თარიღი    დრო

საბჭოთა კავშირი, სახელად «Газпром»

საქართველო, თბილისი - 10:37 01.19.2017 1373

რუსულ „ენერგომონსტრთან“ გაფორმებული, ნამდვილად კაპიტულანტური ხელშეკრულება ქართული პოლიტიკის „ფეთქებადი ნაღმი“ ხდება. ისევე, როგორც 2003 წელს, როდესაც ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე (სააკაშვილი ნაკლებად, თუ ყურადღებით გაიხსენებთ)   მძვინვარედ აპროტესტებდნენ ამერიკული «AES-თელასის» მიერ, თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის, -  რუსული «РАО ЕЭС Россия»-სათვის მიყიდვას ციმბირული ნავთობსაბადოს სანაცვლოდ;  და 2008 წელს, როცა „ხუთდღიანი ომიდან“ სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, იმავე ანატოლი ჩუბაისის („ლიბერალური იმპერიის“ იდეოლოგის) «РАО»-სთან   გააფორმა გამაოგნებელი მემორანდუმი - „ენგურჰესის“ მართვაში გადაცემის თაობაზე.

ოთხშაბათს საღამოს, სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ გამართულ კრეატიულ პერფორმანსში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, ვინც ყოველთვის ყველაფერს აპროტესტებდა, მაგრამ იქ ისინიც იყვნენ, ვისაც 2008 წელს „რატომღაც არ გასჩენია“ მოთხოვნა მაშინდელ ხელისუფლებასთან, „ენგურჰესის“ თაობაზე პარაფირებული მემორანდუმი გამოექვეყნებინა, დღეს კი გააფთრებით ითხოვს «Газпром»-თან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას იმ სამართლიანი არგუმენტით, რომ ამგვარი შეთანხმება საიდუმლო არ უნდა იყოს.

რაც შეეხება  РАО „ЕЭС“ - სს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ავტორებს (მას შემდეგ რაც ძალაუფლება გაინაღდეს), ის სკანდალური გარიგება საერთოდ აღარ გახსენებიათ, ხოლო თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელს დღემდე ჩუბაისის РАО-ს მემკვიდრე Интер-РАО ფლობს.

თუმცა, ორივე ხომ რუსული სახელმწიფოს „ქოფაკი ძაღლია“?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«Газпром»-ზე ასე დამამცირებლად ვერ ვიტყვით, რადგან ეს კონცერნი ბევრად მეტი და ბევრად უარესია!

 გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას,  „გაზპრომი“ თვით რუსული იმპერიაა - მისი არა „შეკვეცილი“, არამედ სუბლიმირებული ფორმით: საბჭოთა კავშირი 1991 წლის დეკემბერში დაიშალა. მას შემდეგ ნევასა და მოსკვა-რეკაში უამრავმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ის გრანდიოზული სახელმწიფო, მისი აგრესიული სულისკვეთება და გეოპოლიტიკური მისწრაფებები კვლავ ფეთქავს და ქშენს ამ კოლოსალურ  კონცერნში.

მერე რა, რომ დღეს სააქციო საზოგადოებაა და, როგორც ამბობენ, მისი აქციები „ყველამ შეიძლება შეიძინოს“: 50%+ „ოქროს აქცია“ ხომ მაინც კრემლს ეკუთვნის?!  მთავარი კი, რაშიც ძველებური არსი მჟღავნდება, სწორედ იმპერიალიზმია!

ეს არ არის კომერციული ორგანიზაცია, როგორც ამერიკული „ეფლ“ ან იაპონური „ტოიოტა“  - მასში „შეიკუმშა“ ყველაფერი, რაც თითქოს დაინგრა და გაცამტვერდა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ: სახელმწიფო მონოპოლიაც და „ვარშავის“ სამხედრო ბლოკიც, რომლის მეშვეობით კრემლი აღმოსავლეთ ევროპას აკონტროლებდა - ბერლინის ჩათვლით.

ამდენად, ხელშეკრულება «Газпром»-თან იგივეა, რაც გარიგება კრემლთან. უფრო კონკრეტულად კი, დღევანდელ იმპერატორ ვლადიმერ პუტინთან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„რას მოაწერა ხელი“ კახი კალაძემ, მეტნაკლებად ცნობილია იმის მიუხედავადაც კი, რომ დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.  ბოლოს და ბოლოს, არსებობს უამრავი წყარო, ქართულიც და განსაკუთრებით რუსული: დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ 2018 (და არა 2017) წლიდან, რუსული „ენერგომონსტრი“, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის, ქართულ მხარეს გადაუხდის კონკრეტულ თანხას. თანხის ოდენობა დაახლოებით იმდენი იქნება, რაც ევროპის ტერიტორიაზე.  ოღონდ ეს ოდენობა ნამდვილად არ ეყოფა (ამას თვით კალაძეც ვერ უარყოფს) იმავე ოდენობის აირის შესყიდვას, რასაც ქვეყანა ძველი სქემით იღებდა, როდესაც გატარებული გაზის 10% გვრჩებოდა.

