სტრასბურგში ევროპარლამენტის 2020 წლის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა, სადაც თეირანში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
"გთხოვთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას", - მიმართა მან დეპუტატებს.
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს 8 იანვარს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 2 წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.
11 იანვარს, გამთენიისას, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდება და ამას ადამიანური შეცდომა უწოდა.