თარიღი    დრო

როგორ, რატომ და რა მიზნით დაიწყო ომი აფხაზეთში 25 წლის წინ

საქართველო, თბილისი - 10:29 08.14.2017 3111

საქართველოს უახლესი ისტორიის თარიღთაგან 14 აგვისტო გამორჩეულია. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს ამ დღემ რაიმე თვალსაზრისით განსაზღვრა პროცესი - უბრალოდ, 14 აგვისტოს მოხდა კონცენტრაცია ყველა იმ პრობლემისა, რომელიც წვეთ-წვეთად გროვდებოდა სხვადასხვა «მიმართულებიდან» თვეების, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. 

აფხაზეთში ომიც ქართული სახელმწიფოს «ჭეშმარიტების მომენტი» გახდა და საბოლოოდ გამოავლინა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შინაგანი, სისტემური სისუსტე. 

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სუბიექტურ მიზეზებზე (თუმცა ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ რასაკვირველია), ომს აფხაზეთში ძალიან ღრმა ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ხოლო 1988-1989 წლების მოვლენათა შემდეგ იგი აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა.

................................................................

გაეროში გაწევრების მიუხედავად, ვითარება ქვეყანაში კვლავინდებურად დაძაბული და ფეთქებადსაშიში რჩებოდა. ზვიადისტთა აქტივობამ (თბილისსა და სამეგრელოში) პერმანენტული ხასიათი შეიძინა. გროზნოში თავშეფარებულ გამსახურდიას, რასაკვირველია, აღარაფერი ახსოვდა პირადი წყენისა და შურისძიების გარდა. ედუარდ შევარდნაძისადმი სიძულვილი მის პიროვნულ ძალებს აათმაგებდა. არადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმ დროს უკვე არა მხოლოდ ფიზიკურად (სამხედრო თვალსაზრისით), არამედ პოლიტიკურადაც დამარცხებული იყო. თუმცა მას და მის მომხრეებს მარცხთან შერიგება არაფრით სურდათ.

ლოთი ქობალიას მებრძოლებმა ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცება დაიწყეს. სხვადასხვა დროს გაიტაცეს გია ყარყარაშვილი, რომან გვენცაძე, სანდრო კავსაძე. ვითარება სამეგრელოში სრულიად უმართავი იყო. არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სოხუმშიც იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. შექმნილი ვითარებით ბრწყინვალედ ისარგებლა ვლადისლავ არძინბამ. სწორედ მაშინ გამოვლინდა პირველად მისი განსაკუთრებული გაიძვერობა ანუ უდავო პოლიტიკური ნიჭი: ზვიადისტებთან შეხვედრისას არძინბა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს თანაუგრძნობდა «კანონიერ პრეზიდენტს», გმობდა «შევარდნაძის ხუნტას» - მისი «არაკანონიერების» გამო. ამავე დროს, შევარდნაძე-იოსელიან-სიგუა-კიტოვანის ხელისუფლებასაც ოსტატურად ეთამაშებოდა და ყოველნაირად ცდილობდა მისთვისაც ეგრძნობინებინა, რომ შესაძლებელი იყო ალიანსი «ზვიადიზმის წინააღმდეგ». 

სინამდვილეში, რასაკვირველია, ვლადისლავ არძინბას «ზვიადისტებიც», «ანტიზვიადისტებიც», შევარდნაძის მომხრეებიც, გამსახურდიას მიმდევრებიც, ისევე, როგორც ყველა ქართველი, ერთნაირად სძულდა და ეზიზღებოდა. უბრალოდ, მან მიიღო შანსი, გამოეყენებინა საქართველოს შიდა პრობლემები საკუთარი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად და ამ შანსით ბრწყინვალედ ისარგებლა. 

