თარიღი    დრო

დემოკრატიამ მოლდოვა რუსეთისკენ შეატრიალა

საქართველო, თბილისი - 09:57 03.20.2017 416

მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტი, იგორ დოდონი მცირე ხნის განმავლობაში უკვე მეორედ ეწვია მოსკოვს და მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

კრემლში მოლაპარაკების შემდეგ დოდონმა სენსაციური განცხადება გააკეთა: მოლდოვა უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ევრაზიულ კავშირთან“ და სამიოდე თვის შემდეგ გახდება კიდეც ამ პოსტსაბჭოური ორგანიზაციის, ანუ „ერზაც-სსრკ“ -ს წევრი.

მაგრამ კიშინიოვს  ხომ გაფორმებული აქვს „ასოცირების ხელშეკრულება“  და „ღრმა, ყოვლისმომცველი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ევროკავშირთან? „ევროკავშირში“ ასოცირებას „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრება ფორმალურად არ ეწინააღმდეგება, სამაგიეროდ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობის“ ხელშეკრულებას, ანუ ამ ხელშეკრულების დარღვევის გარეშე, მოლდოვა „ერზაც-სსრკ“ -ში ვერ შევა. გამოდის, მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია აბსოლუტურად სუფთა, დემოკრატიული, გაუყალბებელი კენჭისყრით, აპირებს მთლიანად შეცვალოს ქვეყნის განვითარების ვექტორი პროდასავლურიდან - პრორუსულზე.

„ნატო“-ს წევრობას კი მოლდოვა ისედაც არ ითხოვდა: ამ ქვეყანას დეკლარირებული აქვს „პოზიტიური ნეიტრალიტეტი“, რამაც იოტისოდენად ვერ მიუახლოვა იგი დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტას. თუმცა სტატუს-კვო და მშვიდობა კი შეუნარჩუნა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები, რომლებშიც დოდონმა პატიოსნად, ანუ გაყალბების გარეშე გაიმარჯვა, იყო ე.წ. „შავ-თეთრი არჩევნები“. ანუ, „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი, იგორ დოდონი,  არ მალავდა პრორუსულ განწყობას, ისევე, როგორც მისი მთავარი მოწინააღმდეგე, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატი, მაია სანდუ ღიად დეკლარირებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო რადიკალურად წაიყვანდა მოლდოვას  პროევროპული გზით.

მაშასადამე, ამომრჩევლებს უწევდათ მკაფიო, არაორაზროვანი არჩევანის გაკეთება „პროდასავლურ“ და „პრორუსულ“ ორიენტაციებს შორის და მათ ეს არჩევანი გააკეთეს, ხოლო კენჭისყრის შედეგთა რელევანტურობა, არჩევნების დემოკრატიულობა,  სამართლიანობა და გამჭვირვალობა ეჭვქვეშ (ვიმეორებ) არავის დაუყენებია.

ბუნებრივია, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დოდონს რუსეთი ეხმარებოდა, რომ ყველანაირ ტექნოლოგიას და ფინანსურ სახსრებსაც იყენებდა მის მხარდასაჭერად, მაგრამ ასე, მაია სანდუსაც ყოველნაირად ეხმარებოდა მეზობელი რუმინეთი, რომლის ელიტებს მოლდოვა სამართლიანად მიაჩნდათ და მიაჩნიათ სტალინის  ანექსირებულ ტერიტორიად. და არც იგივე ევროკავშირი-აშშ იქნებოდნენ გულხელდაკრეფილნი. . . . .

