ENG / RUS       12+

იქნება თუ არა მეორე ტური მერის არჩევნებზე?

როგორც ყოველთვის საქართველოში, - უკლებლივ ყველა არჩევნების წინ, - მთავარი თემა კვლავ „ოპოზიციის გაერთიანებაა“. ამას მუდამ „ხალხიც მოითხოვს“ და ზოგიერთი პარტიაც, თუკი საღად მოაზროვნე ლიდერი ჰყავს.

„ხალხის“ შემთხვევაში უფრო გაუაზრებელი ინსტინქტია, ხოლო ლიდერებისა - ეგოისტური გათვლა. არადა, ორივე მუდამ ცდება იმ უბრალო მიზეზით, რომ რაკი საქართველოში „პოლიტიკური პარტია“, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, სინამდვილეში, არ არსებობს (არსებობს „სახელმწიფო“ ანუ „სახელისუფლებო პარტია“, აგრეთვე წინა ხელისუფლების ნარჩენები და მცირე პოლიტიკანური ჯგუფები) გაერთიანება ვერაფრით ვერ მოხერხდება: საკუთარი „ბუნების“ წინააღმდეგ ეს ჯგუფები არ წავლენ ყველაზე ჭკვიანური ანუ რაციონალური მოსაზრებითაც კი, რადგან ამ შემთხვევაში ჭეშმარიტ პოლიტიკურ პარტიათა ემბრიონები მაინც  იქნებოდნენ, რაც ნამდვილად არ არიან.

მიუხედავად  „გაერთიანების შესახებ“  მოლაპარაკებათა მრავალგზის ჩაფლავებისა, მაინც მუდამ იწყება (ხოლმე) ეს საუბრები. დღესაც, „ზეახალი“ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ყველა ოპოზიციურ კოლეგას მოუწოდა, შეთანხმდნენ მერობის ერთიან კანდიდატზე. „თორემ წავაგებთ პირველივე ტურში“ - აფრთხილებს ყველას ვაშაძე.

როგორც ჩანს, ამ „ერთიან კანდიდატში“ იუსტიციის სახლის ხუროთმოძღვარი საკუთარ პერსონას ან საკუთარ „ზეახალი“ პარტიის წარმომადგენელს არ გულისხმობს. ამდენად, ღირს მისი არგუმენტაცია უფრო ყურადღებით განვიხილოთ. მით უმეტეს, „ძირითადმა“ ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე უარი სტკიცეს (როგორც ყოველთვის): შენ ვინა ხარ საერთოდ, რომ ჭკუას გვასწავლი? ჩვენი კანიდატი ისედაც გავა მეოერ ტურში და არანაირი გაერთიანება არ გვჭირდება.......ბოლო ბოლო, მეორე ტური რომ იქნება, მაშინ გავერთიანდებით......

„გაერთიანება არ სჭირდება“ მთავარ პოპულისტ (ანუ სახალხო) კანდიდატ ალეკო ელისაშვილსაც, რომელსაც „მეორე ტური“ ისედაც განაღდებული ჰგონია. ეს როგორც მინიმუმ, თორემ თბილისის მერად თუ არჩევენ, არც ეს გაუკვირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არადა, გიორგი ვაშაძე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალია! იგი „კოლეგა-ოპოზიციონერებს“ აფრთხილებს: თუ გვინდა მეორე ტური, უნდა გავერთიანდეთ, თუ არ გავერთიანდებით, „ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, გახდება მერი და ოპოზიცია დარჩება ხახამშრალი.

 ვაშაძე უბრალოდ ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებას (რასაც ჯიუტად არ ითვალისწინებენ მისი „კოლეგები“), აგრეთვე, ამერიკული NDI-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებს.

ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ სწორედ ეს გამოკითხვა ადასტურებს მათი ტაქტიკის სისწორეს: იქნება მეორე ტური........ კახი კალაძე ვერ დააგროვებს იმდენ ხმას, პირველივე ეტაპზე მოიგოს....... „მოხდება“ მეორე ტური და იქ......აი იქ გავერთიანდეთ მერე დევიზით „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

„რატომღაც“ (თუმცა ეს „რატომღაც“ როგორც ყოველთვის - ყველა წინა შემთხვევაშიც უკვე 20 წელია!!!) ამ ხალხს ჩლუნგად არ შეუძლია, ან, კიდევ უარესი, ჩლუნგად არ სურს გაითვალისწინოს: იმავე  NDI-ს მონაცემებით, კახი კალაძე მართლა ვერ აგროვებს იმდენ ხმას, პირველივე ტურში მოიგოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, იმ პირობით, იმ „დათვლითა“ და იმ „გათვლით“, თუ არ მივიღებთ მხედველოაში ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ან „მერყევი“ ამომრჩევლის კოლოსალურ რაოდენობას, ვინც ამბობს, რომ „ჯერ არ იცის“, ვის მისცემს ხმას ან არ სურს გაამჟღავნოს თავისი გადაწყვეტილება.

როგორც წესი, თუ ქვეყანაში არ მოხდა რაღაც განსაკუთრებული და შემაძრწუნებელი („გლდანის ციხის კადრების“ მსგავსი) მოვლენა, ამომრჩევლის ეს კატეგორია ხმას აძლევს სახელისუფლებო კანდიდატს, რაკი აზროვნებს ასე: „კალაძე მაინც მოიგებს და.....ესენი მაინც ერთმანეთს დაჭამენ და.....“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმისთვის, რათა „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“, ან ის ამომრჩეველი, ვინც ოპოზიციისთვის ხმის მიმცემია, საერთოდ მივიდეს არჩევნებზე, მით უმეტეს ოპოზიციას მისცეს ხმა, აუცილებელია, მან დაინახოს „ძალა“ ოპოზიციურ ფლანგზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველივე ტურის დროს წამყვანი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდებიან  და შეთანხმდებიან საერთო კანდიდატზე. იდეალური ამ მხრივ იქნებოდა სწორედ „სახალხო“ ელისაშვილი, თუმცა ეს უკანასკნელი თვითონ იტყვის უარს.

თუ ოპოზიცია პირველივე ტურში არ გაერთიანდა და „გადაუწყვეტელმა“ ამომრჩეველმა, ან პოტენციურად პროტესტულმა ამომრჩეველმა შანსი არ იგრძნო, მაშინ არავითარი მეორე ტური არ იქნება - კახი კალაძე პირველივე ტურში მიიღებს 50%-ზე მეტ ხმას და ოპოზიცია კვლავ წააგებს.

აქ ყველაზე კომიკური მაინც ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ამ „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ სინდრომით ამარცხებდა ოპოზიციას, ახლა, როცა თვითონაა ოპოზიციაში, საკუთარ გამარჯვებათა გამოცდილებასაც არ ითვალისწინებს და წარსულში მის მიერვე დამარცხებულთა გზით მიდის.

ამ მხრივ გიორგი ვაშაძე  „ნაციონალური გამონაკლისია“

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .