პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ პოლიციასთან ერთად რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა.
ტუსკის თქმით, რუსი მოქალაქე 7 აგვისტოს დააკავეს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა კონკრეტულ პირს დაავალა ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმა ნატო-ს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე - კერძოდ, პოლონეთში, ვარშავაში“, - განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს იმ პირის ვინაობა, რომლის მკვლელობასაც დაკავებული გეგმავდა, არ დაუსახელებია. მისი თქმით, ეს ადამიანი „პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი“ იყო.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და არსებობს საფუძველი, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალშიც განმეორდეს.
„სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინის რეჟიმი შეეცდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მიზეზით მისთვის არასასურველი ადამიანების ლიკვიდაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით პოლონეთის სპეცსამსახურები მომავალში მსგავსი სცენარებისთვის მზად არიან.
„ამ მიმართულებით ჩვენი მოქმედებები უკიდურესად ინტენსიური იქნება, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შემდგომი მცდელობები, რომლებიც პოლონეთის ან სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ უკვე დეტალურად ვისაუბრე სპეცსამსახურების საკითხებში მინისტრ-კოორდინატორთან... მომავალში, სავარაუდოდ, ასეთ ზეწოლა კვლავ იქნება, ამიტომ წინ ძალიან მძიმე სამუშაო გველის, რათა ყველაზე ცუდი სცენარები თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.