ნატოს შენარჩუნება გერმანიის უმთავრესი ინტერესია. ალიანსი დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
"დღეს, გერმანიისთვის ნატოს შენარჩუნება უმთავრესი ინტერესია, უფრო მეტად ვიდრე ცივი ომის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსისთვის მუშაობას და ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ.
დღეს, ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ეს დამოკიდებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე", - თქვა მერკელმა ბუნდესტაგში დეპუტატების წინაშე.
მერკელის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტად დაზუსტდეს "რაზეა პასუხისმგებელი ნატო", იქნება ეს თავდაცვითი ამოცანები თუ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარება არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორ ნატოს წინააღმდეგ მუშაობა ან მისი ჩანაცვლების სურვილი.
მისივე განცხადებით, ევროპული თავდაცვითი თანამშრომლობა უნდა იყოს ალიანსის ევროპული კომპონენტის განვითარება.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Economist-თან საუბრისას, განაცხადა, რომ ნატო, სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის არარსებობის გამო, "ტვინის სიკვდილს" განიცდის.
ანგელა მერკელი გამოეხმაურა მაკრონის ამ განცხადებას და თქვა, რომ ის არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის შეხედულებას.