ამაზონის ჯუნგლების კრიზისი - აბორიგენებისა და მეტყევეების ბრძოლა ბუნებრივ რესურსებზე
ათეულობით შეიარაღებული მეტყევე ბრაზილიის ჩრდილოეთით აბორიგენების სოფელში შეიჭრა და ტომის ლიდერი მოკლა.
სოფელ ამაპის მცხოვრებლები შიშობენ, რომ დაპირისპირების რისკები არსებობს. ბრაზილიის მთავრობამ რეგიონში პოლიციის დანაყოფები უკვე გააგზავნა.
დაძაბულობა ამაზონის რეგიონში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა ჟაირ ბოლოსარუმ დაიფიცა, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ამაზონის ჯუნგლების ნაწილისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მოხსნას განიხილავდა.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხდებით, დაცული ტერიტორიები, რომლებშიც აბორიგენი უმცირესობები ცხოვრობენ ზედმეტად დიდი და მაცხოვრებელთა რაოდენობასთან შეუსაბამოა. კრიტიკოსები პრეზიდენტის განცხადებას უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ რომ ეს წაახალისებს არალეგალურ სატყეო საქმიანობას, წიაღისეულის მოპოვებასა და დაცულ ტერიტორიებში შეჭრის მცდელობებს.
27 ივლისს, ჯავარუვა ვაჟაპიმ, ვაჟაპის აბორიგენული ტომის ლიდერმა განაცხადა, რომ მეტყევეებმა სოფელი მარირი დაიკავეს. მან ფედერალურ მთავრობას ჯარების რეგიონში გაგზავნის თხოვნით მიმართა.
„მეტყევეები შეიარაღებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღებით. ჩვენ საფრთხეში ვართ. არის მკვლელობებისა და სასტიკი კონფლიქტის რისკი. ვფიქრობ, ვაჯაპის ტომი სულ მალე იმოქმედებს",- აღნიშნა ტომის ლიდერმა შტატის ერთ-ერთი სენატორის, როდოლფ როდრიგესისთვის გაგზავილ ხმოვან შეტყობინებაში.
როდრიგესი, რომლის პარტიაც ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება, აცხადებს, რომ დაცულ ტერიტორიაზე შეიჭრა 50-მდე მეტყევე და უკანონოდ ოქროს მომპოვებელი, რომელთაც დაიკავეს სოფლები. მისივე თქმით, "ვითარება ძალიან სერიოზულია".
„უკანასკნელ 30 წელში, დემარკაციის შემდეგ, ეს არის დაცულ ტერიტორიებზე ძალადობრივი შეჭრის პირველი მცდელობა",- აღნიშნა როდრიგესმა ადგილობრივ გამოცემა Diário do Amapá-სთან საუბარში.
მიუხედავად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მატებისა, აბორიგენი ლიდერის მკვლელობა იშვიათი შემთხვევაა. მოკლული აბორიგენი ლიდერი იდენტიფიცირებულია.მისი გვამი მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობებით მდინარე მარირის სანაპიროსთან, ოთხშაბათს აღმოაჩინეს.
ვაჟაპის თემის 1200 მოსახლე 600 000 ჰექტარზე, ამაპას დაცულ ტერიტორიაზე, ფრანგული გვინეის მეზობლად ცხოვრობს.
ჟაირ ბოლსონარუ, რომელმაც პრეზიდენტის ოფისი 2019 წლის იანვარში დაიკავა, ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ აბორიგენ ტომებთან ურთიერთობის დაწყებასა და დაცული ტერიტორიების არსებობის საჭიროებას განხილვდა.
პრეზიდენტმა რეგიონში ტყის გაჩეხვის შესახებ გარემოს დაცვის სააგენტო Ibama-სა და ნაციონალური კოსმოსის ინსტიტუტი Inpe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
ეკოაქტივისტების განცხადებით, დაცული ტერიტორიების საკითხის გადახედვითა და მათი სტატუსის „შერბილებით" აბორიგენი მოსახლეობა გადაშენების პირას დადგება.
BBC-ის ჟურნალისტი ამაზონის ჯუნგლებში მაცხოვრებელ Uru-Eu-Wau-Wau-ს ტომს ესტუმრა, რომელიც 120 ადამიანს აერთიანებს. ტომის წევრები, რომლებიც ასწლოვანი ტრადიციებით ცხოვროვენ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგაა. სწორედ ამიტომ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე დღე და ღამე მორიგეობით პატრულირებენ. თუმცა, რაც დრო გადის, ტერიტორიაზე შეჭრის უფრო და უდრო მეტ ფაქტს აფიქსირებენ. ეს ტყე მათი სახლია, სადაც საჭმელს ნადირობით მოიპოვებენ.
ტომის წევრები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მთავრობები მათ ამ ტერიტორიების მცველად აღიქვამდნენ. თუმცა, ამჟამად ფიქრობენ, რომ მთავრობა მათ ებრძვის.
„ბოლსონარუს მიწების ხელში ჩაგდება სურს. ის ჩვენ გვაშინებს და ფიქრობს რომ ჩვენ ამ ტყეს არ ვიმსახურებთ. ის ჩვენზე ბევრს არ საუბრობს, თუმცა როდესაც ამას აკეთებს, ჩვენ და ჩვენს შვილებს უხეშად მოგვიხსენიებს. ის სწორედ ამიტომ არ მოგვწოს. ეს, სამწუხაროა",- აცხადებენ ტომის წევრები ჟურნალისტთან საუბარში.
BBC-ის ჟურნალისტი 1989 და 2019 წლის სატელიტურ სურათებს ერთმანეთს ადარებს. სხვაობა ნათელია. ტყის უზარმაზარი მასივი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებს ავსებდა, გაჩეხილია.
ჟურნალისტი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტ ბოლსონარუს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ რომ უზარმაზარი ტერიტორია, რომელსაც აბორიგენები აკონტროლებენ, მათაც ეკუთვნით. ფერმერები ზუსტად საზღვართან იმყოფებიან და მათ ტყის გაჩეხვა სურთ.
„მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს მიწა არ გააჩნია, რატომ აქვთ ამ ადამიანებს ასეთი დიდი ტერიტორია, რაში სჭირდებათ, რატომ იცავს მათ ხელისუფლება? მე მიწის მცირე ნაკვეთითაც კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ისინი ამ მცირედის გაყოფაზეც უარს აცხადებენ, სწორედ ამიტომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია",- აცხადებენ ადგილობრივი ფერმერები და მეტყევეები ჟურნალისტთან საუბარში.
ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრება არსებობს. აქ ცხოვრობენ აბორიგენები, რომლებსაც ბრაზილიის კანონმდებლობით ტერიტორიებზე პრეტენზიის ლეგიტიმური უფლებები გააჩნიათ და, აგრეთვე, ბრაზილიის მოქალაქეები, რომლებიც მიწებსა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებენ.
ამაზონის ჯუნგლებში აბორიგენი ბავშვები ტრადიციების მიხედვით იზრდებიან, თუმცა მათი მომავალი ნათელი არ არის. ხოლო ის ძალები, რომლებიც ამ მომავალს საფრთხეს უქმნიან გაჩეხილი ტყეებისა და ხელშეუხებელი ჯუნგლების საზღვარზე იმყოფებიან.