24 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როცა ზვიადისტებმა «გადმოტრიალება» სცადეს და ტელევიზიის შენობა აიღეს, არძინბამ უბრძანა აფხაზურ ფორმირებებს, დაეკავებინათ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. გივი ლომინაძე კაბინეტიდან გააძევეს და ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს.
არძინბამ ოსტატურად გამოიყენა საქართველოში მიმდინარე მოვლენათა პოლიტიკური ასპექტიც. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს «დემოკრატიული რესპუბლიკის» 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენას მან უპასუხა საბჭოთა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენით. რომლითაც აფხაზეთი, თუმცა «საბჭოთა», მაგრამ (რაც მთავარია) საქართველოსაგან იურიდიულად გამიჯნული იყო. 

სეპარატისტებმა უმალვე დაარღვიეს ზვიად გამსახურდიასთან მიღწეული დროებითი შეთანხმება (ტაქტიკური კომპრომისი) და მინისტრთა დანიშვნა აფხაზური უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე დაიწყეს. ამათაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს სხდომების წამდაუწუმ დემონსტრაციულად დატოვების გარდა. 

არძინბა ყოველნაირად ცდილობდა (ახერხებდა კიდეც) ორივე დაპირისპირებული ქართული მხარისათვის მიეცა არგუმენტი ერთმანეთის წინააღმდეგ: ზვიადისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აფხაზეთი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო იკარგებოდა. ახალი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერებიც არძინბას გათავხედებას (ასევე არც თუ უსაფუძვლოდ) ზვიადისტთა აქტივობას უკავშირებდნენ. 
სულ სხვა ელფერი შეიძინა აგრეთვე გამსახურდია-არძინბას ადრინდელმა  კომპრომისმა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში «ქვოტირებული არჩევნების» შესახებ, რის შესაბამისადაც ქართველებმა 26 მანდატი მიიღეს, აფახებმა 28, ხოლო სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებმა - 11. 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს. 

იმ ხალხს, ვინც დღემდე გაიძახის: «გამსახურდიამ და პროფესორმა ლევან ალექსიძემ აფხაზეთში ქართულ უმრავლესობას აფხაზებზე ნაკლები მანდატი მიაკუთვნესო» და ამაში ხედავს პრობლემის საწყისს, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობა უმრავლესობას არ წარმოადგენდაიგი უმრავლესობა (43 პროცენტი) იყო აფხაზებთან (18 პროცენტი) შედარებით, მაგრამ უმცირესობა - მთელს «რუსულენოვან მოსახლეობასთან» შეფარდებით. აფხაზები, რუსები, ბერძნები და სომხები, სხვა ხალხთა რუსულენოვან წარმომადგენლებთან ერთად საკმაოდ კონსოლიდირებულად მოქმედებდნენ, რაც დაადასტურა 1991 წლის მარტის სსრკ რეფერენდუმმა. შეგახსენებთ, რომ იმ რეფერენდუმზე, აფხაზეთის მოსახლეობის რუსულენოვანმა უმრავლესობამ ერთსულოვნად ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ანუ შეფარდება სინამდვილეში იყო 43 - 57-თან. თუ არჩევნები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველგვარი ქვოტირების გარეშე ჩატარდებოდა, მაშინ (ვთქვათ) 100 სადეპუტატო მანდატიდან ქართველებს ერგებოდათ 43, ხოლო რუსულენოვან მოსახლეობას 57. დაახლოებით ასეთი შეფარდება არსებობდა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში. ოღონდ ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ქართული თემის წარმომადგენლებს უმაღლეს საბჭოში საქმე ექნებოდა არა აფხაზურ, არამედ რუსულენოვან უმრავლესობასთან, რომელთან კომპრომისიც (საბჭოთა კავშირის არსებობისა და საქართველოში იმ დროინდელი ვითარების გათვალისწინებით), ეროვნული ხელისუფლების მესვეურებს უფრო ნაკლებრეალურად მიაჩნდათ ვიდრე აფახაზებთან. მით უმეტეს ე.წ. «კავკასიური ერთობის» იდეის გათვალისწინებით, რის გამოც, თურმე «სჯობს აფხაზებთან გვქონდეს საქმე, ვიდრე კრემლის მიერ შექმნილ ინტერნაციონალურ ფრონტთან». 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს არ იყო მხოლოდ გამსახურდიასათვის ან მისი იმდროინდელი გარემოცვისათვის დამახასიათებელი ილუზია. 

