თარიღი    დრო

საპარლამენტო მმართველობის მოდელი, ერთპარტიულ გარემოში, კოლექტიური ავტორიტარიზმია - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:28 02.03.2017 6019

2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ვადის ამოწურვის ბოლო დღეს  თავის შემცვლელს  რამდენიმე რჩევა მისცა. მას შემდეგ უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა. რას ფიქრობს დავით უსუფაშვილი,  ითვალისწინებენ თუ არა, მის რჩევებს  და ზოგადად, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესები, ამ საკითხებთან დაკავშირებითა  და მის სამომავლო გეგმებზე GHN დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

დავით უსუფაშვილი:  ცხოვრება გრძელდება. ქვეყანა ფუნქციონირებს და იმართება ადამიანების მიერ, რომელთა უდიდესი უმრავლესობა მაქსიმალურად მონდომებული და მოწადინებულია, ქვეყანა წინ წავიდეს. არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც ახლო მომავალში იჩენს თავს, თორემ შორეულ მომავალში უფრო მძიმე იქნება და ეს გახლავთ, პოლიტიკური სისტემის განვითარების საკითხში გამოცხადებული ე.წ. „შესვენება“. ანუ, ჩათვლა, რომ მრავალპარტიული დემოკრატიული პოლიტიკური  სისტემა არის ნაკლებეფექტიანი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც გვაქვს და საჭიროა, სუპერცენტრალიზებული, სუპერ კონცენტრირებული პოლიტიკური სახელისუფლო იერარქია. აი, ეს არის, ძალიან მძიმე შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ  ბოლო არჩევნების შემდეგ და ეს თემა, ეს საკითხი არის, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო დამაფიქრებელი, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის, სახელმწიფოს განვითარებაზე. შესაძლოა, ამ პრობლემების ნეგატიური შედგები, ამ წუთისთვის, ყველასთვის არ იყოს ძალიან მკაფიო,  მაგრამ სამწუხაროდ, გარდაუვალია - როგორც სახელმწიფო მომსახურებისა და სერვისების ხარისხის კლება, ასევე საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვა. ზოგადად, თავისუფლებების ნაწილში პრობლემების გაჩენა იმიტომ რომ - სუპერცენტრალიზებულ და კონცენტრირებულ საკონსტიტუციო უმრავლესობადწოდებულ სახელისუფლო სისტემას ბუნებრივი მოთხოვნილება უჩნდება, რომ ასეთივე სუპერკონცენტრირებული მედიაგარემო  არსებობდეს.  იგივე ხდება ბიზნესსექტორში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემა კვლავ გაჩნდა ქვეყანაში, როდესაც წამყვანი ბიზნესწრეები იმავდროულად, პოლიტიკაში არიან არა იმისთვის, რომ საკუთარი  ბიზნესგამოცდილება ახლა პოლიტიკას მოახმარონ, არამედ პირიქით, იმისთვის არიან, რომ  პოლიტიკურ  სისტემაში ახლოს იყვნენ სახელისუფლო ოლიმპთან, მაგრამ რეალურად  გააგრძელონ საკუთარი ბიზნესის კეთება. ესეც, რა თქმა უნდა, იმავე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

- თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტი ვერ იყენებდა არსებულ ბერკეტებს მთავრობის კონტროლისთვის, რაც უკვე, ცხადია,  ძალთა დაბალანსების  პრობლემას ქმნის. პარლამენტის  თავმჯდომარე და დღევანდელი პარლამენტარები კი ამბობენ, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს.  თავიდანვე ასეთი პოზიციით მუშაობის დაწყება თქვენთვის რის მაჩვენებელია?