ამგვარი პრაქტიკა 1992 წლიდან მოქმედებდა. იმ წლის დასაწყისში,  როცა საქართველოს ე.წ. „სამხედრო საბჭო“ მართავდა ორი „კანონიერი ქურდის“, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის წინამძღოლობით, საქართველომ სომხეთს გაზსადენი გადაუკეტა პრეზიდენტ გამსახურდიას გროზნოში გაშვების გამო. ხოლო შემდგომი მოლაპარაკებისას იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, თბილისში სასწრაფოდ ჩამოფრენილ სომეხ კოლეგას უმკაცრესი ულტიმატუმი წაუყენა: „ან მთელი გაზის 10%, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ!“ სომხები დათანხმდნენ და რუსებიც დაითანხმეს. სხვა გზა (მაშინ), უბრალოდ არ ჰქონდათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ სქემამ 25 წელი იმუშავა. მაგრამ რუსეთს იგი ძალიან არ აწყობდა, რადგან ქმნიდა პრეცედენტს, რათა სხვა სატრანზიტო ქვეყნებსაც მოეთხოვათ ნატურით ანაზღაურება. ამიტომ, ბოლო 15 წელია, მოსკოვი კი გვიფორმებდა ყოველწლიურად ხელშეკრულებას „10%“ თაობაზე, თუმცა მუდმივად მოითხოვდა „მონეტიზებას“ ისევე, როგორც საქართველოს ბაზარზე «Газпром»-ის დაბრუნებას. ეს ორი საკითხი ძალიან ოსტატურად „გადააბეს“ ერთმანეთს.

სწორედ აქ ისმის მთავარი კითხვა: რატომ და როგორ დაითანხმეს  (აიძულეს) ამჯერად საქართველოს ხელისუფლება?

უამრავი ვერსია გამოითქვა. მათგან ყველაზე „დამაჯერებლად“ ისაა მიჩნეული, რომ, თურმე, მოსკოვი ირანიდან მიაწვდიდა სომხეთს ბუნებრივ აირს და საქართველო საერთოდ „მილმშრალი“ დარჩებოდა.

ეს ვერსია ყველაზე დამაჯერებელი კი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ყველაზე მტკნარი სისულელეა: რუსეთი და ირანი, ამ სფეროში, შეურიგებელი კონკურენტები არიან. მოსკოვს არაფრის დიდებით არ აწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანული გაზის „შემოშვება“, რადგან აქედან იგი შემდეგ უფრო „შორსაც“ შეიძლება წავიდეს და სხვა (თურქეთისა და ევროპის) ბაზრებზეც გაუწიოს კონკურენცია.

 ამიტომ, ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი საკმარისად გამტარუნარიანიც რომ  ყოფილიყო (თუმცა 100%-ით მაინც ვერ შეძლებდა სომხეთისათვის აუცილებელი გაზის გატარებას) მოსკოვი ამ ვარიანტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განიხილავდა, ან საერთოდაც არ განიხილავდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ჩანს, სინამდვილეში, «Газпром»-ის ტოპ-მენეჯერებმა კახი კალაძე სხვა „არგუმენტებით“ დაითანხმეს: „მონსტრი“ საქართველოს მთავრობას  დაემუქრა, რომ თებერვალში, როდესაც ენგურჰესი დროებით უნდა გაჩერდეს წყლის სიმწირის გამო, „ენერგომონსტრის“ უმცროსი და -   «Интер-РАО» - შეუწყვეტდა ქვეყანას ელექტროენერგიის მოწოდებას რაიმე „ავარიის“ მომიზეზებით (ჯერ არ უქნიათ?), პარალელურად, „როსპოტრებნადზორი“ კვლავ აღმოაჩენდა მავნე ბაცილებს ქართულ ვაშლსა და „ნაბეღლავში“, „როსავიაცია“ ისევ დააყადაღებდა პირდაპირ ავიარეისებს - ძველი დავალიანების საბაბით და ა.შ და ა.შ.

კვირიკაშვილის მთავრობას უბრალოდ შეეშინდა, რომ დღევანდელ პირობებში, როცა ლარი ისედაც სულს ღაფავს („საბჭოთა კავშირმა“ იცოდა და იცის მომენტის შერჩევა „წიხლის დასაჭერად“), ხოლო მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, ემბარგოს აღდგენას, შესაძლოა, იმ „წკიპურტის“ როლი შეესრულებინა, რომელიც მთლიანად ჩამოაქცევს ნაგებობას.

„მიშა როგორ ახერხებდა «Газпром»-ის ყოველწლიურ. ანალოგიურ  ულტიმატუმთა უარყოფასო“.

პრეზიდენტი სააკაშვილი ამას ნამდვილად ახერხებდა, რადგან მაშინ მოსკოვს რამდენიმე „მძიმე“  არგუმენტი ჯერ არ გააჩნდა: რუსული ბაზარი ისედაც დახურული იყო ქართული პროდუქციისთვის და რუსი ტურისტები ისედაც ვერ მოფრინავდნენ.

აქედანაც ჩანს, რა იქედნური გადაწყვეტილება მიიღო „მონსტრმა“, როდესაც ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკა რუსული ბაზრის „ნარკოტიკზე“ შესვა -   ქართული პროდუქცია „შემოიჩვია“, შესაბამისი ლობისტური ჯგუფებიც შექმნა „ბიზნეს-ელიტებში“ და ახლა მთავრობას უკვე უჭირს ამ „ნარკოდამოკიდებულების“  მოხსნა.

საბჭოთა კავშირს მაშინაც ეხერხებოდა ამგვარი გეოპოლიტიკური შანტაჟი, როცა რუსეთში „ბიზნესი“ სალანძღავი სიტყვა იყო. დღეს «Газпром»-ის გენერალური მენეჯერი ალექსეი მილერი მსოფლიო ელიტის წევრი, რესპექტაბელური ბიზნესმენია, - ამ დღეებში დავოსის ფორუმზეა მიწვეული; თუმცა, „მონსტრის“ ბუნება ამით არ იცვლება: იგი კვლავინდებურად რჩება რუსული იმპერიალიზმის უმოწყალო „ჯავშნოსნად“.

გიორგი ლეჟავა 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%