თავის მხრივ, აფხაზურმა მხარემაც ისარგებლა ამ ილუზიით, ვინაიდან მათ, რასაკვირველია ერჩივნათ თავად, დამოუკიდებლად შეექმნათ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ვიდრე «რუსულენოვანი უმრავლესობის» შემადგენლობაში. 

1992 წლის ვითარების კონტექსტში კი არძინბამ (მისი არჩევის მხარდაჭერაც იმავე «კავკასიური იდეის» გამოვლინება იყო – პარტიულ ფუნქციონერს მაინც აჯობებსო) კომპრომისი უკვე მთლიანად თავის სასარგებლოდ შეატრიალა (მაშასადამე, მასში ობიექტურად მაინც იდო ამის შესაძლებლობა) და უმრავლესობა ცალმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა. 

გავიხსენოთ, რა ეშმაკურად მოქმედებდა არძინბა - ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე იგი მხოლოდ «მოვალეობის შემსრულებლად» ნიშნავდა მინისტრებად აფხაზური ეროვნების წარმომადგენლებს. პრემიერ მინისტრად კი დანიშნა გარუსებული ზარანდია, რომელიც ქართველად ძნელად თუ მიიჩნეოდა, მაგრამ ფორმალურად, შეთანხმება (უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე - აფხაზი, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე - ქართველი) არ დარღვეულა.

..................................................................

აფხაზები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას სამეგრელოში, სადაც სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშმა მოსახლეობა აღაშფოთა. სეპარატისტებისათვის ესეც ნამდვილი «მისწრება» იყო. მით უმეტეს, რომ თბილისშიც, ანტიზვიადისტურმა თემამ ძალიან უცნაური ფორმა მიიღო. ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ზვიადისტებმა თითქოს აფხაზებს შესთავაზეს ერთობლივი, მეგრულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა. ეს ცნობა უმალვე აიტაცა რუსულმა მედიამ.

არძინბას უმაღლესი საბჭო ზედიზედ იღებდა გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, კანონებს და აფხაზეთი სწრაფად გამოჰყავდა საქართველოს იურიდიული სივრციდან. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა: აფხაზეთში ომი საქართველოსათვის კატასტროფას ნიშნავდა. ამას აღიარებდა ქართული პოლიტელიტის უდიდესი ნაწილიც, მაგრამ მდგომარეობა საქართველოში იმდენად არეული და წინააღმდეგობრივი იყო, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად იძულებული გახდა საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. 

შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი წერს: ომს ხშირად იწყებენ არა იმიტომ, რომ მისი მოგების იმედი აქვთ, არამედ რაკი სხვა გზა არა აქვთ.

ალოგიკურობა და პარადოქსი ამ გამონათქვამში მხოლოდ მოჩვენებითია.
აფხაზეთის პრობლემა არც შევარდნაძის ხელისუფლებას შეუქმნია და არც «გამსახურდიას რეჟიმს», მაგრამ ეს პრობლემა შიდაქართული დაპირისპირების ძალიან მძლავრი ფაქტორი გახდა.

..................................................................

1992 წლის აგვისტოსათვის შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ან უნდა შერიგებოდა აფხაზეთის ფაქტობრივ დაკარგვას და მის გამოსვლას საქართველოს იურისდიქციიდან, ან დაეწყო ომი

რამდენიმე წლის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა (პათეტიურ-ბრალმდებლური ინტონაციით): «განა ამ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა?» 

