ, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი. დავოსში ჩავა ასევე ამერიკული გიგანტური სატრანსპორტო ქსელური კომპანიის გენერალური დირექტორი დარა ხოსროვშაჰი.

დავოსში ელიან ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც გასულ წელს არ ესწრებოდა ფორუმს, აშშ-ის მთავრობის დახურვის გამო. წელს მისი მონაწილეობა აშშ-ირანის მზარდა დაძაბულობის ფონზე ჩაივლის.

ტრამპი სიტყვით გამოვა სამშაბათს, იმ დღეს, როდესაც მისი იმპიჩმენტის სასამართლო განხილვა დაიწყება აშშ-ს სენატში.

ეკონომიურ ფორუმს დაესწრება ასევე ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, რომელიც 34 წლისაა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრად ითვლება.

დავოსში ჩავა ბოლივუდელი კინოვარსკვლავი დიპიკა პადუკონე, რომელიც მონაწილეებს დეპრესიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

წელს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 21-24 იანვარს გაიმართება.