სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მიესალმნენ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ.
"მივესალმები აშშ-ს კონგრესის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ცნობს სომეხთა გენოციდს. რეზოლუცია N296 არის თამამი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სიმართლისა და ისტორიული სამართლიანობისკენ, რაც ასევე კეთილდღეობას მოუტანს იმ მილიონობით სომეხის შთამომავლის, ვინც გადაურჩა გენოციდს", - წერს ფაშინიანი მიკრობლოგ "ტვიტერზე".
პრემიერ-მინისტრმა წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მიულოცა თანამემამულეებს და აღფრთოვანება გამოხატა აშშ-ის სომხური დიასპორის მისამართით.
მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოეხმაურა, გენოციდის აღიარების რეზოლუციას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, რომელმაც გულითად მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას "ისტორიული გადაწყვეტილებისთვის".
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა. ანალოგიური რეზოლუციები წლების განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა კონგრესმენების მხარდაჭერას ვერ იღებდა.
ახლანდელი რეზოლუცია პალატის წევრების ჯგუფმა წარადგინა, რომელსაც დემოკრატი ადამ შიფი ხელმძღვანელობს.
"არასდროს არის გვიან გენოციდის აღიარება, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით დროულია", - განაცხადა შიფმა.
დოკუმენტს მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 11-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.
აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.
დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.
თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.
ანკარა მოითხოვს ტერმინის - "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.