სამართლიანი და ობიექტური (უემოციო) პასუხი ამ კითხვაზე ერთადერთია: რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უომრად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი  აღარ არის საქართველო. ეს კი აბსოლუტურად არარეალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მით უმეტეს იმ ხელისუფლებისა, რომელიც ძალით მოვიდა და საზოგადოებისათვის თავისი «ეროვნულობის» დადასტურება სჭირდებოდა. ეს ხელისუფლება აფხაზეთის ომს  განიხილავდა ლეგიტიმაციის საშუალებად, ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ნებისმიერ სხვა (თუნდაც არქილეგიტიმურ) ხელისუფლებას ქართული საზოგადოება არ აიძულებდა დაეწყო ომი აფხაზეთის შესანარჩუნებლად.

ბუნებრივია, ომის ინიციატორები  იმედოვნებდნენ, რომ ომი სეპარატისტებთან გახლეჩილი ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას გამოიწვევდა. მაგრამ ეს იმედიც მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. არადა, რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი გათვლა, მაღალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნების საზოგადოებაში იგი შედეგს უეჭველად გამოიღებდა.

რისკის ფაქტორი აფხაზეთში ომთან დაკავშირებით მაინც იმდენად მაღალი იყო, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმშიც იჩინა თავი აზრთა სხვადასხვაობამ. ედუარდ შევარდნაძისათვის ეს ომი ყველაზე ნაკლებ სასურველი იყო, ვინაიდან მან კარგად იცოდა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას და მხოლოდ მას დაეკისრებოდა. ამით აიხნება ფარული ბრძოლა სახელმწიფო საბჭოშიც, გვარდიის შეყვანა - არშეყვანასთან დაკავშირებით. 

სხვათა შორის, იმ «სახელმწიფო საბჭოში» წარმოდგენილ პარტიათა უმრავლესობა შემდგომ ტყუილად ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენას და ყველაფრის «ოთხეულისათვის» დაბრალებას. მათაც შესანიშნავად ესმოდათ საკუთარი ინტერესები: ახლოვდებოდა 11 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში მკვიდრდებოდა სტერეოტიპი «მე აღარცერთ არჩევნებში აღარ მივიღებ მონაწილეობას», ამდენად საჭირო იყო ისეთი ვითარების შექმნა, როცა ხალხს დაავიწყდებოდა ყველაფერი (მათ შორის «ზვიადი») და შეძრწუნებული მივიდოდა არჩევნებზე. ანუ ომი აფხაზეთში განიხილებოდა ერთგვარ «შოკურ თერაპიად» ქართული საზოგადოების გამოსაყვანად შიდა დაპირისპირების მდგომარეობიდან

სახელმწიფო საბჭოში წარმოდგენილი «პოლიტოკრატია» ამას აცნობიერებდა და ეთანხმებოდა თვით მეთოდს, - ოღონდ კი ჩატარებულიყო 11 ოქტომბერს არჩევნები, ჩაშლილიყო ბოიკოტი (მათ შორის სამეგრელოში), არჩეულიყო პარლამენტი და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც შესულიყო იმ პარლამენტში. 

აქედან გამომდინარე, სულაც არ გახლავთ გასაკვირი, თუ სახელმწიფო საბჭომ დაადასტურა გვარდიის აფხაზეთში შესვლის მიზანშეწონილობა. თუმცა, აქ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი: როცა სახელმწიფო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ გვარდიის ზოგიერთი ნაწილი უკვე დაძრული იყო აფხაზეთისაკენ. სიგუა-კიტოვანმა ნაცად ხერხს მიმართეს: მათ ფაქტის წინაშე დააყენეს შევარდნაძეც, პოლიტოკრატიაც და საზოგადოებაც.

სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დაახლოებით ივლისის ბოლოსათვის სიგუა-კიტოვანს აფხაზეთში ომის დაწყება (ზემოთაღწერილი მიზნით) უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. თანაც არა «რკინიგზის დასაცავად», არამედ სწორედ სეპარატისტებთან საომრად.

