ვლადიმირ პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს მკაცრად ვაპროტესტებთ, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, არქიპელაგი „იაპონიის უნიკალური ტერიტორიაა როგორც ისტორიული, ისე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“.
"ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გამო, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იაპონია ძალისხმევას არ იშურებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვიზიტმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა და საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხის მნიშვნელობას სერიოზულად მოეკიდება“,- განაცხადა ტაკაიჩიმ სატელევიზიო მიმართვისას. .
მანამდე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ პუტინის კურილებზე ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.
„ჩრდილოეთი ტერიტორიები, მათ შორის ეტოროფუ [იტურუპი], იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. იაპონია ამ ვიზიტს კატეგორიულად აპროტესტებს“, - განაცხადა მინისტრმა.