- მოხარული ვიქნები,  თუ დავინახავ, რომ პარლამენტი რეალურად დაიმკვიდრებს იმ ფუნქციას, რაც მას ეკუთვნის. განსაკუთრებით, საპარლამენტო  მმართველობის პირობებში. მოხარული ვიქნები, დავინახო, რომ სწორედ მთავრობა გრძნობს ანგარიშვალდებულებას საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ და არა პირიქით, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა არის ანგარიშვალდებულებით განმსჭვალული  მთავრობის წევრების  მიმართ. თუ ეს უკვე ასეა და მე  გამომრჩა, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი  იქნებოდა. ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ჯერ კიდევ მისაღწევია და ამას ძალიან ბევრი რამ სჭირდება. სამწუხაროდ, ამ პარლამენტმა გააგრძელა  ჩვენი პარლამენტის და წინა უმრავლესობის არასწორი პრაქტიკა, რომელიც იყო შესაცვლელი, მაგალითად, იგივე მთავრობის წევრებთან ურთიერთობაში.

ამის კარგი მაგალითია „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება. მაშინ, როდესაც ყველა მედიასაშუალება ამ თემით არის გაჯერებული; როდესაც ამ საკითხზე  დღეში რამდენიმე კომენტარის გაკეთება უწევთ მთავრობის წევრებსაც და პარლამენტის წევრებსაც, თავად უმრავლესობის  წამომადგენლებს, ასეთ პირობებში იმის თქმა, რომ ჩვენ კითხვები არ გვაქვს და პრობლემა არაფერია, მაშინ საერთოდ რაღაზე ვლაპარაკობთ? თუ საერთოდ უსაფუძვლო და უსაგნო  თემაა წამოწეული ვიღაცეების მხრიდან, მაშინ თავად  რატომ თვლი საჭიროდ, რომ ამას პასუხი გასცე და, თუ საჭიროდ თვლი, რომ პასუხი გასცე, მაშინ რატომ არ თვლი საჭიროდ, რომ სწორედ ის ბერკეტი და ის ინსტიტუტი გამოიყენო  ასეთ თემებში სიცხადის შესატანად, რაც  ინსტიტუციურად უკვე არსებობს, რომლითაც მთავრობის წარმომადგენელი  უნდა მიბრძანდებოდეს და ამ თემებზე იყოს საგნობრივი მსჯელობა.

ცხადია, ამ თემაზე სცოდავს ოპოზიციაც, რომელსაც მთავრობის წევრების ასეთი მისვლა პარლამენტში ათიდან ცხრა შემთხვევაში წინმსწრებად დაგეგმილი სკანდალური ვითარების შესაქმნელად  უნდა. მე მესმის, რომ ამას მთავრობის წევრიც გაურბის და საპარლამენტო უმრავლესობაც, მაგრამ მე მაშინაც ამ პოზიციაზე ვიყავი და დღესაც ამ პოზიციაზე ვარ და ვურჩევ, გადალახონ ეს ბარიერი.  ორი კვირის განმავლობაში ცხრა-ათი მინისტრი ერთდროულად მივიდეს პარლამენტში და კომპეტენტურად  ილაპარაკონ თავის საქმეებზე, რა მოხდება. მოხდება ის, რომ ამით ოპოზიციურ სკანდალურ ფონს მოხსნიან და ინსტიტუტები, პარლამენტი და მთავრობა,  ნორმალური ურთიერთობის რეჟიმში უფრო სწრაფად და კარგად გადავლენ.

- პარლამენტს გაძლიერება სჭირდება?

პარლამენტს სჭირდება გაძლიერება კონსტიტუციური ცვლილებების გზით, თუმცა ის ბერკეტები, რაც ამ დროისთვის პარლამენტს უკვე გააჩნია, უფრო მეტად არის გამოსაყენებელი. თავისთავად, ის დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და ვეტოს დაადებს კანონპროექტს, ეს ითვლება მავნებლობად და სახელისუფლებო გუნდის ღალატად. ხოლო თუ მთავრობიდან წამოვა კანონპროექტი პარლამენტში ინიციატივის სახით, ამაშინ არის ქება-დიდება მთავრობისადმი და პროექტის უსიტყვოდ ისე მიღება, როგორც მთავრობამ გამოაგზავნა. ეს ორი რეალობა - პრეზიდენტის კონსტიტუციური ნაბიჯისადმი მუდმივად ისეთი დამოკიდებულება, რომ ის ცუდს აკეთებს და მთავრობისადმი დამოკიდებულება, რომ ის ყოველთვის მართალია და რაც არ უნდა გამოაგზავნოს პარლამენტში, ჩვენ იმას აუცილებლად მივიღებთ და არ გვექნება სერიოზული კითხვები, ეს უკვე მეტყველებს იმ  არაბოლომდე გამართულ სისტემაზე, რაც გვაქვს.