 ანუ, მხოლოდ მოსკოვის ჩარევით ამგვარი შედეგების ახსნა იმთავითვე სიყალბე და დემაგოგიაა: ამომრჩეველში თუ საფუძველი არ არსებობს, რუსული ინტერესი და ამ ინტერესის განმახორციელებელი „ინსტრუმენტები“ იქ ფეხს ვერ მოიკიდებდნენ. ფაქტია, დოდონმა ეს  არჩევნები მოიგო; თანაც, იმ ვითარებაში, როცა წინასწარ დეკლარირებდა პრორუსულ ორიენტაციას და გამარჯვებისთანავე შეუდგა წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოდონის განცხადებები არის ბლეფი. რომ ეს ყოველივე ბრტყელ-ბრტყელი „უორდინგის“, მემორანდუმებისა და დეკლარაციების სტადიას არ გასცდება; და რომ დოდონის მიზანი მხოლოდ მოლდოვური ღვინოს (თუნდაც დროებით) რუსულ ბაზარზე დაბრუნებაა, ხოლო რეალურ ნაბიჯებს „ევრაზიულ კავშირში“ გასაწევრებლად იგი ვერ გადადგამს. ვერ გაბედავს უბრალოდ, რადგან განურჩევლად ამომრჩეველთა რაოდენობისა, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ასეთ ცვლას მოლდოვაში რევოლუცია მოჰყვება!

ზოგადად ამგვარი საკითხები უმრავლესობა -უმცირესობით არ წყდება: წყდება მხოლოდ და მხოლოდ „ძალით“, როდესაც საზოგადეობის ერთი ჯგუფი იცავს, ახორციელებს ან  ამკვიდრებს (!) პოლიტიკურ დომინანტებს. ამგვარი დომინანტი კი მოლდოვაში (ისევე როგორც უკრაინაში,  საქართველოში) პროდასავლური ორიენტაციაა და აქ უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა დოდონს: ნებისმიერი რეალური ნაბიჯი სხვა მიმართულებით, აუცილებლად გამოიწვევს ისეთი დონის აფეთქებას, რომელიც ხელისუფლებას  წალეკავს; არჩევნების შედეგებზე აპელირება კი მას  ვერ უშველის - რევოლუციას თავის ლოგიკა აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა საქმე ეხება კარდინალურ ისტორიულ  გადაწყვეტილებებს, „ხალხის არჩევანს“ კი არა აქვს არ​სებითი მნიშვნელობა, არამედ პოლიტიკურ დომინანტებს, რომლებსაც ელიტები იზიარებენ და ამკვიდრებენ. ასეთ საკითხებს ელიტები (ისტებლიშმენტი) წყვეტენ და არა „ხალხი“.

არაპოლიტკორექტულია, მაგრამ ფაქტია.

აი კლასიკური მაგალითი: 1994 წლიდან, უკრაინის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში ის კანდიდატები  იმარჯვებდნენ, რომლებიც ამომრჩევლებს პირდებოდნენ, რომ რუსულ ენას გამოაცხადებდნენ მეორე სახელმწიფო ენად, დაუახლოვდებოდნენ რუსეთს და ა.შ. გაიმარჯვა კუჩმამ და გაიმარჯვა იანუკოვიჩმა 2004 წელს. იუშენკომ კი, სინამდვილეში, წააგო, მაგრამ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში.

 იმარჯვებდნენ იმიტომ, რომ უკრაინელთა (მათ შორის დონბასის მოსახლეობის) უმრავლესობა სწორედ ამ „პრორუს“ კანდიდატებს  აძლევდა ხმას. მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას ინაღდებდნენ, რუსული ენის, „მოსკოვთან დაახლოების“ და სხვა ამგვარი დაპირებების შესრულება „ავიწყდებოდათ“, რადგან უკრაინის პროდასავლური ელიტები ამის საშუალებას არ აძლევდნენ და, კაცმა რომ თქვას, აღარც თვითონ ცდილობდნენ.

როგორ არ ეცადა კრემლი, რა არ იღონა, „საკუთარი კანდიდატი“ გაეყვანა უკრაინის პრეზიდენტად: ჯერ კუჩმას მოაგებინა, მერე იანუკოვიჩს, მაგრამ რეალური შედეგი ვერ მიიღო, რადგან ეს კანდიდატები ვერ ბედავდნენ რეალური ნაბიჯების გადადგმას რუსეთისკენ, -  ეშინოდათ საპასუხო რეაქციისა.

