ბრიტანეთის პარლამენტი ხვალიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ განუცხადა.
პარლამენტის მუშაობის განახლების სამართლებრივი საფუძველი უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი გახდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ, უკანონოდ სცნო.
ჯერჯერობით პრემიერ ჯონსონს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ გაუკეთებია კომენტარი. ოპოზიციური პარტიები კი მიესალმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჯონსონის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.
დღეს, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პარლამენტის შეჩერების თაობაზე.
მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება ედინბურგის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომაც სცნო უკანონოდ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.
პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო შეჩერებული და 14 ოქტომბერს განახლდებოდა.
მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.
ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.