ENG / RUS

სერგეენკოს მიერ განიავებული მილიონები და ჩავარდნილი მსხვილბიუჯეტიანი პროგრამები, ახალი მინისტრის ზურგზე გადაივლის - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის  სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს.

- ბატონო სერგო, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. რას უკავშირებთ მის წასვლას, რა ასპექტებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

- ბატონი სერგეენკოს გადადგომას რამდენიმე ასპექტი გააჩნია. ჩამოვთვლი რამდენიმე ყველაზე წონად მიზეზს. ეს არის ჯანდაცვის მსხვილბიუჯეტიანი პროგრამების ჩავარდნა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ასეული მილიონობით ლარის გარღვევა აქვს. ნაცვლად პროგრამის გაფართოებისა, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს ეზღუდება ამ პროგრამით სარგებლობა, ხოლო სერვისების ჩამონათვალი სულ უფრო მცირდება. პარადოქსია, სერვისები მცირდება, მოსარგებლეების რიცხვი მცირდება, პროგრამის ბიუჯეტი კი იზრდება და პროგრამა კი მაინც დეფიციტურია, ხოლო ხარჯები კი საერთოდ უკონტროლო ხდება. კატასტროულად დაეცა ჯანდაცვის ხარისხი და ზოგიერთ რაიონში სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემაც კი დადგა უკვე. სოლიდური დავალიანება აქვს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების, რაც პირდაპირ ურტყამს ხარისხს, სამედიცინო პერსონალის ხელფასებს და ასევე, ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს.

წამლების ხარისხი და ხელმისაწვდომობის პრობლემაც ვერ მოგვარდა. არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ფარმაცევტული ბაზარი და ზოგადად სამედიცინო ბაზარი გამხდარიყო რეალურად კონკურენტული. ყოველდღიურად მზარდი ფასები მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას. სერიოზული მსჯელობის საგანია ასევე თუ რამდენად ხარისხიანი და ქმედითია ის მედიკამენტები, რომლებშიც ასეთ მაღალ ფასს ვიხდით.

ცალკე გამოვყოფ, და საერთოდ პირველ ადგილზეც კი დავაყენებ იმას, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა პირველადი ჯანდაცვის განვითარების კუთხით, მიუხედავად მრავალი დაპირებისა და განცხადებისა, რომ ეს იქნებოდა მთავრობის პრიორიტეტი.

არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ ამ სამინისტროს ბიუჯეტი არის 4 მილიარდი ლარი, ქვეყნის მთლიანი 13-მილიარდიანი ბიუჯეტიდან. ჯანდაცვის გარდა, ბატონ მინისტრს ებარა სოციალური მიმართულებაც. და თუ ჯანდაცვის პროგრამებზე ამ 4 მილიარდიდან იხარჯება 1 მილიარდი, დანარჩენი თანხის უდიდესი წილი ზუსტად პენსიებსა და სხვა სოციალურ განაცემებს ხმარდება. სოციალური მიმართულება კი სრულად ჩავარდა, რაც თვითონ სამინისტრომაც აღიარა. ბევრ სეგმენტში სიღარიბე გაიზარდა ქვეყანაში, რასაც ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებიც. არაფერს ვამბობ სოციალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებზე და იმ არაადამიანურ პირობებზე, რომელშიც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა. ზუსტად ამას მოჰყვა  სოც.მუშაკების მასობრივი გაფიცვა და სფეროს პარალიზება. სხვათა შორის, სოც. მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების უმეტესობა სერგეენკოს არ შეუსრულებია.

ჩავარდნებია სხვა სახელმწიფო პროგრამებშიც. მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც ჩავარდა, როგორც 2017, ასევე  2018 წლებშიც, ასევე,  2019 წლის გეგმის 7%-იც არ არის შესრულებული განვლილი თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. ვერ სრულდება ასევე „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამა. აქაც ვერ გავიდა სამინისტრო სასურველ შედეგებზე და ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობის პაციენტების ჩართვა პროგრამაში. რამდენიმე ათასი სამკურნალო დოზა კი უბრალოდ გადაყარეს ვადაგასულობის გამო. თითო სამკურნალო დოზის  საბაზრო ღირებულება კი 80 000 დოლარი ღირს. ანუ, საუბარია, კოლოსალური თანხების განიავებაზე.

-თუმცა, სხვა მინისტრების ფონზე მას მაინც მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა მისი ზუსტად ახლა, ამ მაღალი რეიტინგის ფონზე გაშვება?

- სერგეენკოს რეიტინგი მართლაც ყველაზე მაღალი იყო მინისტრებს შორის. ამას ადასტურებს NDI ბოლო კვლევაც, რომლითაც მას 40%-იანი პოზიტიური რეიტინგი ჰქონდა. თუმცა გაგახსენებთ, რომ იმავე კვლევებით, მისი პოზიტიური რეიტინგი 65% საც კი აღწევდა 2 წლის წინ. ასე რომ, აქაც დაღმასვლის ტენდენცია სახეზეა. და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდებოდა ზემოთაღნიშნული დაგროვებული მრავალი პრობლემის ფონზე. მიუხედავად ამისა, მაინც გეთანხმებით რომ მაღალი იყო მისი რეიტინგი და პოლიტიკურად კითხვებს იწვევს რატომ გაუშვეს სწორედ ახლა. ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, შიდა გარჩევები და ფინანსების გადანაწილება ოლიგარქის კარზე, სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მესამედს. ასე, რომ საუბარია კოლოსალურ თანხებზე, საიდანაც ასეული მილიონები ისე იხარჯება, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. მეორე გარემოება, 

არ გამოვრიცხავ, რომ სერგეენკო გაიყვანეს თამაშიდან დროებით, იმ პოზიტიური რეიტინგით, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს, ანუ მას ინახავენ უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ მას დატოვებდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაგროვილი პრობლემები და ჩავარდნები უახლოეს 1 წელიწადში ისევ ბატონი მინისტრის რეიტინგზეც აისახებოდა ნეგატიურად და 2020 წლის არჩევნებისთვის „წარმატებული“ მინისტრიც არ ეყოლებოდა ოცნებას. ასე, რომ ამ სვლით შეიძლება მას ინახავენ უკვე სამომავლო არჩევნებისთვის. მესამე გარემოება, რთულია ხშირად რამე ლოგიკით ახსნა ოლიგარქის კარზე გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა. მითუმეტეს, ვიცით, რომ ოლიგარქ ივანიშვილს სჩვევია ადამიანების შეძულება, ისევე, როგორც ფავორიტიზმი.

-მინისტრის ცვლილებით, რას უნდა ველოდოთ?

- საბოლოო ჯამში, მე არ ვთვლი რომ რამე განსაკუთრებულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ სერგეენკოს წასვლით. ზოგადად, ქართული ოცნების მავნე და კორუფციული პოლიტიკის შედეგია ის რომ, მიუხედავად, მრავალმილიარდიანი დანახარჯებისა ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, ეს მილიონები და მილიარდები ვერ მიდიან იმ ადამიანებთან, რომლებისთვისაც გამოყოფილია. ხოლო ის პრობლემები, რაც სერგეენკომ  დატოვა კიდევ უფრო გამწვავდება და თავს იჩენს და დიდწილადაც,  ზუსტად ახალი მინისტრი იქცევა განტევების ვაცად, რადგანაც ის გადაუჭრელი  პრობლემატიკა და მზარდი უკმაყოფილება, ზუსტად ახალი მინისტრის ზურგზე გადაივლის.