არ გამოვრიცხავ, რომ [არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე] საერთო დოკუმენტზე შევჯერდეთ [ოპოზიციასთან ერთად], - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი თითოეული ნაბიჯი და მათ შორის რეზოლუციები ემსახურება მიზანს, რომ საერთაშორისო ბერკეტებს გამოყენება მოხდეს და ამ საქმეში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს.
„ხელისუფლებას ყველაზე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იმ პირობებში აწარმოოს, როდესაც ჩრდილოელი მეგობარი ოკუპანტია. ვცდილობთ, მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი და მათ შორის რეზოლუციები ემსახურება მიზანს, რომ საერთაშორისო ბერკეტები გამოვიყენოთ და ამ საქმეში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ საერთო დოკუმენტზე შევჯერდეთ. ამაზე ვმსჯელობთ, აქ პარტიული ინტერესები არ არის, რადგან საქმე დეოკუპაციასა და მოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. პარტიული ინტერესი გამორიცხული უნდა იყოს და იმაზე ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი რა იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.