მეორეს მხრივ, აფსუა სეპარატისტებსაც მიეცათ შანსი, როგორიც მხოლოდ საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ ეძლევათ. ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამიტომ უდიდესი დემაგოგიაა იმის თქმა, თითქოს «რომ არა აფხაზეთში გვარდიის შეყვანა, ამ ტერიტორიას საქართველო არ დაკარგავდა». მაგრამ კიტოვანის მოქმედებამ საშუალება მისცა სეპარატისტებს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაეფიქსირებინათ: ომი დაიწყო სწორედ საქართველომ 1992 წლის 14 აგვისტოს. ფაქტის ფიქსაციას ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით აფსუები კიდევ უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ ძალიან ოსტატურად და ეშმაკურად შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საქართველოსთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო «საქართველოს მცირე იმპერიამ» ძალის გამოყენება არჩია და აფხაზეთში ტანკები შეიყვანა. სინამდვილეში მოლაპარაკება მაშინაც ისეთივე ბლეფი იყო, როგორც შემდგომში. არძინბა თანახმა გახლდათ შეხვედროდა შევარდნაძეს, მაგრამ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ სოჭში ან მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ედუარდ შევარდნაძე, ამაზე, რასაკვირველია ვერ წავიდოდა.

ზემოთთქმულის მიუხედავად, შევარდნაძეს აფხაზეთში ომის დაწყება ზვიადისტთა ამბოხზე გაცილებით დიდ რისკად მიაჩნდა, მაგრამ პროცესთა მართვის სადავეები უფრო კიტოვან-სიგუა-იოსელიანს ეპყრათ ხელთ - გვარდია და მხედრიონი სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარეს არ ემორჩილებოდა. ტრადიციულად მისი ერთგული პოლიცია კი მაშინ ჯერ კიდევ უმწეო ჩანდა.

..................................................................

13 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ამ დროს გვარდია (დაახლოებით სამი ათასი შეიარაღებული ადამიანი) ახალციხის დივიზიიდან რუსების მიერ სწორედ მაშინ გადმოცემული 50 მოძველებული ტანკით უკვე დაიძრა აფხაზეთისაკენ. მიტინგზე იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი «დიდი იმედგაცრუება» და ისტერიული აპათია იგრძნობოდა.
    ლუზა შაკიაშვილი: «მომენატრა მიტინგიიიი. . . ..»
   
მზექალა შანიძე (უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც, 19 აგვისტოს პუტჩის მხარდაჭერის მოტივით, კომუნისტური პარტიის სიით არჩეულ სხვა დეპუტატებთან ერთად გამსახურდიამ შეუწყვიტა უფლებამოსილება): «ის ადამიანები, ვინც ახალ ხელისუფლებას ებრძვიან, ნამდვილად დამნაშავეები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონ»
..................................................................

14 აგვისტოს, შუადღეს, სოხუმთან უკვე საარტილერიო კანონადა ისმოდა. გვარდიამ დესანტი გადასხა გაგრაში. «ჩვენი კარგი ნაცნობი», გენერალი სუფიან ბეპაევი ქუთაისიდან ურეკავს კიტოვანს: «Желаю успеха». 

კიტოვანი წყალტუბოში ქეიფობს რუს გენერლებთან ერთად. ამ უკანასკნელთ ოდნავ შესამჩნევად ეღიმებათ.

პირველივე დღეს (ანუ 14 აგვისტოს) მხვერპლი ორივე მხრიდან 50-ს აღწევს. ტელეკომპანია РТР-ის კორესპონდენტი (სოხუმიდან): Примирение уже невозможно после того что произошло. А России надо действовать очень осторожно, чтоб не потерять свои козыри

საქართველოს სამხედრო შვეულმფრენი სოხუმის (დამსვენებლებით სავსე) სანაპიროს ბომბავს. ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» «ქართული ეროვნების ყველა პირს» მძევლად აცხადებს - გვარდიის გაყვანასა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. Независимая газета კონფედერაციის პრეზიდენტის, მუსა შანიბოვის სიტყვებს აქვეყნებს: «Если нам не будут мешать, мы сломим хребет грузинскому фашизму»