იანუკოვიჩმა, სულ ბოლოს, გაბედა ასეთი ნაბიჯის გადადგმა: უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და მიიღო მეორე „მაიდანი“, რაც მისი დამხობით დასრულდა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა დასკვნა გამოიტანა ამ მოცემულობიდან პუტინმა? ის, რომ მართალია ნებისმიერი საარჩევნო პროცესი (მოსკოვისთვის როგორი „წარმატებულიც“ არ უნდა გამოდგეს) არ იწვევს ამა თუ იმ ქვეყნის ორიენტაციის შეცვლას, რაკი ელიტები ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურად არიან განწყობილნი, ხოლო პროდასავლური ორიენტაცია დომინანტურია, მაგრამ სამაგიეროდ, ამგვარი „ხლეჩა“ მასობრივ და ელიტურ განწყობებს შორის  ხელს უწყობს ამ ქვეყნების დესტაბილიზირებას, რადგან ელიტებისთვის, როგორი ყოვლისშემძლენიც არ უნდა იყონ, მაინც აუცილებელია საზოგადოების რეალური (!) კონსოლიდაცია  პროდასავლური კურსის გარშემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო, რომლის ორიენტაცია მხოლოდ ელიტებითაა უზრუნველყოფილი და არა საყოველთაო-სახალხო  კონსენსუსით (სტრატეგიული საგარეო ორიენტაცია კი მხოლოდ ასევე სტრატეგიული საყოველთაო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს) სუსტი და იოლად მოწყვლადი ხდება!

შესაბამისად, მოსკოვს არ გასჭირვებია ესარგებლა მორიგი უკრაინული რევოლუციით და უკრაინისთვის სულ იოლად წაეღლიტა ყირიმი, აგრეთვე პრორუსულად განწყობილი დონბასი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გაუთავებელი სპეკულაციაა  იმაზე, რა პერსპექტივა აქვს მოსკოვის ასეთივე  ტაქტიკას საქართველოში. ერთის მხრივ, ჩვენში შეუძლებელია დოდონის მსგავსი პერსონაჟის გამარჯვება, რაკი პრორუსული ძალები სუსტნი, მარგინალიზებულნი და, მთლიანობაში, „დაჩმორებულნი“ არიან პროდასავლურ ელიტათა აქტიური ქმედების (და არა მასათა რეალური განწყობის) შედეგად. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდასავლურ ორიენტაციაზე არსებობს ისეთი მძლავრი საერთო-სახალხო კონსენსუსი, რომ მოსკოვი ჩვენშიც ვერ შეძლებს მასშტაბური პროვოკაციის ჯერ მომწიფებას, შემდეგ კი განხორციელებას.

ამის ირიბი დადასტურებაა ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც (თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ) ქართული ელიტა მიტინგ-კონცერტებზე იჭაჭებოდა, ხოლო მასა სრულიად გულგრილად, ერთგვარი „აგდებითაც“ კი უყურებდა განვითარებულ მოვლენებს, - რეგიონებში რუს ჯარისკაცებს ხაჭაპურებს უცხობდნენ და რუსები თბილისისკენ რომ წამოსულიყვნენ, წინააღმდეგობის გამწევი ან „მსროლელი“ არსად  ჩანდა.

საზოგადოების რეალური განწყობა სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ვლინდება, ხოლო საერთო სახალხო კონსენსუსი, სინამდვილეში, ამ კონსენსუსისთვის მსხვერპლის გაღებას, ანუ  მსხვერპლისთვის მზადყოფნას ნიშნავს.  თუ ამგვარი მზადყოფნა არ ჩანს ან რეალურად არ მჟღავნდება, მაშასადამე დეკლარირებული  კონსენსუსიც ფეიკურია, როგორც „მოდელირებული ქრონიკა“.

