თარიღი    დრო

რა კრიტერიუმებზეც უნდა ვილაპარაკოთ, თვალებში ნაცრის შეყრაა, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება - ეკა გიგაური

საქართველო, თბილისი - 17:28 01.17.2019 1130

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ამბობს, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კრიტერიუმებზე საუბრის დაწყებით  „ცდილობენ, რომ  ეს პრობლემა რაღაცნაირად შეფუთონ, მათ შორის, კრიტერიუმებითაც და ახლა სიიდან თუ მხოლოდ ჩინჩალაძეს ამოიღებენ და სხვებს გაიყვანენ, არც ეს არის გამოსავალი, რადგან ეს ხალხი ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან და ჩინჩალაძეს მათი გაყვანა უნდოდა“.

რატომ არის გადამწყვეტი  უზენაესი სასმართლოს კანდიდატების საკითხი, რა პრობლემები ექმნება ქვეყანას და როგორ უნდა მოგვარდეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით  „ჯი-ეიჩ-ენი“  ეკა გიგაურს ესაუბრა.

-  ის, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მოხდა, ეს იყო ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ სასამართლოში არის ადამიანების ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომელიც  ძალაუფლებას ხელში იგდებს და ამაში მათ მმართველი პარტია ეხმარება, როგორც ზოგადად მხარდაჭერით იმიტომ,  რომ საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც პირდაპირ კავშირზე არიან მათთან და ფაქტობრივად, ე.წ. მესენჯერებად გამოიყენებიან მთავრობასა და სასამართლოს შორის და ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში.  

სასამართლოს რეფორმა ხომ წარმატებულად დაიწყო, ამას არასამთავრობო სექტორიც ამბობდა და სად მოხდა ამ გზიდან გადახვევა, რომ საბოლოოდ  „რეფორმირებული სასამართლო“  ამ მდგომარეობაში მივიღეთ

-  რა თქმა უნდა,  თუკი  რეფორმაზე ვისაუბრებთ, ყველაზე პოზიტიური იყო პირველი ტალღის რეფორმა, მაშინ ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება  იქნა მიღებული, მაგრამ იმის შემდეგ უკვე ისეთი ტენდენცია იყო,  რომ მმართველი პარტია  ნელ-ნელა ასრულებდა იმ დავალებას და იმ შეკვეთას, რომელიც ჰქონდა ზუსტად ამ ე.წ. კლანს მას შემდეგ, რაც ამ კლანმა დაალაგა ურთიერთობები. გვახსოვს, რომ მურუსიძეს ჰქონდა შეხვედრები ივანიშვილთან, გახსოვთ, რომ ამ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს დახურულ კარს მიღმა ჰქონდა შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, რომელსაც არ ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და შესაბამისად, ეს ყველაფერი გარედანაც ისე ჩანდა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა ამ ოდიოზურ მოსამართლეებთან ლაგდება. კითხვა არის, თუ რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი და იმისთვის, რომ ეს ადამიანები ძალიან წარმატებულად მართავდნენ სასამართლო სისტემას ადეიშვილის დროს, წინა ხელისუფლების დროს და მათ უკვე აქვთ გამოცდილება იმისთვის, რომ იგივე გააკეთონ ამ ხელისუფლების პირობებში.

- წინა ხელისუფლების დროს პრობლემა იყო ის, რომ ხელისუფლების წნეხის ქვეშ იყო სასამართლო, დღეს კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო და მმართველი გუნდი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთმანეთს იყენებენ და ერთმანეთს აიძულებენ, რომ გააკეთებინონ ის, რაც მათ აწყობთ. ეს რამ განაპირობა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

-  მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილის დროს ჩვენ სასამართლო საერთოდ არ გვქონდა. მოსამართლეების მიმართ ნდობა ნამდვილად არ იყო და სასამართლო იყო პროკურატურის გაგრძელება და როგორც ასეთი, სასამართლო სისტემა არ გვქონია იმ პერიოდში. გვახსოვს გამამართლებელი განაჩენის ძალიან დაბალი სტატისტიკა. მაშინ პრობლემა ისიც იყო, რომ პროკურატურას როგორი შუამდგომლობაც არ უნდა დაეყენებინა, ამ შუამდგომლობას მოსამართლეები ასრულებდნენ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი გვეუბნებოდნენ იმაზე, რომ მათ უტარდებოდათ სპეციალური თათბირები, სადაც მათ ეუბნებოდნენ, რომ რასაც ითხოვდა პროკურატურა, ეს უნდა შეესრულებინათ და სასჯელის განსაზღვრისას ლავირების საშუალება მხოლოდ 6 თვის ფარგლებში ჰქონდათ. ეს იყო ის სასამართლო, რომელიც ჩვენ გვქონდა, ცხადია, პოლიტიზირებული და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ უნდა გვესწავლა იმ შეცდომებზე, რაც წინა წლებში გვქონდა და დავინახეთ, რომ ყველა მოსამართლის გაშვებით პრობლემა არ გვარდება. ამიტომ ჩვენ ამ ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ პირველ რიგში შეეცვალათ კანონები და შემდეგ უკვე ახალი კანონებით - ახალი რეგულაციებითა და ახალი კრიტერიუმებით აერჩიათ უკვე ღირსეული მოსამართლეები, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდისთვის - 2014 წლის ბოლოსთვის ყველა მოსამართლეს ისედაც გაუვიდოდა ვადა. ანუ, ეს იქნებოდა ძალიან ბუნებრივი პროცესი და ჩვენ ძალიან კარგ სიტუაციაში ვიქნებოდით, რომ გავუშვებდით ჩინჩალაძეს და მურუსიძეს და მათ მსგავსებს და მოვიყვანდით სხვა მოსამართლეებს და იმასაც დავტოვებდით, ვინც იმ პერიოდში  ინარჩუნებდა სახეს. ამით ვაჩვენებდით სწორ მაგალითს იმ ადამიანებს, ვინც სისტემაში დარჩებოდნენ. ეს შანსი „ოცნებამ“ არ გამოიყენა იმიტომ,  რომ ამ პერიოდისთვის უკვე მთლიანად დალაგებულები იყვნენ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან, რომლებიც უკვე იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრები და ხელისუფლება უკვე ცდილობდა, მიეღო ისეთი კანონები, რომელიც მათ უფრო მეტ ძალაუფლებას მიანიჭებდა. ანუ, მათ ჰქონოდათ უფლება, დაენიშნათ და გაეთავისუფლებინათ მოსამართლეები, მათთვის დაეკისრებინათ დისციპლინარული პასუხისმგებლობა, ასევე დაენიშნათ მოსამართლეები, გადაეწყვიტათ, ვინ ისწავლიდა მოსამართლეების სკოლაში და ა.შ.  ანუ მთელი ძალაუფლება დღეს უკვე არის ამ ადამიანების ხელში და რა თქმა უნდა,  ეს მათ აძლევს საშუალებას, რომ ერთგვარი შანტაჟი განახორციელონ ხელისუფლებაზე და მახსოვს, რომ „ოცნების“ კულუარებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  მათ ჩინჩალაძე ეუბნებოდა, რომ, თუ მე გამიშვებთ სასამართლოდან, სისტემაში იქნება კორუფცია და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ კორუფციის გავრცელებას წინ აღუდგება და სინამდვილეში ის გახდა კორუფციის წყარო და კორუფცია არ არის  მხოლოდ ქრთამის მიცემა და კორუფცია არის გავლენებით ვაჭრობა, რასაც დღეს ადგილი აქვს.

- სასამართლოსთან დაკავშირებით დღეს ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი?

-  გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა  რომ გაიზარდა, ამის ორი მიზეზია.  პირველი ის, რომ თავად პროკურატურაც არ არის იმდენად კვალიფიციური, რომ გამართული საქმე წაიღოს სასამართლოში და ეს არის ჩვენი პროკურატურის ძალიან დიდი პრობლემა, რაც კიდევ ცალკე საკითხია იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში თუკი ყველა მტკიცებულება არ არსებობს, საქმე სასამართლოში არ მიდის. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ყველა საქმეზე დავალებები არ ეძლევათ მოსამართლეებს. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი სასამართლო წინააღმდეგობას ვერ უწევს გარეგავლენებს. როდესაც არის საზოგადოებისთვის სენსიტიური, პოლიტიკურად სენსიტიური საქმე, ამ შემთხვევაში სასამართლო იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს მმართველ პარტიას და ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ასეთი ფაქტები იყო ბევრი. მათ შორის ის, რომ არაერთგვაროვანი და შერჩევითი მიდგომები აქვთ  მსგავს საქმეებთან მიმართებაში, ჩემი საქმე არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც მე ვუჩივლე ხაინდრავას და სასამართლომ დაადგინა, რომ კი, მე არ მქონდა არანაირი კავშირი იმასთან, რაზეც ხაინდრავა საუბრობდა, მაგრამ ის, უბრალოდ, თავის აზრს  გამოთქვამდა მაშინ, როდესაც ის ახდენდაჩემს ცილისწამებას. სხვა მსგავს საქმეებზე კი სასამართლომ აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ცილისმწამებელს პასუხისმგებლობა დაეკისრა.

- უზენაესი სასამართლოს მიმართ რატომ არის ასეთი განსაკუთრებული ინტერესი, ეს იყო ის სფერო, სადაც არ ჰქონდათ გავლენა თუ კიდევ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე?

-  ფაქტია, რომ უზენაეს სასამართლოში მათ ასეთი გავლენები არ ჰქონდათ და ამიტომ ეს კლანი ახლა უკვე ცდილობს, შეაღწიოს უზენაეს სასამართლოშიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ოცნების“ რა პასუხისმგებლობაა, გარდა იმისა, რომ ამ კლანთან ურთიერთობას ალაგებდნენ და ისეთ კანონებს იღებდნენ, რაც მათ აწყობდათ, მე  ასევე გავიხსენებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს, როდესაც გასაგებია, რომ ერთი მხრივ,  პრეზიდენტმა კანდიდატურა არ დაასახელა, მაგრამ მეორე მხრივ,  „ოცნება“ ამბობდა , რომ ისინი არანაირ კონსულტაციაზე არ წამოვიდოდნენ და არ შეეცადნენ, რომ ვინმე გარე პირი დაენიშნათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის - საზოგადოებისთვის, ხალხისთვის,  სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავარი იყო, რომ ეს პირი ყოფილიყო ჩინჩალაძის კლანის გარედან მოყვანილი. „ოცნებამ“ კი არაფრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ  მომხდარიყო და ეს ძალაუფლებაც და ეს შესაძლებლობაც გადასცა ამ კლანს და დღეს ისინი უკვე ცდილობენ, რომ მათი კადრები გახდეს უზენაესის სასამართლოს წევრებიც და მერე უკვე ისინი აირჩევენ თავმჯდომარესაც.  ანუ, ეს არის გრძელვადიანი გათვლა და  მათთვის ძალიან კარგად მოფიქრებული.

-  ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებისთვის უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები. რამდენად იქნება ეს საკმარისი და გამოასწორებს თუ არა ეს ამ პრობლემას?

-  ჩვენთვის, როგორც არასამთავრობო სექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს დახვეწილი და რა თქმა უნდა, რაც კარგად გავწერთ კრიტერიუმებს, ეს უკეთესი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ისეთი სიტუაცია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ამ ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, რომ კანონებით გვებრძოლა, მაგრამ ამან არ იმუშავა, რადგან პირველ და მეორე ინსტანციაში როდესაც ინიშნებიან ადამიანები, იქაც არის გარკვეული კრიტერიუმები, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია, იყოს კეთილსინდისიერი და ა.შ., მაგრამ ამის მიუხედავად, მურუსიძე უვადოდ დაინიშნა და ეს ყველას ავიწყდება. თითქოს დღეს გადაფარვა ხდება სიებით და კრიტერიუმებით იმ თემის, რომ  მურუსიძე უვადოდ დაინიშნა და ეს არის ზუსტად  ჩვენი სასამართლოს დიაგნოზი, რომ ადამიანი, რომელიც იმ ყველაზე დიდ უსამართლობასთან არის ასოცირებული, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, უვადოდ დაინიშნა. მან ფორმალურად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ანუ, ამაზეა აქ საუბარი,  რომ  ჩვენ რაც არ უნდა კრიტერიუმებზე ვილაპარაკოთ, თვალებში ნაცრის შეყრაა, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ სასამართლოში მართლა ღირსეული მოსამართლეები შევიდნენ.  ვინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დახურულ კარს მიღმა არ ჰქონდა შეხვედრები იგივე მიქაუტაძესთან და სხვებთან, ეს სია ისე ხომ არ დაიწერა, ამაზე ვიღაცეებს „ქართულ ოცნებაში“, ვინც ჩინჩალაძესთან ამ კლანთან ახლო ურთიერთობაში არიან,  სულ ცოტა,  ინფორმაცია ხომ მაინც ექნებოდათ? ამიტომ  აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა და ჩვენ რომ არ დაგვეწყო  საუბარი და ძალიან კრიტიკულები და მწვავეები არ ვყოფილიყავით, ეს სია ისე გავიდოდა დეკემბერში, რომ არც არაფერი არ მოხდებოდა. ამიტომ ამას ვუკავშირებ ზუსტად იმ კამპანიას, რომელიც ახლა ჩვენს წინააღმდეგ მიდის.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ახლა ცდილობენ, რომ  ეს პრობლემა რაღაცნაირად შეფუთონ, მათ შორის, კრიტერიუმებითაც და ახლა სიიდან თუ მხოლოდ ჩინჩალაძეს ამოიღებენ და სხვებს გაიყვანენ, არც ეს არის გამოსავალი, რადგან ეს ხალხი ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან და ჩინჩალაძეს მათი გაყვანა უნდოდა  იმიტომ, რომ ისინი მის დავალებებს შეასრულებენ. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის დროსაც ასევე იქცეოდნენ და ვინ იქნება მათი უფროსი, ყველას ემსახურებიან, ასეთი ხალხი არ გვჭირდება. აქ ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 20 ადამიანზე და მათ გამო მთელი სასამართლო კორპუსი ილანძღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანარჩენ მოსამართლეებს სიტყვის თქმის საშუალება მივცეთ. ისინი ხმას ვერ იღებენ, რადგან მათ ხელშია მათი დანიშვნაც და მოხსნაც და ვინც ხმა ამოიღო, კი გაუშვეს სასამართლოდან.  ეს ოცი კაცი აკონტროლებს და შანტაჟის ქვეშ ჰყავთ ეს მოსამართლეებიც, მმართველი პარტიაც და მთელი ქვეყანაც.

