„ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
პარტიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, რეზოლუცია იმ ადამიანების გამოვლენასა და დასჯას ეხება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და წამებაში იქნებიან ეჭვმიტანილნი.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა იყოს და თუ მოხდება გაერთიანება, ამ მიმართულებით ჩვენ ღია ვართ კონსულტაციისთვის. გაერთიანება შეიძლება მოხდეს და ეს იქნება საკმაოდ სერიოზული გზავნილი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.