დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2018-2021 წწ საშუალოვადიანი გეგმის განხილვის პირველი ეტაპი.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის დამტკიცებამდე. პროგრამები მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
გეგმის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 1,185.825 ლარით იზრდება და 15,748,725 ლარი იქნება. მომავალ წელს სამინისტრო 31 პროგრამას განახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამის ამოქმედება იგეგმება. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 12,805,515 ლარს შედგენს.
სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.
2018 წლის პროგრამული სიახლეები:
2018 წელს სამინისტრო, პირველად დააფინანსებს - ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარულ მკურნალობას. პროგრამის განხორციელება, დაფინანსების მსურველ პაციენტთა გაზრდილმა მომართვიანობამ განაპირობა.
სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს, რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას. კერძოდ, სხვადასხვა დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წელზე მეტი ასაკის პირების - ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებული დიაგნოზით. თანადაფინანსება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის 50 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 15 000 ლარისა. თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სამედიცინო მომსახურება დაფინანსებული ექნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება - ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამაში. თუ აქამდე პროგრამის ბენეფიციარებს 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ, 2018 წლიდან ჩამონათვალს შშ სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები შეემატებათ. გარდა ამისა ქვეპროგრამით მოხდება ძვირადღირებული ახალი კვლევების დაფინანსება: 1. მსხვილი ნაწლავის კომპიუტერული ტომოგრაფია. 2. საშარდე გზების კომპიუტერული ტომოგრაფია. 3. კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია. 4. პოზიტრონ - ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.
2018 წლიდან, რეგიონის მოსახლეობას, გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. სამინისტრო კი განახორციელებს თანადაფინანსებას განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროსაც. პროგრამისათვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება მიზნობრივი ჯგუფებისათვის და დაგეგმილი ახალი პროგრამების დასაფინანსებლად.
ცვლილება იგეგმება - მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, სახსრების ენდოპროტეზირებისა და „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამების დაფინანსების წესში.
სამინისტრო შშმ პირთა კუთხით გეგმავს, აამოქმედოს ახალი პროგრამა - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას.
შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებითან და სმენის აპარატებთან ერთად დაგეგმილია, სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, კრძოდ: ელექტრო-ეტლით, ფუნქციური საწოლით, ჟანგბადის კონცენტრატორით, ნახველის ამოსაღები აპარატით, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით, ხმის წარმომქმნელი, ძვალში ჩასანერგი სმენის აპარატი სამაგრი რკალით, წონასწორობისა და კოორდინაციის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვების სპეციალური ეტლით უზრუნველყოფა. აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებასაც.
დაგეგმილია - ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის ახალი ქვეპროგრამის ამოქმედება და 65 წლი ზემოთ ასაკის ბენეფიციართა 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით, პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ/დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამას - ემატება სამი ბენეფიციარი რომელთაც მინიჭებული აქვთ შშ სტატუსი უვადოდ.