- იუსტიციის საბჭოს დაშლა არის გამოსავალი?

- მე მგონია, რომ არის. ცხადია, სხვა მურუსიძეები და ჩინჩალაძეები შეიძლება, მოიყვანონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს ექნება ადგილი, რომ ისინი რასაც ეუბნებიან მოსამართლეა კორპუსს, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები და ჩვენს ანგარიშებშიც  წერია, რომ  ისინი „ბოსები“ არიან და მათთან უნდა დალაგდეს ყველაფერი, არ არის ასე და ქვეყანაში მოქმედებს სამართლიანობა და კანონი.

ამასთან ერთად კი მეორე ნაბიჯი უნდა იყოს რეფორმების მეორე და მესამე ტალღაზე მიბრუნება და იქ გარკვეული ცვლილებების შეტანა იმიტომ, რომ  აუცილებელია კანონში იმ ცვლილებების შეტანა, რომ იუსტიციის საბჭოში ვინც არ უნდა იყოს, ასეთი უფლებები არ ექნება, რომ აშანტაჟოს ქვეყანა. ეს ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს სხვებზე. მაგალითად, ამის კარგი მაგალითია  სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა. რატომ ნიშნავს საბჭო მათ, თავად სასამართლოს შეუძლია, აირჩიოს თავმჯდომარე. ძალაუფლების ასეთი გადანაწილებით შესაძლებელი  იქნება, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს საბჭოში, მათ არ ექნებათ ისეთი ძალაუფლება, რომ სისტემურად მოახდინონ გავლენა მთელ სასამართლოზე. სხვათა შორის,  თავად ეს კლანი სწორედ ამ უფლების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა და თავის დროზე იუსტიციის სამინისტროს პროექტში ეს ეწერა, მაგრამ მათ „ოცნებას“ ამის შეცვლაც მოსთხოვეს. ჩვენ ეს პარლამენტში შეტანილი გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს. ყველა რეფორმის დროს შეგვქონდა და ახლაც შეტანილი გვაქვს.

- იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ, თუკი იუსტიციის საბჭო დაიშლება, მათ მაგივრად  ისეთ ხალხს დანიშნავენ, ვინც ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები და ამბის გამომტანიც კი აღარ დარჩებაამის საფრთხე ხომ მართლაც რეალურად არსებობს და თქვენ ეს გათვალისწინებული გაქვთ?

-   ჩვენ არ ვამბობთ, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს, ჩვენ ვამბობთ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაუჭირეს ამ 10-კაციან სიას, პლუს მურუსიძე და ჩინჩალაძე, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. დღეს  კანონით მათ ვერ გავათავისუფლებთ,   თუ არ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მიუხედავად  იმისა, რომ ძალიან საფუძვლიანი ეჭვებია მათ მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის შესახებ, პოლიტიკური ნება რომ იყოს, ძალიან კარგადაც გამოირკვეოდა, ვინ ვისთან ლაპარაკობს და  ვინ ვის აძლევს დავალებებს. ჩვენ გარედან ერთადერთი რა ბერკეტიც შეიძლება, გვქონდეს, არის საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ ადამიანებს ამაზე ძალიან მკაფიო და კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ.  ეს ძალიან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, რადგან როგორი უწყებებიც არ უნდა გვქონდეს, თუ სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება გადაჭრილი. როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს  იგივე შსს ან პროკურატურა ან სხვა უწყებები, საბოლოოდ ყველა საქმე მიდის სასამართლოში და, თუკი სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე, ეს იმდენად დიდი პრობლემა აღარ იქნება. ამიტომ ვლაპარაკობთ ამდენს სასამართლო სისტემაზე და  ამიტომ  გვტკივა გული, რომ  „ქართულ ოცნებას“  ჰქონდა შანსი, მართლა კარგი რეფორმები ჩაეტარებინა და მათ ეს არ გამოიყენეს.

საზოგადოებამ როგორ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ ეს პოლიტიკური ნება გამოავლინოს?

- ამ კრიტერიუმებზე  საუბარი, ცხადია, ერთგვარი ყურადღების გადატანის მცდელობაა და ყველას დაავიწყდა, რომ მურუსიძე უვადოდ არის დანიშნული და ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოცი წელი ჩვენ ამ ადამიანს ვერ შევეხებით და ასევე უვადოდ დაინიშნა მოლაშვილის მოსამართლე, რომელსაც ასევე ვერ შევეხებით, თუკი არ გამოვლინდა პოლიტიკური ნება და გამოძიება არ დაიწყო და ა.შ.  რაც შეეხება იმას,  თუ როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ  პოლიტიკური ნება გამოავლინოს, არის ის ბერკეტი, რომ  ხელისუფლებას დღეს ორი რამ აინტერესებს - ერთი არის ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოების უმეტესობა და რამდენად მკაფიო და მწვავე დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას ამასთან მიმართებაში ყველანაირი ფორმით, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის, გამოსვლებით, აქტიობებით და ა.შ. მეორე კი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება. ეს არის ორი, ასე ვთქვათ, ორი შემაკავებელი ფაქტორი. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს დონორებთან და მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას ავუხსნათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დაინიშნა უკვე და ახლა ვინ უნდათ, რომ დაინიშნონ და ეს რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მართლაც ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, არ ვიცით,  საზოგადოება არის თუ არა მზად, რომ ეს აქციებით გააპროტესტოს და ამას ვნახავთ, რადგან ვფიქრობთ, აქცია ხომ არ მოვაწყოთ, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები ამით დაინტერესდნენ. გასაგებია, რომ საზოგადოებისთვის  სოციალური საკითხები უფრო მტკივნეულია, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ   ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა და ყოველდღიურად იმაზე ფიქრი უხდებათ, თუ როგორ იშოვონ საჭმლის ფული, თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარება მთლიანად პირდაპირ  არის დამოკიდებული ამ ყველაფერთან, რადგან, თუ  ნორმალური სასამართლო სისტემა არ გვექნება, არც ინვესტორი ჩამოვა და არც ეკონომიკა არ განვითარდება.

- ხელისუფლების  მხრიდან თუ არის მცდელობა, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან?

- ბოლო პერიოდში ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ გვქონია ისეთი თანამშრომლობა, რომ შეგვძლებოდა, მნიშვნელოვანი  ცვლილებები შეგვეტანა.  არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ხელისუფლება გამოვიდა და თქვა, მზად  ვართ, რომ ცვლილებები განვახორციელოთო, მაშინ შევთავაზეთ  ე.წ. ათი ნაბიჯის გადადგმა, რომ კონკრეტული მიმართულებებით კონკრეტული ცვლილებები განხორციელებულიყო, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება თანამშრომლობას, ზედაპირული რამ შეიძლება, გაითვალისწინონ, მაგრამ მთავარი არსებითი საკითხების ცვლილებაა, რასაც, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ. უფრო მეტიც, ხომ ხედავთ, ახლა ისევ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია და არსებით პრობლემებზე რომ ვსაუბრობთ, ჩვენ გვეუბნებიან,  „ნაციონალური მოძრაობის“ მართულები ხართო და არ მესმის, როგორ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მართულები, როდესაც ჩვენ ვცდილობთ იმ მოსამართლეების მოცილებას, რომლებიც სწორედ  „ნაციონალებს“ ემსახურებოდნენ და ახლა თავად  აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს ხალხი ისევ დანიშნონ უვადოდ და მათ აკონტროლონ სისტემა.    

რუსა მაჩაიძე, „ჯი-ეიჩ-ენი“

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%