მოსკოვში ეს იციან, ამას ხვდებიან და შესაბამის გეგმებსაც ამუშავებენ. „ქართველი დოდონი“  სჭირდებათ, თუმცა არა კრიტიკულად. სინამდვილეში, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფართო საერთო-სახალხო კონსენსუსის არდაშვება, პროდასავლური იდეის დისკრედიტაცია, იმედგაცრუება და მასობრივი „ხელის ჩაქნევაა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უმთავრესი კითხვა, რომელსაც ამ დისკურსში აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი შემდეგია: რატომ არ იწვევს პროდასავლური კურსი ამგვარ კონსოლიდაციას და  საერთო-სახალხო კონსენსუსს იმგვარად, რომდოდონებიდაიანუკოვიჩებიდემოკრატიულ არჩევნებში ვერ იმარჯვებდნენ?

რატომ არ გამოიწვია, მაგალითად, მოლდოვას უპრეცედენტო დაახლოებამ რუმინეთთან, უვიზო რეჟიმის შემოღებამ (ბევრად ადრე, ვიდრე საქართველომ მიაღწია ამას) ისეთი სიტუაციის შექმნა, როდესაც პრორუსული  ძალები, ანუ „დოდონები“ მარგინალებად იქცეოდნენ?

მოლდოველებს ხომ ჰქონდათ და აქვთ საშუალება, უვიზოდ ემოგზაურათ ევროპაში, ესარგებლათ იმ ეკონომიკური პრეფერენციებით, რაც მათ ევროკავშირმა დაუწესათ, მით უმეტეს რუმინეთის ძალიან მასშტაბური ფარული თუ ღია ეკონომიკური დახმარების პირობებში და ა.შ. ამის მიუხედავად, პატიოსან არჩევნებში (!), ესე იგი იმგვარ პროცესებში, როდესაც პროდასავლური ელიტები ვერ ახერხებენ მიზანმიმართულად დააჩმორონ და გაამარგინალონ „პრორუსული ძალები“, სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ.

ასე მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში.

რატომ?

იმიტომ, რომ „უვიზო რეჟიმი“ და ყველა ამჟამად არსებული ეკონომიკური პრეფერენცია, რაც დასავლეთმა გაიმეტა,  ვერ წყვეტს უმთავრეს დილემასა თუ პრობლემას: ადამიანები ერთის მხრივ ვერ გრძნობენ ეკონომიკურ სარგებელს პროდასავლური კურსით, ვერ ატყობენ სასიკეთო ცვლილებებს (უკვე ათწლეულების განმავლობაში) „მაცივარს“, ესე იგი ვერ ხედავენ ცვლილებებს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაში, მეორეს მხრივ კი, აქვთ სრულიად ნაივური ნოსტალგია იმ ეპოქისა, როდესაც მაგალითად,  მოლდოვური ღვინო, ვაშლი, ყურძენი თავისუფლად იყიდებოდა რუსეთში, არ არსებობდა არანაირი საზღვარი და ა.შ.

ზუსტად ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ელიტები, მოლდოვურისგან ან უკრაინულისგან განსხვავებით, აქტიური, ხშირად რეპრესიული მეთოდებით ახერხებენ პრორუსული ძალების მარგინალიზებას, საგარეოპოლიტიკური კურსის გარშემო კონსენსუსი საქართველოში მხოლოდ „ფეიკურად“, „მოდელირებულად“ არსებობს ფართო მასებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 მიზეზი იგივეა:  იმ აჭარელ „მემანდარინე“ გლეხს და გორელ „მევაშლეს“, ვისაც დღენიადაგ ვუმტკიცებთ პროდასავლური კურსის სიკეთეს, ახსოვს დრო, როდესაც თავისუფლად გაჰქონდა მანდარინი და ვაშლი რუსეთში, ხოლო დღეს ხედავს (ეს უეჭველი ფაქტია), რომ მიუხედავად ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობისა“, იმავე ევროპაში ვერ გააქვს ვერც მანდარინი და ვერც ვაშლი!

