ENG / RUS       12+

საით მიფრინავს ლარი? - 2,35 . . . . . 2,40. . . . . . 2,45. . . . . 2,52!

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამჯერად ვეღარც კი ბედავენ ეს კატასტროფული ტენდენცია „მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს“ დააბრალონ, რადგან ნავთობზე ფასები და ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა აშკარად „აღარაფერ შუაშია“.

თან, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ახლა დემაგოგიურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ლარის დევალვაცია სასაქონლო ინფლაციას არ იწვევს, ანუ ბევრად არ აძვირებს კონკრეტულ სასაქონლო პოზიციებს და ფასებს პირველადი  თუ მეორადი მოხმარების საგნებზე, ესეც ტყუილია!

ჯერ ერთი, როგორ არ აძვირებს - ყველაფერს აძვირებს (პურის ჩათვლით) იმ აზრით, რომ წონაში უკლებს. ამგვარი გაიძვერობისთვის ბევრჯერ მიუმართავთ პურის მწარმოებლებს ამ ქვეყანაში.

თუმცა მთავარი კიდევ სხვაა: იმ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის ლამის ნახევარი ბანკების ვალში იხრჩობა, კრედიტები ვალუტაში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალი - ლარში, ეროვნული ვალუტის თუნდაც რამდენიმე პუნქტით დაცემა მართლა კატასტროფაა!

და  რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უკვე არასპეციალისტიც  მიხვდება, რომ ამჟამინდელი  დევალვაცია სწორედაც სისტემური მიზეზებითაა გამოწვეული: ლარის საზაფხულო სტაბილურობა სეზონური ფაქტორი აღმოჩნდა მხოლოდ. ამას   ბევრი წინასწარმეტყველებდა: როგორც კი ტურისტთა (ვიზიტორთა) ნაკადმა  ოდნავ იკლო, ლარიც გაფრინდა . . .  ესე იგი ის „არტახებიც“ გაწყდა, რაც მას აკავებდა ტურისტული სეზონის პიკზე, როდესაც უცხოელები აქტიურად ახურდავებდნენ დოლარს, ევროს, ლირას ან რუბლს თბილისის ჯიხურებში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა „გვინამიოკებენ“, რომ თურმე მიზეზი იდუმალი „მსხვილი ტრანზაქცია“ ყოფილა. პირდაპირ არ გვეუბნებიან, თუმცა გულისხმობენ TBC ბანკის მიერ ფრანგული Societe Generale-ს შვილობილი „რესპუბლიკის“ შესყიდვას, რაც, რასაკვირველია, ქვეყნიდან ასეულობით მილიონი ევროს გადინებას გულისხმობს.

ამ აზრის „მაკულტივირებლებს“, როგორც ჩანს სრული იდიოტები ვგონივართ, თორემ მოხუცი ბრძენი „ოკამას სამართებელი“ გაახსენდებოდათ: „ნუ განამრავლებ არსთა!“. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ფრანგებზე ყველაფრის გადაბრალების ნაცვლად, განა ბევრად უფრო ლოგიკური არაა ვიფიქროთ, რომ ლარის კურსის არჩევნებამდე დაჭერაშიც საარჩევნო ინტერესებია დამნაშავე და ფულის მასის ზედმეტი ოდენობით გამოშვებაშიც იგივე არჩევნებმა შეიტანა „ლომის“ თუ „ვეფხვის“ წილი?

განა ასე არ იყო ამ ქვეყანაში ყოველთვის? ასე არის და, როგორც ეტყობა, ასე იქნება მუდამ. გამონაკლისი მხოლოდ 1990 წლის 28 ოქტომბრის და 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნები იყო, როცა საქართველო ჯერ კიდევ რუბლის ზონაში იმყოფებოდა. მაგრამ უკვე 1995 წლის არჩევნებისას, წინასაარჩევნო დაპირებათა და თუნდაც მიზერული ხელფას -პრემიების დროულად გაცემის ინტერესმა თავისი გავლენა ჰპოვა.

მერე და მერე ხომ იცოცხლე . . . .  ჰოდა განა გასაკვირია, რომ ფულის მასამ მოიმატა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ (უკვე) კონტროლირებად ეროვნულ ბანკს არჩევნები ჰქონდა მოსაგები? მაშასადამე, ერთის მხრივ ფული უნდა გაეცა, ესე იგი ფულის მასა გაეზარდა, ხოლო მეორეს მხრივ, კურსი დაეჭირა ისე, რომ არჩევნების წინ არ „გაფრენილიყო“. მაგრამ რაკი არჩევნები („კინო“) დამთავრდა, დასავლეთში კი (ქართული ბანკების საწესდებო კაპიტალის 95% დასავლელ ინვესტორებს ეკუთვნით, ეს არასდროს დაგავიწყდეთ!) „შუბლი შეიჭმუხვნეს“ ეროვნული რეზერვების მეტისმეტად სწრაფი ხარჯვის გამო  მაშინ, როდესაც ქვეყანას დიდი ფინანსური ვალდებულებები აწევს საერთაშორისო სპონსორების მიმართ, ეროვნულმა ბანკმაც შეწყვიტა ინტერვენციები. ანუ ლარის ნამდვილი „ეკვილიბრიუმიც“ დადგინდა: სადღაც 2,5!

ეს ვერსია ბევრად დამაჯერებელი ჩანს, ვიდრე ქარაგმები „ფრანგულ ბანკზე“ და „დიდ ერთჯერად ტრანზაქციაზე“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება რეფინანსირებას, ამ ვერსიის განმავითარებლებიც ისევ და ისევ ცდილობენ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოშალონ, რაკი ეიმედებათ, რომ მიზეზს (ზედმეტი ფულის მასის მოზღვავებას) და შედეგს (ბანკების ლიკვიდურობის პრობლემის წარმოშობას) ერთმანეთისგან ახლადშობილი ბოჩოლებივით ვერ გავარჩევთ ან, მათთვის უკეთეს შემთხვევაში, წინას-უკან დავაყენებთ, ხოლო უკანას-წინ.

არადა, არ გამოვა ეს წაღმა-უკუღმართობა თუ „უკუჯექობა“. არ გამოვა!

მთავარი, სიღრმისეული მიზეზი იმ კატასტროფისა, რაც ხდება, ისაა, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს ხარჯების შემცირებას. ვერ ბედავს იმავე პოპულისტური მიზეზით, როგორც ვერ ბედავდა ამას საარჩევნო წელს ვერც ერთი წინა ხელისუფლება - დღეს „დაბრძენებული“ და თემაზე დიდი აპლომბით მოსაუბრე  „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით. მათ რომ ის 4,5 მილიარდი დოლარი არ მიეღოთ აგვისტოს ომის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ, მაშინ ნახავდით ლარის დევალვაციას! დღევანდელი ხუმრობად მოგეჩვენებოდათ!

 როდესაც ლარი იმაზე მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნა, იგი აუცილებლად გაუფასურდება. ორჯერ ორი - ოთხია და არა შვიდი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს, როდესაც არსებობენ ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა უზარმაზარი საგარეო ვალი; უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს  გამანადგურებელი ციფრი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზერული დონე (მიზერული, - მინიმალურად აუცილებელთან შედარებით); მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის სკანდალური ჩაფლავება; შრომის სამარცხვინოდ დაბალი ნაყოფიერება სისტემაშემოქმედ დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში; საგარეო ბაზრების არარსებობა ან მათი შეზღუდულობა მიუხედავად უამრავი ოპტიმისტური განცხადებისა, რომ ევროპასთან „თავისუფალი ვაჭრობის ზონა“ გვიშველიდა „თუ“ ჩვენს პროდუქციას ევროპული სასაქონლო სახე და ნორმა მიეცემოდა. მაგრამ ეს „თუ“ იმაზე დიდი ბარიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი საბაჟო გადასახადი და ა.შ და ა.შ.

სანამ ეს ფუნდამენტური პრობლემები არ დაიძლევა ან თუნდაც მათი დაძლევის ტენდენცია (მაინც) არ გამოჩნდება, სანამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი (ისევ და ისევ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს - მიშას პერიოდიდან დაწყებული) აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს (?!!!), მანამ ლარს არაფერი ეშველება და ის მუდამ „იფრენს“, სანამ . . . . . . . . „რუბლის ზონამდე“ არ მიფრინდება!

დღეს დაუჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ ბევრს ისიც დაუჯერებლად ეჩვენებოდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ანექსირებული ყირიმისა და მისი ქვეყნისთვის „თავზე გადახეული“ „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ ფონზე მოსკოვში ვიზიტს დაგეგმავდა.

გიორგი ლეჟავა 

ავტორი: . .