ბორის ელცინიც აცხადებს ოფიციალურად: Мы убеждены в необходимости вывода гвардии из абхазии. მისი თქმით, «საფრთხე შეექმნა სტაბილურობას უზარმაზარ, მრავალეროვან რეგიონში ედუარდ შევარდნაძეს ტელეფონით უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის უკლებლივ ყველა რესპუბლიკის ლიდერი და «შეშფოთებით» კითხულობს: რა ხდება აფხაზეთში?
 
ზვიად გამსახურდია დისკრედიტირებულია, ვინაიდან იმყოფება გროზნოში - კონფედერაციის ბუნაგში. აფხაზეთში ომის ინიციატორებს ეს მომენტიც გათვალისწინებული ჰქონდათ: ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ჩეჩნები უმალვე აღმოჩნდებოდნენ აფხაზეთში, ხოლო «მათთან ჩახუტებული ექსპრეზიდენტისა» და მისი მომხრეების მიმართ ახალი, მართლაც ძნელად მოსაგერიებელი არგუმენტები შეიქმნებოდა.

შევარდნაძე იძულებულია თანხმობა განაცხადოს განჯიდან გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე სწორედ იმ 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკის გადასროლის წინადადებაზე, რომელიც 9 აპრილს მოქმედებდა თბილისში - ეს რუსული გენერალიტეტის პირველი შურისძიებაა: იგი საქართველოს «დახვეწილ წამებას» იწყებს. 

ბორის ელცინი მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილია, მისი სახელმწიფოებრივი კონცეფცია იმარჯვებს - ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ქაოსში ეფლობიან : «....Я звонил Китовани, я звонил Шеварднадзе....» 

ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ეკითხება ელცინს: «ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც თეთრი სახლის დაცვისას ჩვენთან იყო, ახლა უკვე ხელები სისხლში აქვს მოსვრილი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოძმე აფხაზი ხალხისთვის

სულეიმან დემირელი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის არძინბას და, ამავე დროს, აკეთებს განცხადებას, რომლითაც აშკარავდება მისი სიმპათია სეპარატისტებისადმი. 
აფხაზთა მცირე ჯგუფი დემონსტრაციას მართავს ვაშიგტონში, თეთრ სახლთან. მოვლენას იმავე საღამოს ფართოდ აშუქებს რუსეთის ტელევიზია. წარწერა ტრანსპორანტზე: «Шеварднадзе демократ? – вот так шутка!»

გაზეთი «Аргументы и факты» გვთხრის: «სოხუმის მაიმუნთსაშენში მაიმუნებს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდათ - ამბობენ ქართველებმა გადასდესო».

სერგეი ბაბურინი გუდაუთაში ხვდება არძინბას, შემდეგ კი სოხუმში ქართველ ჟურნალისტს ეუბნება: «Вы разрушили советский союз и хотели спокойно отсидетса, но спокойной жизни у вас не будет».

ლეონიდ პარფიონოვი მეორე გადაცემას აკეთებს ციკლიდან «Портрет на фоне». ფილმი მთავრდება იმით, რომ აფხაზეთის თვალწარმტაც სანახებში, ორღობესთან, ღორი მიძუნძულებს.

რუსული შოვინიზმისათვის, ყველა ქართველთმოძულე ინტელექტუალის - დემოკრატისა თუ კომუნისტისათვის, სულიერი ზეიმისა და ტრიუმფის ჟამი დადაგა! საქართველოს სიძულვილით, ამპარტავანი «გრუზუნების» (თუ უკვე «გრზუნების») სამაგალითო, საშვილიშვილო დასჯის წყურვილით ყველანი ერთიანდებიან: მოსკოველი ლიბერალებიდან - რუსულ გენერალიტეტამდე და ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტებამდე.

ნიკა იმნაიშვილი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%