ENG / RUS       12+

28 ოქტომბრის არჩევნები და ვლადიმერ პუტინის „გენეტიკური იარაღი“

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. „ვალდაის ფორუმზე“, რომელიც ევრო-ამერიკელ „სასარგებლო იდიოტთა“ და თავის საქმეში (!) კვალიფიციურ რუს „გეოპოლიტოლოგთა“ უკვე ტრადიციულად ქცეული თავყრილობაა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე გამაოგნებელი განცხადება  გააკეთა. ჯერ ერთი, მან თქვა, რომ თუ ვინმე  ომს წამოიწყებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და შედეგად ისინი  უბრალოდ ჩაძაღლდებიან, ჩვენ კი ვცხონდებითო“.

უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდეთ აი ამ ვიდეოზე    რუსეთის ავტოკრატი მმართველის „ბოდილენგვიჯს“. ეს არის „ენა“, რომლითაც პუტინი, ვინც „Forbs"-მა რამდენჯერმე დაასახელა „მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად“, დასავლეთს ეუბნება: თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ რუსულ ბანკებს დოლარით ოპერირება აეკრძალებათ, თუ SWIFT-ის საბანკო გადარიცხვათა სისტემა დაიბლოკება, თუ უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭებისას კიევო-პეჩორის ლავრასა და სხვა მნიშვნელოვან ეკლესია-მონასტრებს წაართმევენ რუსულ ეკლესიას, თუ საქართველოს დასავლურ სამხედრო სისტემებში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება.......მაშინ კრემლი უკან არაფერზე დაიხევს, ხოლო დასავლეთი, ბირთვული აპოკალიფსის შიშით, იძულებული გახდება ისევე „შორიდან უყუროს“ გაცოფებული დათვის ქმედებებს, როგორც 2008 და 2014 წლებში.

ჩვენთვის კი, ბევრად უფრო შემაშფოთებელია მეორე განცხადება, რაც კრემლის ბინადარმა გააკეთა. კერძოდ, იგი კვლავ დაესხა თავს ე.წ. „ლუგარის ლაბორატორიას“, სადაც, მისი თქმით „შესაძლოა გენეტიკურ იარაღს ამზადებდნენ“: არის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ შერჩევით იმოქმედონ ადამიანზე - ეთნიკური ჯგუფისადმი მისი კუთვნილების შესაბამისად.......ორი-სამი თაობის შემდეგ ცვლილებები შეუქცევადი ხდება.....ვირთხებზე (!) ცდები უკვე ტარდება.....“ (гр(Ы)зуны - ასე უწოდებენ რუსი შოვინისტები ქართველებს -ნ.ი.)

შემდეგ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვიც დაიწყებს გენეტიკური  იარაღის დამუშავებას და/ანუ „რამე რომ იყოს“ გამოიყენებს კიდეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმის გათვალისწინებთ, რომ ეს გამაოგნებელი ტირადა საქართველოსთან მიმართებაში „გაჟღერდა“,  ეჭვს არ იწვევს მისი დამცინავ-ირონიული ქვეტექსტიც. ანუ, პუტინი შეფარვით გვეუბნება ქართველებს: კავკასიაში ყველასთან (აზერბაიჯანელებთან, აფხაზებთან, სომხებთან, ოსებთან, ჩეჩნებთან) გამოვნახეთ საერთო ენა და ქართველები რა გახდით ასეთი - თქვენ „სპეციფიურად მოგივლითო“.

ზოგადად, პუტინს ახასიათებს „შავი“ ანუ „ბოროტი“ იუმორი და ეს არაერთგზის გამჟღავნებულა სხვადასხვა თემაზე.  ასეთი ზღვარგადასული განცხადება კი ნიშნავს მხოლოდ ერთს: მოსკოვი, რასაკვირველია, თავად მუშაობს ამგვარ იარაღზე იმავე „მოდერნიზაციის“ ფარგლებში, როგორც „ნოვიჩოკი“ განავითარა სსრკ დაშლის შემდეგ.

მეცნიერებს შორის არ არის მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული აზრი, შესაძლებელია თუ არა „გენეტიკური იარაღის“ შექმნა. თეორიულად შესაძლებლად ითვლება. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბარი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ პუტინი მიზანმიმართულად გვემუქრება! მან ხომ ძალიან კარგად იცის, რა ხდება „ლუგარის ლაბორატორიაში“: მოსკოვმა იქ დიდი ხანია შეაგზავნა ან დაავერბოვკა „შტირლიცები“, რომლებიც ზუსტ ინფორმაციას უგზავნიან რუსულ ГРУ-ს. ანუ, მოსკოვში იციან: არანაირი „გენეტიკური იარაღი“ იქ არ იწარმოება და არც რაიმე კვლევები მიდის ამ მიმართულებით, და რომ არავითარი კავშირი ამ ლაბორატორიას „ღორის გრიპთან“ ან ფაროსანასთან არა აქვს, ხოლო  ეს ლაბორატორია, - ისევე, როგორც ანალოგიური ლაბორატორიები, სომხეთში(!), უკრაინაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, - მხოლოდ დაავადებათა პრევენციის მიზნით იქმნება. მაგალითად სწორედ ეს ლაბორატორია იქცა საკვანძო ელემენტად „С ჰეპატიტის“ უფასო მკურნალობის შესანიშნავი პროგრამისა, რომელიც არა იმდენად „ოცნების“ ხელისუფლების, რამდენადაც ამერიკის მთავრობის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნამდვილად იცის ეს ყოველივე სავარძელში მედიდურად „გადაფლაშულმა“, ყოვლისშემძლეობისა და უძლეველობის რწმენით აღვსილმა „იმპერატორმა“. მაგრამ მაინც ამბობს. რატომ? არა მხოლოდ იმ მიზნით, რათა ამერიკელები გააფრთხილოს,  მეტისმეტად არ „შემოვიდნენ“ საქართველოში, რაკი გახშირებული სამხედრო წვრთნები, ქართული ჯარისთვის „ჯაველინების“ გადმოცემა და ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აბრაზებს, არამედ იმ მიზნითაც, რათა ჩართოს საქართველო რუსეთ-ამერიკის გლობალური ურთიერთქმედების სისტემაში, ოღონდ  ჩვენთვის წამგებიანი რაკურსით.

ეს საკმაოდ რთული თემაა.

დავაკვირდეთ, რა ფონზე გააკეთა პუტინმა ეს აგრესიული განცხადება „საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის“ შესახებ: მოსკოვმა ყველაფერი იღონა, ამერიკა გასულიყო „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტათა აკრძალვის“ ეპოქალური შეთანხმებიდან, რომელსაც 1987 წელს მოაწერეს ხელი ვაშინგტონში სსრკ იმდროინდელმა მმართველმა, მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა. რუსული რაკეტა SS-26 „ისკანდერი“, რომლითაც 2008 წლის 12 აგვისტოს გორი დაიბომბა, რეალურად არა 500 კილომეტრს, არამედ ბევრად შორს სწვდება.

ბუნებრივია, ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტოვებს 1987 წლის ხელშეკრულებას; მოსკოვში ჩადის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ერთადერთი მიზნით: რათა პუტინსა და მის გარემოცვას ოფიციალურად ამცნოს 1987 წლის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ხოლო მოსკოვიდან ჩამოდის კავკასიაში, მათ შორის საქართველოში.

 ანუ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თვით ამერიკასაც ემუქრება უკრაინასა თუ კავკასიაში აგრესიის განახლებით. და რაკი ამერიკის რაიმენაირად „მიბმა“ აფხაზეთის ან „ოსეთის“ კონფლიქტოგენურ პრობლემებთან ვეღარ მოხერხდება, „ამერიკული ლაბორატორია“ გამოიყენება საბაბად.

თანაც (აი ამ მომენტს დავაკვირდეთ) ოფიციალურად ეს ხომ არ არის „ამერიკული ლაბორატორია“?!  უკვე დიდი ხანია იგი გადაეცა საქართველოს  და პროპაგანდისტული ისტერიით მოსკოვი მისთვის წაუგებელი თამაშს იწყებს: ან აიძულებს ვაშინგტონს, მუდმივად იმართლოს თავი „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით, ან ქართველები გაანაწყენოს ამერიკელ მოკაშირეებზე იმით, რომ ვაშინგტონი, მართლაც,  ისე არ სცემს პასუხს მის გამაოგნებელ ბრალდებებს, როგორც საჭიროა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, ნამდვილად ასეა: რუსულ არხებზე, თვით პუტინის და უმაღლესი სამხედრო გენერალიტეტის მონაწილეობით, გრძელდება აგრესიული ისტერია „ამერიკულ ლაბორატორიასთან “ დაკავშირებით: თითქოს სწორედ ამერიკა ამზადებს იქ „გენეტიკურ იარაღს“,  „ამერიკა აწყობს ბიოლოგიურ დივერსიებს“ და ა.შ. ვაშინგტონში კი მხოლოდ ერთხელ, საკმაოდ გულგრილად უარყვეს  და ამის შემდეგ ოფიციალურად  აღარც აკომენტარებენ.

ეს გარემოება საქართველოს აყენებს მძიმე მდგომარეობაში, რადგან ქართული საზოგადოება ელის (სამართლიანადაც ელის) რომ ამ პროპაგანდისტული, დიპლომატიური და პოტენციურად სამხედრო აგრესიის, უკვე აშკარა მუქარის პირობებში, მარტო არ დავრჩებით  „გაცოფებული დათვის“ პირისპირ.

მაგრამ  როდესაც რეაქცია ვაშინგტონიდან არ არის ამ შემაძრწუნებელ  ბრალდებათა  ადეკვატური, ან საპასუხო განცხადებებს გულგრილად აკეთებენ მეშვიდეხარისხოვანი ჩინოსნები, მაშინ, ახლახანს  ომგამოვლილ  ქართულ საზოგადოებას უჩნდება „დაუცველობის“ განცდა, რაც აუცილებლად (აუცილებლად!!!) აისახება არჩევნების შედეგზე.  

სწორედ ესაა პუტინის მთავარი მიზანი დღეს. სინამდვილეში, ის შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს: მართალია   არ შეხვედრია პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს, მაგრამ სწორედ ეს წინასაარჩევნო აგრესია ამჟღავნებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მოსკოვში „28 ოქტომბერს“.

იმედია, თბილისში ვიზიტისას, ჯონ ბოლტონი მკაფიო განცხადებებს გააკეთებს, რათა პუტინის ეს „თამაში“ ჩაშალოს. ანუ, ვიმედოვნოთ, ბატონი ბოლტონი აღარ არის იმ აზრზე, რაც 2015 წელს გააჟღერა ეთერში, როცა CNN-ის ექსპერტი იყო საერთაშორისო საკითხებში: ქართველები და უკრაინელები უცნაური ხალხია -  ჯერ დაძაბავენ ურთიერთობას რუსეთთან და მერე ამერიკასთან გამორბიან, ჩვენს მაგივრად თქვენ იომეთო. 

ნიკა იმნაიშვილი