თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეხმიანება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ნატოს "ტვინის სიკვდილთან" დაკავშირებით.
"მე არ ვიცი რას ნიშნავს საფრანგეთი ნატოსთვის, მაგრამ თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ნატოსთვის. ძვირფასო მაკრონ, უპირველესად უმჯობესია საკუთარი ტვინი შეაწმოთ, რადგან ასეთი განცხადებების კეთება ახასიათებთ მათ, ვისაც ტვინი მკვდარი აქვთ", - თქვა ერდოგანმა.
ერდოღანისვე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს არ აქვს ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება და სწორედ ამიტომ აქვთ "ყვითელჟილეტიანებს" მისი ქვეყანა "ოკუპირებული".
"რა თქვენი საქმეა, თურქეთს ნატოდან გარიცხავენ თუ არა? თქვენ იღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს? იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ თქვენ უნდა პატივი სცეთ თურქეთის სუვერენიტეტს", - დასძინა ერდოღანმა.
მან ასევე თქვა, რომ თურქეთის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გამოცემა Economist-თან საუბრისას, განაცხადა, რომ ნატო, სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის არარსებობის გამო, "ტვინის სიკვდილს" განიცდის.
გარდა ამისა, მაკრონმა თქვა, რომ თურქეთს სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო ნატოს მხარდაჭერისა და სოლიდარობის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
მაკრონის განცხადებას გაემიჯნენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.