სულ ცოტა დრო რჩება ინდოეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ინდოეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, არჩევნები 14 აპრილს დაიწყება და გასტანს 19 მაისამდე. არჩევნები 7 ეტაპად გაიმართება. ხმების დათვლას ცენტრალური საარჩევნო კომისია 23 მაისიდან შეუდგება.
ამომრჩევლები ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ქვედა პალატის, „ლოკ-საბჰის“ მე-17 მოწვევის დეპუტატებს აირჩევენ.
„ლოკ-საბჰის“ წევრები აირჩევიან მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე პირდაპირი, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის შედეგად.
კონსტიტუციის თანახმად, ლოკ-საბჰის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება - 543 დეპუტატით. ლოკ-საბჰა ირჩევა 5 წლის ვადით.
მთავრობის ფორმირებისთვის კი 272 მანდატის მოპოვებაა საჭირო. გამარჯვებული პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თუ უმრავლესობას (272 მანდატს) ვერცერთი პარტია მოიპოვეს, დაიწყება კოალიციური მთავრობის ფორმირება.
პარლამენტის ქვედა პალატაში დამატებით ორ წევრს პრეზიდენტი ბრიტანული წარმოშობის ინდოელთა საზოგადოებიდან წარადგენს, ნიშნად იმისა, რომ ბრიტანული კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ, მათი საკანონმდებლო წარმომადგენლობა ადეკვატურად არის დაცული.
ამჟამად, ინდოეთის მმართველი პარტია „სახალხო პარტიაა“, რომელსაც სხვაგვარად ბჰარატია ჯანატა ეწოდება. ქვეყანას კი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი მართავს. მოდის პარტია ქვეყნის სათავეში 2014 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა და 2019 წლის არჩევნებშიც გეგმავს გამარჯვებას.
„სახალხო პარტიისა“ და პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის მთავარი კონკურენტი ინდოეთის ყველაზე დიდი და ხანდაზმული პოლიტიკური გაერთიანების „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ ლიდერი რაჰულ განდია.
რაჰულ განდი ინდოეთის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი პოლიტიკური დინასტიის - განდების გვარის წარმომადგენელია. რაჰულ განდი ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის შვილია. დედამისი სონია განდი, მეუღლის რაჯივ განდის გარდაცვალების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა იტალიური წარმოშობის გამო უარის თქმა მოუწია პოლიტიკურ ლიდერობაზე.
რაჰულ განდის ბებია ინდირა განდი ინდოეთის პირველი ქალი ლიდერი იყო და ქვეყანას 1966-1977 და 1980-1984 წლებში განაგებდა მის მკვლელობამდე.
რაჰულ განდის დიდი ბაბუა კი იყო ყველასთვის ცნობილი ჯავჰარლალ ნერუ , ინდოეთის „დამფუძნებელი მამა“, დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის პირველი პრემიერ მინისტრი 1947-1964 წლებში.
საპარლამენტო არჩევნებში ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიაც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ძირითად მოთამაშეებად „სახალხო პარტია“ და „ინდეოთის ეროვნული კონგრესი“ რჩებიან.
2014 წლის არჩევნებში სულ 464 პოლიტიკური გაერთიანება და 8000-ზე მეტი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 900 მლნ მოქალაქეს აქვს. 18 წლის ასაკს მიღწეულ ყველა ინდოელს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. 2014 წელს ამომრჩევლად რეგისტრირებული იყო 830 მლნ მოქალაქე, საიდანაც არჩევნებში მონაწილეობა 550 მლნ-მა ინდოელმა მიიღო.