- სასამართლოს რეფორმაზე პრეზიდენტის ბოლო ვეტოს როგორ აფასებთ? რომელი მხარეა მართალი?

- კანონპროექტზე მსჯელობისას, პირველ რიგში, მის არსზე უნდა ვიმსჯელოთ. პრეზიდენტოს ვეტო ბოროტებად არ უნდა წარმოვიდგენოთ. და თუ ასეა, აი, კონსტიტუციიდან სულ ამოიღებენ და მერე ნერვები აღარავის მოეშლება ამ ვეტოთი. მსჯელობა უნდა იყოს არსზე. კონკრეტულად, ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მოულოდნელია ჩემთვის და გაუგებარია უმრავლესობის წევრების მიერ პრეზიდენტის დადანაშაულება კონკრეტულად ამ რეფორმის შეყოვნებაში.  მაშინ, როდესაც ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ გამოისობით ეს კანონპროექტი პარლამენტში იყო გაჭედილი წელიწადზე მეტ ხანს და  ზუსტად ამიტომ, მინიმუმ ერთი წელი დაიკარგა და ახლა პრეზიდენტმა ვეტო რომ გამოიყენა და ამით პროცესი 3-4 კვირით  გადავადდა და ეს 3-4 კვირა, თურმე, უფრო მნიშვნელოვანი დაყოვნებაა, ვიდრე მთელი ერთი წელი, როდესაც სწორედ ოცნების გამო იყო ეს პროექტი გაჩერებული.

ამ თემაზე თავის დროზეც ძალიან ბევრი ითქვა და მეც, პირადად არაერთხელ მივმართე კოლეგებს, რომ ნუ ვაყოვნებთ ამ რეფორმას. თუ ვერ ვთანხმდებით ერთ საკითხზე, ეს იყო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესი,  უმრავლესობის დანარჩენი წევრები მზად ვიყავით, წავსულიყავით იმაზე, რომ ეს  მუხლი დარჩენილიყო ისე, როგორც არის და დანარჩენი საკითხები მიგვეღო. ამისთვის ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა კონკრეტულად  „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ პარლამენტში. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო იმაზე, რომ  სწორედ პოლიტიკური მიზანი და ამოცამა იყო,  რაც შეიძლება, მეტად დაყოვნებულიყო იმ ნოვაციების ძალაში შესვლა, რაც უკავშირდება, მაგალითად, საქმეების ელექტრონული წესით განაწილების სისტემაზე გადასვლას.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, აქ არის თემები, რომელზეც, მაგალითად მოსამართლის 3-წლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, მე, შესაძლოა, პარლამენტის პოზიციას უფრო ვიზიარებდე, ვიდრე პრეზიდენტის. ვხედავ იმ რეალობას, რომ სასამართლო სიტემაში საკადრო საკითხების მოგვარებაში საკმაოდ მრავალმხრივი პრობლემა გვაქვს და, ამიტომ კანონით დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მიცემისთანავე, სამწუხაროდ, არ და ვერ აისახება  მოსამართლეების  რეალურ დამოუკიდებლობაში.

სხვა თემებს, რომელიც პრეზიდენტმა წამოჭრა, პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნებოდა  პარლამენტში, მე ახლა ხმა რომ მქონდეს და  თავად ამ საკითხსაც 3-წლიან ვადასთან დაკავშირებით,  ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარს დავუჭერდი,  რადგან მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ დასმული საკითხები, თავისთავად, იმდენად სწორია, რომ მისი გაზიარება,  აუცილებელია. პარლამენტმა კი ან ყველაფერი უნდა  გაიზიაროს ან ყველაფერზე უარი უნდა უთხრას, რადგან ვეტოს ნაწილის გაზიარების მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ, ყველა შენიშვნას გავიზიარებდი და, ჩემი აზრით, ამით უფრო წინ გადაიდგმეოდა ნაბიჯი.

- უმრავლესობა რატომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონპროექტს, რა ინტერესი ჰქონდათ თუ ეს იყო  რაღაც მითითების შესრულება?

-  მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ რეფორმის დაყოვნება, პრაქტიკულად შეჩერება, თავისთავზე ღიად და საჯაროდ თავის  თავზე აიღო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“. მე  ჩემს კოლეგებს საჯაროდ  ვეუბნებოდი, რა ხდება, მთავრობა ელის ჩვენგან ამ გადაწყვეტილებას და თქვენ აჭიანურებთ-მეთქი. ამ საქმეში იმდენი გამოცდილება კი მაქვს,  რომ ვივარაუდო, ეს არ იყო საპარლამენტო უმრავლესობის გაჯიუტება მაშინ, როდესაც მთავრობა ითხოვდა სწრაფად  მიღებას. მგონია, რომ სინამდვილეში, ყოველ შემთხვევაში, შარშანდელი მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს მაინცდამაინც არ ეჩქარებოდათ მთელი რიგი საკითხების ისე გადაწყვეტა, როგორც პროექტშია ჩადებული.

სხვათა შორის, ამ კანონპროექტმა მძიმე გზა გაიარა და ბევრი რამ შეეწირა. ისევ  სასამართლო სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრ დეტალზე არ ვისაუბრებ, რადგან ახლა ამაზე საუბარი არაფრის მომტანია. თუმცა, იმას კი ვამბობ, რომ უშუალოდ ამ  კანონპროექტის შექმნის პროცესში და მისი განხილვის პროცესში, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში ძალიან ბევრი რამ მოხდა, რამაც ხელი არ შეუწყო სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირებას. ახლა ჯოხის პრეზიდენტზე გადატეხვა, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება.

-„ქართულ ოცნებაში“  გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის, ვისი ინტერესი შეიძლება, რომ ყოფილიყო?

- როგორც მე  ვიცი, გიორგი კვირიკაშვილი. ის არის პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის  ლიდერი.

-ოფიციალურად არ ვგულისხმობ...

- წელიწადზე მეტია, არ ვიცი,  ოცნების შიგნით რა ხდება. დარწმუნებული ვარ, კვირიკაშვილის გარეშე, არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება.  რომელი გადაწყვეტილების ინიციატორია თავად, რომელია მისი გუნდის მხრიდან ინიცირებული, ეს უკვე დეტალებია. მგონია, რომ არასწორ და შედეგის არმომტან გზას ვირჩევთ, როდესაც ყველაფერში არაფორმალურ ლიდერსა და მმართველს მივუთითებთ. ამით სახელისუფლებო სისტემაში ყველა დანარჩენი, როგორც მინიმუმ, რჩება პასუხისმგებლობის მიღმა.  ასე არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე 4 წლის განმავლობაში ვიყავი და კეთილი უნდა ვინებო და ყველა გადაწყვეტილებასა და ყველა სიტყვაზე, პირადად ვაგო პასუხი. იმ კონკრეტული გადაწყვეტილებისას ვინმეს რამე ვკითხე, ვინმემ რამე მირჩია, მიჩურჩულა, ერთად განვიხილეთ თუ  ცალკ-ცალკე, ეს არავის უნდა აინტერესებდეს. მე თუ არ მედგომებოდა, უნდა წამოვსულიყავი. თუ ვიყავი და ვმუშაობდი, ე.ი.ვთვლიდი, რომ  კარგ საქმეს ვაკეთებდი და მედგომებოდა. კონკრეტული ადამიანები არიან მთავრობაშიც, პარლამენტშიც, სასამართლოებშიც და ამ ადამაინებს მოვკითხოთ პასუხი და ტაშიც დავუკრათ, როდესაც დასაკრავია. ასე თითის გაშვერა სადღაც,  სინამდვილეში, არც ფორმალურ მმართველობას დაასრულებს და კონკრეტული ადამიანებიც პასუხისმგებლობის გარეშე დარჩებიან.

