ENG / RUS       12+

როგორ ვიმოქმედოთ „ჰიბრიდული ომის“ ახალ ფრონტზე?

ჭუბერისა და ხაიშის თემთა გარშემო ვითარება შედარებით განიმუხტა; საბედნიეროდ, ახალგაზრდა პრემიერს, მიუხედავად მძიმე შეურაცხყოფისა, ეყო გონიერებაც და ნებისყოფაც, უკან დაეხია.

„შეურაცხყოფა“ კი (არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოსი) ისაა, როდესაც სახელმწიფო მოხელეებს სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას სცემენ, შედეგ გამოაპანღურებენ, ხოლო მოძალადეთა დასაკავებლად მისულ „სპეცდანს“ უკან გამოაბუნძულებენ.

აბა სუვერენიტეტი სხვა კი არაფერია?

კლასიკური განმარტებით, სუვერენიტეტი არის სახელმწიფოს უნარი, ნებისმიერ მომენტში, კანონის საფუძველზე, განახორციელოს მისი განუშორებელი  პრეროგატივა - ძალის გამოყენებისა.

ხოლო თუ ძალის გამოყენება  აღარ არის მხოლოდ (!) სახელმწიფოს პრეროგატივა, იქ უკვე აღარ არის არც სახელმწიფო, არც მისი სუვერენიტეტი! და რაოდენ გამართლებულიც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში „უკან დახევა“ - „უარესის თავიდან ასაცილებლად“, ეს კომპრომისი ამ დებულებას  სულაც არ ცვლის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ოქროს კანონით“: „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“. ამ ურყევი თეზისიდან  უამრავი პოლიტტექნოლოგიური მეთოდი გამომდინარეობს. მაგალითად  ის, რომ არ(ც) უნდა სცადო მაშინ, როდესაც უკან დახევა მოგიწევს.

თუმცა მთავრობასაც უნდა გავუგოთ: საერთოდ რომ არ „ეცადა“ იმათი დაკავება, ვინც სახელმწიფო მოხელეები სცემა და გამოაპანღურა, სახელისუფლებო სისტემა შესაძლოა საერთოდ თავზე დანგრეოდა: არაფერი იმაზე საშიში და გამანადგურებელი არ არის, როცა სახელმწიფო მოხელე გრძნობს, - ხელისუფლებას მისი ღრისება არ ანაღვლებს და  ვერ იცავს, როცა ნამდვილად დასაცავია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რაც შეეხება „ტყის ჭრას“. ამ თემას რამდენიმე აშკარა ცრუპენტელობა და უპასუხისმგებლო სისულელე სდევს თან.

ცრუპენტელობა პირველი: „საბრალო ადამიანებს ლუკმა-პური ენატრებათ და.....“  სინამდვილეში იქ „ლუკმა-პურზე“ კი არ არის ლაპარაკი, არამედ ათეულობით მილიონ დოლარზე, რომელსაც ინაწილებდა და ინაწილებს ორასი-სამასი ოჯახი.  ძირითადად „დამამზადებელ საამქროთა“ მეპატრონეები, ვინც თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები ჩადო ამ საწარმოთა აღჭურვაში ხისმჭრელი ტექნიკით. ასეთი საამქრო კი იმ ხეობებში   უამრავია.

ამ კლანთა რესურსები, როგორც ვნახეთ, საკმარისია იმისთვის, რათა ნებისმიერი გზა გადაკეტონ და „რამე რომ იყოს“, ბევრად უარესი ვითარებაც შექმნან.

მეორე: „მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ხის „ლეგალურ დამზადებას“.

სინამდვილეში ლეგალურის-არალეგალურისგან გარჩევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიეცემა ხსენებულ საამქროთა კონტროლის საშუალება. ზუსტად ამის საშუალებას არ აძლევენ და არც მისცემენ.

აქედან გამომდინარეობს სულელური „გამოსავალი“: „მოველაპარაკოთ, წავიდეთ კომპრომისებზე, მოვახდინოთ ლეგალიზება, მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოებში და....“ ზუსტად ასეთი უსასრულოდ ბრიყვული „აზრები“ გვესმოდა თავის დროზე ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებით: „მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოებში და....“

არადა, ეს ბიზნესი მომგებიანი იყო და იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არანაირ „ჩარჩოებში“ არ მოექცევა. როგორც კი სცადეს ერგნეთის „ჩარჩოებში“ მოქცევა  (2004 წელს) მაშინვე დაინგრა ის ბაზრობა და ომიც დაიწყო!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კიდევ უფრო დიდი და სახიფათო სისულელე: „ნუ შევალთ იქ ძალით, გავაიაფოთ ხის მასალა იმპორტზე საგადასახადო შეღავათებით, ამავდროულად გადავკეტოთ გზები, რათა „აქეთ“ ვერ ჩამოიტანონ და.....რომ ვეღარსად წაიღებენ, ვეღარ გაყიდიან, ხომ შეწყდება ტყის ჭრა?!

