ა.წ. 5 მარტს, საღამოს, მივიღეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პასუხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გაიგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ჯი-ეიჩ-ენი“ რუსეთის პატრიარქის პასუხის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"უწმნინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს
უწმინდესო და უნეტარესო,
უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.
პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით", - აღნიშნულია წერილში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.
ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.