- საკონსტიტუცო რეფორმა ამჯერად რამდენად კარგად დაიწყო და სად ჩანს პრობლემა?

- საკონსტიტუციო რეფორმის აუცილებლობა არსებობს. ცხადია, ეს მაინცდამაინც  კარგი არ არის. სჯობს, კარგი და სტაბილური კონსტიტუცია გვქონდეს.  2010 წელს ის მოდელი, რომელიც სააკაშვილმა თავისი თავისთვის შეიმუშავა, აშკარად ნაკლულია და მას სჭირდება გამართვა. წინა პარლამენტში ეს ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება. ახლა კი ვართ მეორე უკიდურესობაში - როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე არსებობს და არის ძალიან დიდი ყურადღება, რათა ისეთი რაღაც არ მოხდეს, რაც 2010 წელს მოხდა. საკონსტიტუციო კომისია მაშინაც იყო შექმნილი, მაშინაც იყო განხილვები და  ამ პროცესში ბევრი იყო   ჩართული, მაგრამ ბოლოს ხელისუფლებამ მაინც ის მიიღო, რაც თავად უნდოდა.

ამ წუთამდე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას რასაც ვუყურებ, საკმაოდ აქტიურია, უკვე ბევრი წინადადება დაიდო და ეს ძალიან კარგია. თუმცა, შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა. წინადადეები  წინა კომისიაშიც ბევრი იყო, ახლა მნივნელოვანი ის არის, ამ წინადადებებიდან რომელი იქნება გაზიარებული, რომელი  - არა. რა მიდგომები იქნება გაზიარებული...  დაახლოებით  ერთ თვეში გამოიკვეთება, საით მიდის პროცესი და შეფასებების გაკეთება  მაშინ უფრო   შეგვეძლება.

- ფაქტობრივად, გამოკვეთილია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების საკითხი და კიდევ ცალკეული თემები. 

- პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართულება არის  ძალიან აფიშირებული საკითხი და ამას ხელი შეუწყო კომისიის შექმნამდე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტ-მთავრობას შორის არსებულმა  დისკუსიამ, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები, რომლებიც ფორმალურად კომისიის წევრებად ითვლებიან, პროცესში არ მონაწილეობენ. ეს ცხადია, კარგი არ არის. ამაზე ერთხელ უკვე მივანიშნე, რომ  ამ პროცესიდან პრეზიდენტის  იგნორირება არ იქნება სწორი. დისკუსია ერთია,  მაგრამ მოქმედებებით ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამიზნული ნაბიჯების გადადგმა - მეორე.

ცხადია, ერთ-ერთი ცენტრალური თემა რაც იკვეთება, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. მაგრამ აქ  არჩევის წესში კი არ არის საქმე, არამედ იმაში, თუ ქვეყანას პოლიტიკურად რამდენად წონიანი ფიგურა უნდა ჰყავდეს პრეზიდენტის სახით. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, ცხადია, პოლიტიკურად  გაცილებით წონიანი ფიგურაა და მას საზოგადოება ასე აღიქვამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი უმნიშვნელო ფიგურაა და მას კონსტიტუციით უფლებამოსილება არ ექნება. არჩევის წესთან დაკავშირებით მე ვიყავი  საპარლამენტო მოდელისა და  პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრე, მაგრამ, როდესაც ამის მომხრე ვარ,  ძალიან ბევრი სხვა რამის მომხრეც ვარ და მინდა, ეს ყველაფერი კომპლექსურად დავინახო.  

- სხვაში რას გულისხმობთ?

-მაგალითად, სრულიად თავისუფალ სასამართლო სისტემას, რომელიც ძალიან აუცილებელია. ასევე, მრავალპარტიულ სისტემას. საპარლამენტო მმართველობის მოდელი არამრავალპარტიულ გარემოში არის კოლექტიური ავტორიტარიზმი და სხვა არაფერი. ამიტომ, როდესაც მე საპრეზიდენტო მმართველობის მოდელის მომხრე არ ვარ, ამით არ ვარ მომხრე ერთი ადამიანის ავტორიტარული მმართველობის, რისიც დიდი ალბათობა და ტენდენციაა ჩვენნაირ ქვეყნებში. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც საპარლამენტო მმართველობის მოდელზე ვსაუბრობთ, იქ თუ ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა დამკვიდრდება და ეს იქნება მომავალი, მაშინ საპარლამენტო მმართველობის მოდელითაც მივიღებთ ისევ ავტორიტარიზმს, ოღონდ უკვე ერთპარტიულ ავტორიტარიზმს. ასეთ პირობებში, პოლიტიკურად სუსტი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უკვე პრობლემაა. ამიტომ არის ექსპერტულ და პოლიტიკურ წრეებში შეშფოთება, რომ, როდესაც ოცნების მხრიდან ასეთ ტენდენციებს ვხედავთ, რომ  სახელისუფლებო სისტემაზე ტოტალური კონტროლისა და გავლენის დამყარება უნდათ და ეს არის არა ამომრჩევლის ნება და სურვილი, არამედ თავად ამ ძალის პოლიტიკური განზრახულობა. ჩვენ არჩევნების წინ მათი მხრიდან გვესმოდა,   გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობაო და ეს კი ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებაში სხვა არავინ არ  მჭირდებაო. ასეთ ვითარებაში, ცხადია, გაჩნდა სერიოზული არგუმენტები, რომ  არაპირდაპი წესით არჩეული პრეზიდენტიც სრულად  და ბოლომდე მმართველი გუნდი ინტერესების გამტარებელი იქნება და სისტემა სრულად დაუბალანსებელი გახდება. ამ ხიფათს პირადად მეც ვხედავ. ამიტომ ჩემი კომპრომისული ვერსია იქნებოდა, რომ შეიძლებოდა, შემოგვეღო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, მაგრამ ეს გაგვეკეთებინა შემდეგი არჩევნების შემდეგ. ფაქტობრივად, დღეიდან 7 წლის შემდეგ. ჩემი ვარაუდი კი იმას ემყარება,  რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში მგონია და  მჯერა, რომ მოვახერხებთ მრავალპარტიული საპარლამენტო მოდელის დამკვიდრებას და უკვე მრავალპარტიული სისტემის პირობებში არაპირდაპირი წესით არჩეული  პრეზიდენტი, უკვე ადეკვატური და სწორი მოდელია.

- მრავალპარტიულობისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო თუ დამატებითი  საკონსტიტუციო გარანტიებია საჭირო?  იგივე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეც არ არიან თანახმა, რაც  ქართულ რეალობაში, ერთპარტიულობის ხელშემწყობია.