ვერ გააქვს, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ საბაჟო ბარიერის გარდა, რაც ფორმალურად მართლაც გაუქმებულია, არსებობს უამრავი სხვა ბარიერი: „სასაქონლო ფორმიდან“ (მაგ. კიტრის „მოდრეკილობის გრადუსი“ და ა.შ) - ფიტოსანიტარიამდე და ევროპულ ჰიპერმარკეტებში დაუშვებლობამდე, რაც მას, - კონკრეტულ ადამიანს - არ აძლევს რეალურად საშუალებას მიიღოს სარგებელი პროდასავლური  კურსიდან საკუთარი თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის.

ელემენტარული ლოგიკაა: საქართველომ სამი წლის წინ მოაწერა ხელი „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“ ევროკავშირთან. ავიღოთ „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები, რომლებიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომია: 2015 წელი. ექსპორტი ევროკავშირში- 645 მილიონი, 2016 წელი - 571 მილიონი.

თუ ხსენებული „ელემენტარული ლოგიკა“ ის არ არის, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირში  ექსპორტი ზრდის (და არა კლების) ტენდენციას უნდა ამჟღავნებდეს, მაშინ უნდა გავარკვიოთ ზოგადად, რა არის ლოგიკა და რამდენად შეიძლება ორჯერ-ორი იყოს შვიდი.

პოლიტიკაში, ალბათ, შესაძლებელია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რეალურად  ეს სიტუაცია ძალიან  საშიშია არა მხოლოდ საქართველოს საგარეო ორიენტაციის, არამედ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის: დისჰარმონია ელიტის კონსოლიდირებულ პოზიციასა და საერთო-სახალხო კონსენსუსს (ამ კონსენსუსის არარსებობას) შორის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მისცემს მოსკოვს საშუალებას, გამოიყვანოს ასპარეზზე ღიად პრორუსული ძალები, როგორც ეს მოახერხა უკრაინაში და ახერხებს ამჟამად მოლდოვაში.

ხოლო „ელიტურ ბრძოლებში“ ამ ძალთა დამარცხების შემთხვევაშიც კი, მოსკოვს ექნება საშუალება გაათამაშოს „უკრაინის“ სცენარი, ანუ მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება!

სინამდვილეში, სწორედ ეს მოხდა 1991 წელს, როდესაც  დაიწყო სამოქალაქო ომი, შინაარსობრივად, დამოუკიდებლობის მომხრე ძალებსა და იმ ძალებს შორის, რომლებიც ამ ღირებულებებისადმი მასობრივად გულგრილნი იყვნენ, რაკი მშვენივრად გრძნობდნენ თავს დამოუკიდებლობის გარეშეც. სწორედ ამ მასობრივ  გულგრილ-ნიჰილისტურ განწყობას  (გავიხსენოთ, რა ხდებოდა თუნდაც თბილისის რაიონებში რუსთაველზე სისხლისღვრის დროს) ეყრდნობოდა იმდროინდელ „პუტჩისტთა“ კრიმინალური ბანდა.

ამიტომ, თუ ქართულ პროდასავლურ ელიტებს არ სურთ მოვლენების კატასტროფული სცენარით განვითარება, მათ აუცილებლად უნდა უზრუნველყონ არა ფეიკური, ქაღალდზე არსებული, არამედ რეალური ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რისი ერთადერთი რეალისტური საშუალება ისაა, რომ უბრალო ადამიანმა, - უბრალო ფერმერმა და მეღვინემ იგრძნოს ხელშესახები მატერიალური  (!) სარგებელი ამ კურსიდან.

შესაბამისად, იმავე ევროპამაც მართლა (და არა ფეიკურად) უნდა გახსნას თავის ბაზარი და სხვა ბევრი გადაწყვეტილებაც  მიიღოს საქართველოს (უკრაინის, მოლდოვას) ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით, თორემ ადრე თუ გვიან საქართველოში ან „იანუკოვიჩის“ სცენარი განხორციელდება, ან „იგორ დოდონისა“.

მომავალი ქართველი „დოდონების“ გვარ-სახელებიც ყველამ ვიცით. უბრალოდ, ჯერ ჯერობით „მთვლემარე რეზერვში“ იმყოფებიან.

ნიკა იმნაიშვილი  




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 64.9%
შემცირდა 29.6%
არ შეცვლილა 5.5%