28 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.
"ხვალ დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა საპარლამენტო ასამბლეაზე და პრეზიდენტი უკვე ეროვნული პოზიციიდან წარსდგება და ექნება შესაძლებლობა ისაუბროს ფართოდ ოკუპაციაზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, ბორდერიზაციაზე, იმაზე თუ რა ჰუმანიტარულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთლიანად ყოვლისმომცველი მიმოხილვა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 27 იანვარს გაიხსნა და 31 იანვრამდე გასტანს.