- რა  თქმა უნდა, მრავალპარტიულობა კონსტიტუციური მექანიზმებითაც უნდა  იყოს გარანტირებული. საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტია, რომ დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერით, მმართველმა ძალამ მაჟორიტარული არჩევნებით მოიგო ყველა ოლქი. მაჟოროტარული სისტემა ჩვენს რეალობაში იმიტომ, რომ ამ სისტემას ეხმარება ბევრი რამ, ფაქტობრივად, ნიშნავს გავლენით ნომერ პირველი პარტიის ხელში  სრულ ძალაუფლებას და ეს  ნომერ პირველი შეიძლება 25%-იანი იყოს, შეიძლება - 36%-იანი, მაგრამ მას მიაქვს სრული ძალაუფლება. ბოლო არჩევნებმა დაამტკიცა, რატომ არის ეს სისტემა ჩვენს რეალობაში არასწორი. სააკაშვილის მმართველობის დროსაც არანაკლებ დასტურდებოდა,  მაგრამ მაშინ ორ-სამგან  მაინც ახერხებდა  სხვა პარტიის წარმომადგენელი თუ  ზოგადად, არანაციონალი გასვლას. ახლა კი 100%-იანი შედეგია ხელისუფლების სასარგებლოდ. ვინც ამ სისტემას უჭერს მხარს, ის გვეუნება, რომ დიახ, მრავალპარტიულობის წინააღმდეგია და ის ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობების მომხრეა. ასეთ შემთხვევაში კი ჩემი პასუხი ის არის, რომ რადგან თქვენ ერთპარტიულობის მომხრე ხათ, ჩვენ იძულებული ვართ, ისეთ მექანიზმებზე ვიფიქროთ, რომელიც ამ ერთპარტიულობას დააბალანსებს და პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ერთ-ერთი ასეთი მოდელია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, 7 წელში ეს უნდა დავამსხვრიოთ და 2020 წლის არჩევნებზე ეს   ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა იქნება.

-საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, პრობლემებია  მმართველობაში. ვგულისხმობ ქართველი მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემას,  თავდაცვის სამინისტროდან სამახედროების გათავისუფლების საკითხს და ა.შ.  ხელისუფლების ოპონენტები ამ ყველაფერს ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას და რუსეთის ინტერესების  გატარებას უწოდებენ.  თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- ეს ორი საკითხი მაინც სხვადასხვა თემებია. ბატონი ცერცვაძის  საქმე და თავდაცვის სამინისტროში ცვლილებები არა მგონია, რომ ერთ ჭრილში უნდა დავინახოთ. პირველ რიგში, ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო მმართველობით სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმა. კონკრეტულად თავდაცვის მიმართულებით, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მივიღეთ ე.წ. გადმობრუნებული პირამიდის პრინციპზე აგებული შეიარაღებული ძალები, როდესაც მაღალი ჩინის ოფიცრების რაოდენობა გაუმართლებლად დიდია, პროპორციის თვალსაზრისით, მებრძოლთა, ჯარისკაცთა რაოდენობასთან მიმართებაში. ამიტომ,  ამ მიმართულებით, რაღაც გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იყო საჭირო. ისიც იყო, რომ თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა მოსაზრებებით და არა უშუალოდ უწყების უკეთ მართვის მოსაზრებებით ადამიანების დასაქმება.  ეს პრობლემები არის, მაგრამ რა ფორმით და რა მიმართულებით განხორციელდა ეს ოპტიმიზაცია, ამაზე მეტი ინფორმაციაა საჭირო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი ის თემაა, რითიც დავიწყეთ საუბარი, რომელზეც მე დავინახავდი, რომ პარლამენტში ხდება მინისტრის მოსმენა, სადაც ის გრაფიკით, რიცხვებით,  სქემებით გადის ამ საკითხს და საზოგადოებას უხსნის, რა მოხდა. 

რაც შეეხება ცერცვაძის საქმეს, აქ ჩემთვის გაუგებარი დარჩა სახელისუფლებო უწყებების მოქმედების პრინციპები მანამ, სანამ ეს საკითხი საჯარო სივრცეში გამოვიდოდა და მას შემდეგ. საქმე გვაქვს ორ უკიდურესობასთან. მრჩება განცდა, რომ ვიდრე ეს თემა საჯარო გახდებდა, მანამდე ეს თემა უმნიშვნელოდ იყო ჩათვლლი, რომ რაღაც მოხდა და არაუშავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა, აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში - თითქოს მთელი სახელმწიფო დარაზმულია ამ ადამიანის უფლებების დასაცავად. ასეთი რყევები თუ ნახტომები ერთი უკიდურესობიდან მეორეში, არ არის კარგი. მე ვარჩევდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს  ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებთან დაკაშირებით, ვინც დღეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობს ისე, რომ მას არა აქვს  ჩვენი სახელისუფლებო სისტემის დასტური. ჩვენი დანაყოფები და შენაერთები საერთაშორისო ოპერაციებში დღესაც არიან და ვიცით, ვინ არიან, სად არიან და რატომ არიან. უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენმა სახელისუფლებო სისტემამ რაღაც მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. ისე არ გამოვა, რომ ერთ საქმეზე ასე ვიქცეოდეთ და მეორეზე - სხვაგვარად.

მეორე მხრივ, ვერც იმას მივესალმები, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სხვა სახელმწიფოდან  იმ თითის დაქნევით და მუქარით  ელაპარაკებიან საქართველოს  კანონიერ ხელისუფლებას, რაც ნორმად იქცა და რასაც ტირაჟირებას უკეთებს ოპოზიციის  ერთი ჯგუფი - თითქოს, ჩვენ ვალში ვართ  და ა.შ.  ზოგადად, იარაღის ხელში აღებით მოქალაქე პასუხისმგებლობას იღებს  ბევრ რამეზე. მათ შორის, საკუთარ მომავალზეც.  ყველას ყველაფერს ვუფასებ, მაგრამ ასევე ყველას მივმართავ, რომ საკუთარ სახელმწიფოს და საკუთრი სახელმწიფოს კანონიერ ხელისუფლებას თითის დაქნევით და სხვა ქვეყნიდან იარაღით ხელში არ უნდა ველაპარაკოთ. ეს, დაუშვებელია.

- ოპოზიციაში  მიმდინარე  პროცესებზე რას იტყვით და როგორია  თქვენი გეგმები?

-ბოლოდან რომ დავიწყოთ, დაახლოებით, ერთ თვეში მოგახსენებთ კონკრეტულ გეგმებზე. ეს იქნება კომპლექსური გეგმები და ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება. შესაძლოა, ეს დროში გაიწელოს, მაგრამ იქნება აქტიური პოლიტიკური საქმიანობა სხვადასხვა ფრონტზე. უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ.

რაც შეეხება, ზოგადად, ოპოზიციას, 2003-2004 წლებში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, მაშინაც ძალიან ტექტონიკური ცვლილებები მოხდა. ბევრი  პარტია სხვას შეუერთდა, ვიღაცა საერთოდ გაქრა. ახალი პარტიები გაჩნდა და ა.შ. ახლა, 2016 წლის არჩევნების  შემდეგ რაც მოხდა, იყო 2012 წლის არჩევნების პოლიტიკური შედეგი, ოღონდ დროში გაწერილი. 2012-2016 წლებში მოვლენები შენელებული კადრის პრინციპით განვითარდა და 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილების შედეგი პოლიტიკურ სპექტრზე აისახა 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ  ივანიშვილის შექმნილმა პარტიამაც სრული ძალაუფლება ხელში 2016 წლის არჩევნების შემდეგ აიღო, ყოველგვარი  მინარევების გარეშე . კოალიციური გუნდი, როგორც ჩანს, მისთვის ეტაპი იყო ამ მიზნის მისაღწევად. მეორე მხრივ, დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განვითარებული პროცესების შედეგად  მივიღეთ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი დემოკრატიული ტრადიციების ნაკლებობის შედეგი იყო, როდესაც ცვლილება იარაღით ხდება, ვარდებით თუ  ბიულეტენით, მაინც აპოკალიფსურად არის წარმოჩენილი და იწვევს ამ დონის რყევებს. ეს არ არის სტაბილური პოლიტიკური სისტემის მანიშნებელი და ჩვენ მრავალპარტიულობა სწორედ იმიტომ გვინდა, რომ ეს სტაბილურობა შემოიტანოს და ქვეყანა არ იყოს მუდმივი რყევების პროცესში.  

„ჯო-ეიჩ-ენი“, ესაუბრა რუსა მაჩაიძე




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%