ანკარა მოსკოვთან სუ-57 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსური სალონის დათვალიერების შემდეგ რუსეთში ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლები დარჩნენ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავდებთ ჩვენს პირობებს კრედიტირებისა და ერთობლივ წარმობასთან დაკავშირებით", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თუ ვაშინგტონი არ შეიცვლის თავის პოზიციას მოიერიშე F-35-თან დაკავშირებით, ანკარა სიტუაციიდან სხვა გამოსავლის მოძებნას დაიწყებს.
თურქეთის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენამ თურქეთსა და აშშ-ს შორის საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. შეერთებული შტატები თურქეთისგან მათ შეძენაზე უარის თქმას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი არ გამორიცხავდა ანკარასთვის გამანადგურებელ F-35-ის მიყიდვის გაუქმებას.
თურქეთი დათმობაზე არ წავიდა. ამის შემდეგ აშშ-მა F-35-ის პროგრამაში თურქეთის მონაწილეობა შეაჩერა.