ამ უშველებელი სისულელის ავტორებს ეტყობა „დაავიწყდათ“ რომ არსებობს ჭუბერი - საკენის გზა! და რომ სეპარატისტული რეჟიმი, ისევე როგორც საოკუპაციო ადმინისტრაცია (ყოველთვის ერთი და იგივე არაა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ „ერთ სულ და ერთ ხორც“ არიან მუდამ) ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ამ რეგიონში მიმდინარე საშიშ პროცესებს, რაც მათთვის ძალიან ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტის გასახსნელად.

ისევ და ისევ „რამე რომ იყოს“ ალტერნატივას უეჭველად შესთავაზებენ......თუ უკვე არ შესთავაზეს: ხე-ტყის ჭუბერი-საკენის გზით გადატანა აფხაზეთში და მერე ზღვით თურქეთში ექსპორტი.

გარწმუნებთ, იარაღითაც “დაეხმარებიან“,  თუ დასჭირდათ მორიგი „სპეცდანის“ მოგერიება.

„ამ გზას ხომ ქართული პოლიციის პოსტი აკონტროლებსო....“ დალოცვილნო, „პოლიციის პოსტი“ კი არა 3 000 კბილებამდე შეიარაღებული მეომარი იდგა კოდორის ხეობაში და.......რა ამით? ვიცით „რაც“.

აქვე: რა არის „ჰიბრიდული ომი?“ მისი უპირველესი თვისება არსებული პრობლემის და „ინტერესთა კონფლიქტის“ გამოყენება,  გაძლიერება, „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ და საბოლოოდ აფეთქებაა, თორემ „ცარიელ ადგილზე“ რუსეთი ამგვარ  ომს არც იწყებს და ვერც აწარმოებს......

ღმერთმა ნუ ქნას აქამდე მივიდეს საქმე, თორემ.....მძევლად აიყვანენ ევროპელ ტურისტებს, რაც კიდევ უფრო დიდი კატასტროფა გახდება....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა დავსვათ კითვა: რა ამოძრავებს მთავრობას, ესე იგი სახელმწიფოს, როცა ყოველნაირად ცდილობს ტყის მასობრივ ჭრას შეუშალოს ხელი?

წმინდად ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს „ინდუსტრია“ მხოლოდ მომგებიანია, რაკი ვითარდება წარმოება, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე იზრდება ექსპორტი, საქმდებიან ადამიანები, მცირდება უმუშევრობა, იკლებს სოციალური დაძაბულობა..... მაშასადამე,  ერთდაერთი მიზეზი ნამდვიალდ ისაა, რომ  მთიანი რეგიონი  მართლა აღმოჩნდა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე! თუ ასე გაგრძელდა,  სულ მალე, ახლახანს მოვარდნილი მეწყერი „ჟუჟუნა წვიმად“ მოეჩვენებათ იმავე სოფლების „მედგარ“ მაცხოვრებლებს. 

მაშ როგორ მოიქცეს ქვეყანა, როდესაც ძალით ვერ ახერხებს........ხოლო „მცდელობა“ კიდევ უფრო დიდ რისკში აგდებს, -  მტერი ისარგებლებს......სისხლი დაიღვრება....... მძევლებს აიყვანენ.......ტურიზმი დასრულდება.......

პოლიტიკის ერთ-ერთი თვისებაა:  „გამოუვალი მდგომარეობა“ არ არსებობს და ხშირად „უმოქმედობაც მოქმედებაა“. ნებისმიერ სხვა სფეროში ასეთი რამ აბსურდი იქნებოდა, მაგრამ არა პოლიტიკაში!

ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი სწორი გამოსავალი ესაა - ძალიან ცუდი, თუმცა „უარესზე-უკეთესი“, როგორც ხშირად ხდება ხოლმე: სახელმწიფომ უბრალოდ შეინარჩუნოს Status quo! ესე იგი არ ჩაერიოს იქ, სადაც ჩარევა „უარესის“ მომტანია და იქვე, რამდენიმე კილომეტრში  „ჩასაფრებული“ მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს!

„წაიღებს მეწყერი?“..... წაიღოს, რა გაეწყობა! ეგება მაშინ მაინც ინანონ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოს მცდელობას, ხელი შეეშალა მათთვის, - მოეჭრათ ის ტოტი, რომელზეც ისხდნენ და  ამით სამუდმოდ არ დაეღუპათ მამა-პაპათა საცხოვრისი.

ამაზე „უკეთესი“ გამოსავალი არ არის და არც იქნება.  

 

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .