თარიღი    დრო

ივანიშვილმა ხელისუფლებაც დანიშნა, ოპოზიციაც და ჩვენ მთავარ მტრად დაგვნიშნა - თინა ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 15:45 10.06.2016 9191

ივანიშვილმა ჩვენ მთავარ მტრად დაგვნიშნა“, - ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა. რას ნიშნავს „მტრად დანიშვნა“, როგორ აფასებს არჩევნების წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს და როგორია მათი საარჩევნო მოლოდინები, ამ საკითხებზე ,,ჯი-ეიჩ-ენი“ თინა ხიდაშელს ესაუბრა.

-არჩევნებამდე სამი დღით ადრე დეპუტატის, ძლიერი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მანქანის აფეთქებას როგორ აფასებთ და ვის ინტერესში შეიძლება, შედიოდეს?

- როდესაც ადამიანს საარჩევნო შეხვედრაზე ცეცხლს უხსნიან და დეპუტატს მანქანას უფეთქებენ, შეუძლებელია, რაიმე არანეგატიური დამოკიდებულება არსებობდეს. მაგრამ არ ვიცი, ვის ინტერესში უნდა შედიოდეს. სუპერმანიაკი უნდა იყო, რომ ფიქრობდე, ასეთი რამე ვინმეს სასარგებლო იქნება. ამიტომ ძალიან გამიჭირდება აზრის გამოტანა თუ დასკვნის გაკეთება იმაზე, რომ ვინმეს ინტერესშია საერთოდ ქვეყანაში მსგავსი პროცესების ინიცირება.

-„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ურთიერთბრალდებები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რას ნიშნავს?

-ეს ბრალდებები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და მთელი საარჩევნო კამპანია ამ სტილში მიმდინარეობს და ეს ძალიან სამარცხვინოა. დესტაბილიზაციის საფრთხეზე მითების შექმნა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და ამაში „ქართული ოცნებაც“ წარმატებით აჰყვა. მათ ეს აწყობთ, მათთვის ეს სასურველი სცენარია და განსაკუთრებით „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ვიდრე ერთად-ერთ კომპონენტად „ნაციონალური მოძრაობა“ ეყოლება, რომ იყოს მასზე უკეთესი, კომფორტს უქმნით იმიტომ, რომ ეს ძალიან ადვილია. ადვილია, იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ხარ, ან შენგან რაიმე დადებითი და პოზიტიური მომდინარეობს. ამიტომ მათ ინტერესებში ეს ურთიერთბრალდებები არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი უფრო გასაგებია, რადგან ხელისუფლებასთან დაპირისპირება ყოველთვის მომგებიანი ოპოზიციური პარტიისთვის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო თამაშია და მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ვინმესთვის რაიმე დადებითის მომტანი იყოს.

-არჩევნებამდე სამი დღით ასეთი ფაქტი და განსაკუთრებით წინა პროცესების გათვალისწინებით, იგივე ე.წ. ტერორისტული აქტის პრევენციული აღკვეთა რომ გავიხსენოთ, ბექაურის დაკავების ფაქტს ვგულისმხობ, რამდენად მოსალოდნელია, რომ გარეძალების და კონკრეტულად რუსეთის ინტერესში შედიოდეს, რომ დაძაბოს ვითარება წინასაარჩევნოდ და ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს?

-საქართველოში ვითარება რაც უფრო გაუარესდება, რაც უფრო არასტაბილური იქნება, ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესშია და ამას, ჩემი აზრით, ბრიყვის და რუსეთის მიერ მოსყიდული ძალის გარდა, ყველა ხედავს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ძალიან გამიჭირდება, კონკრეტულად იმაზე, რაც გუშინ მოხდა, ვინმეზე ხელი გავიშვირო და ვინმეს დავაბრალო. ამასობაში მთავარი პრობლემა გვაქვს ქვეყნის შიგნით, რადგან ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამსახურები თავის ადგილზე არ დგანან და საფრთხეების თავიდან აცილება არ შეუძლიათ. ამის გამო კი მოქალაქეებში დაუცველობის განცდა კიდევ უფრო მეტად იზრდება და, თუ ეს ამბავი მოქალაქეების მხრიდან შიშის, პანიკის, დაუცველობის განცდას მატების ტენდენცია აქვს, მაშინ კიდევ უფრო მძიმეა ქვეყანაში ვითარება იმიტომ, რომ მოქალაქეები კარგავენ იმედს და შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურებს ათასჯერ და ათიათასჯერ მეტად უჭირთ მოქმედება.

კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ხელისუფლებამ მთელი წინასაარცევნო კამპანია სწორედ ამ შიშის და პანიკის დათესვის ფორმატში ჩაატარა. პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები ასე არ იქცევიან და მოსახლეობას შიშს კი არა, იმედს უღვივებენ, რომ ისინი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდნენ. ჩვენი ხელისუფლება კი პირიქით, ყევლაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობა პანიკაში იყოს. ამიტომ მარტივი სავარაუდოა, რომ ასეთ დროს ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

-წინასაარჩვენო პროცესი როგორია? კეთდება შეფასებები, რომ ეს პროცესი 2012 წელთან შედარებით უკეთესია, მაგრამ პრობლემები მაინც არის. თქვენ ჩართული ხართ ამ პროცესში და როგორც ოპოზიციური პარტია, რა პრობლემას ხედავთ?

-თუ ედრები „ნაცმოძრაობას“, ძალიან ადვილია, გამოჩნდე კარგი, მაგრამ ეს არ არის სტანდარტი. შეუძლებელია, 2008 თუ 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს ზღვრამდე მისული ვითარება სტანდარტი იყოს. ამიტომ ეს შესადარებლადაც კი არ გამოდგება. მაგრამ თუ ვედრებით სხვას, ნორმალურს, გავითარებულს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო კამპანია საკმაოდ პრობლემატურია. როდესაც შეხვედრებზე კანდიდატებს ცეცხლს უხსნიან და, თანაც ეს კანდიდატი არ არის რიგითი კანდიდატი იმ გაგებით, რომ ის დაცვით დადის და ეს ყველამ იცის და ალბათობა იმისა, რომ, თუკი ესვრი, ისიც ამოიღებს იარაღს და გესვრის, არსებოს და ამის მიუხედავად, ამას მაინც აკეთებ, როგორ შეიძლება რომ უპრობლემო დაარქვა და რაიმე სტანდარტს შეადარო.

ცხადია, თავისთავად ის ფაქტი, რომ კანდიდატი დაცვით და იარაღით დადის, სერიოზული პორბლემაა და ხელისუფლებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ გამოწვევაზე ხელისუფლების საქციელი იყო სუპერ არაადეკვატური, მხოლოდ ამ საკითხით რომ დავიწყოთ და ადმინისტრაციული რესურსის სამთავრობო პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაზე აღარაფერს ვამბობ, რამაც ძალიან მახინჯი ფორმები მიიღო.

ამიტომ, 2012 წელს თუ ვედრებით, შეიძლება რაღაც თვალსაზრისით უკეთესი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2012 წელს ტყვია არც ერთი კანდიდატისთვის არ უსვრიათ, „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ ქვების სროლით შემოიფარგლებოდა.

-ივანიშვილის განცხადება, რომ ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავს და მეორე ალასანიას პარტია იქნება, თქვენი შეფასებით, წინასაარჩვენოდ რას ემსახურებოდა?

- ის ფაქტი, რომ მთავრობის ლიდერი და, თუ გნებავათ, კამპანიის მთავარი მენეჯერი, ასეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასაც თვითონ ნიშნავს, ოპოზიციაში ადგილებსაც თვითონ ანაწილებს და დანარჩენებზე ამბობს, რომ ეს პარტიები დემოკრატიულობის საჩვენებლად მჭირდება, რომ სამ-სამი თუ ხუთ-ხუთი კაცით იყვნენ წარმოდენილებიო. მაგრამ ამის დიდ წიაღსვლებში წასვლა ჩემი მხრიდან ძაიან არასერიოზული იქნება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არც ასე ალაპრაკი და, მით უმეტეს ქცევა. ეს ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, მაგრამ რა ვქნათ, ახლა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს მალე შევცვლით. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ყველაზე დიდი პლუსი, ჩემი აზრით, სწორედ ის იყო, რომ მიუხედავად მთელი საარჩევნო კამპანიის სიმძიმისა, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება დაკარგული არ არის და ამომრჩეველი სწორედ ამ გამოცდილებით იმოქმედებს.

-ივანიშვილი თქვენს მიმართ არის ძალიან განაწყენებული და რატომ? თქვენ ხომ ბოლომდე უერთგულეთ და რამ გაანაწყენა?

-ხომ გითხარით, ივანიშვილმა ხელისუფლებაც დანიშნა, ოპოზიციაც და ჩვენ მთავარ მტრად დაგვნიშნა.

-ეს ნიშნავს, რომ პროდასავლური ორიენტაციის პარტიას მიიჩნევს მტრად თუ კონკრეტულად რესპუბლიკელებს?

- პროდასავლურია ალასანიას პარტია, მაგრამ მეორე ადგილზე გაიყვანა თავის სქემაში. ამიტომ ასე ვერ ვიტყვი, რომ მტრად დასავლური ორინეტაციის გამო აცხადებს. მან მტრად „რესპუბლიკელები“ გამოაცხადა და სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი ამოცანები, მიზნები, ხედვები „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით არ გამოუვიდა. ჩვენ ვერ დაგვიმორჩილა, ვერ შეგვისრუტა, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ და მას ეთერშიც აქვს ნათქვამი, რომ, თუკი ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, ანუ მასთან, მას მოუწევდა ჩვენთვის ცეცხლის გახსნა, ანუ მოუწევდა ჩვენთან მტრობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის სამყარო შავ-თეთრია და პოლიტიკაშიც მხოლოდ ორ პარტიას ხედავს. ანუ, ან მასთან ხარ ან მისი მტერი ხარ, მაგრამ არაუშავს, არ არის პრობლემა. ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ.

-დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც თქვენ წახვედით ოპოზიციაში, დროული იყო თუ უფრო ადრე უნდა წასულიყავით?

- ჩვენ ოპოზიციაში ფაქტობრივად წასულები ვიყავით 2014 წლის სექტემბერში. როგორც იცით, მაშინ ყველა მედიასაშუალებაში დაიბეჭდა ჩვენი ღია წერილი, რომლითაც მივმართეთ ივანიშვილს და სახელიფულებო პარტიას, მაგრამ ჩვენ იმავე წერილში მათ ვუთხარით, რა იყო პრობლემები, სად იყო გამოსავალი და, თუკი ამ გზით წავიდოდნენ, ჩვენ მზად ვიყავით, ერთად გვემოქმედა. ზუსტად ამის შემდეგ მოხდა პრემიერის გამოცვლა და ამის შემდეგ მოხდა პრემიერის გამოცვლა და „რესპუბლიკელების“ მთავრობაში დანიშვნა. ჩვენ ბოლომდე გავყევით კოალიციურ შეთანხმებას და ბოლომდე ვუერთგულეთ 2012 წელს ხალხისთვის მიცემულ პირობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო, წავსულიყავით ოპოზიციაში, მით უმეტეს, რომ ძალიან ეფექტიანები ვართ ოპოზიციაში და ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი ცხოვრება და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ქვეყნის მართვის მანდატს გაძლევენ, შენ ამ მანდატს ფეხქვეშ არ თელავ მხოლოდ იმის გამო, რომ შენ დისკომფორტი გაქვს.

-გქონდათ თქვენ დისკომფორტი?

- დიახ, ჩვენ ძალიან დიდი დისკომფორტი გვქონდა და 2014 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილში კარგად ჩანდა. მაგრამ კომფორტი არის სახლში და დანარჩენი არის უკვე ქვეყნის სამსახური. მაგალითად, მე არც ერთი წუთით არ ვნანობ, რომ დავთანხმდი თავდაცვის მინისტრობას, რადგან ძალიან მოკლე პერიოდში უამრავი ისეთი საქმე გავაკეთე, რომელიც მანამდე ამ ქვეყანაში თავდაცვის არც ერთ მინისტრს არ გაუკეთებია და მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიამაყებ ამ საქმეებით.

ამიტომ, წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შესაძლოა, დღეს უფრო კარგ ტიპებად გამოვჩენილიყავით, ოპოზიციაში მაშინ რომ წავსულიყავით, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკოსის ამოცანა. პოლიტიკოსის ამოცანაა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახურო და არა შენს ვიწრო პარტიულ ინტერესს. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისგან ამ ქვეყანაში.

-არჩევნების შემდეგ რომ დადგეს „ქართულ ოცნებასთნ“ კოალიციის შექმნის აუცილებლობა, თქვენ დათანხმდებით?

- ეს იქნება კოალიციური შეთანხმების საგანი და კოალიციური შეთანხმება როდესაც დგება უკვე პარლამენტში მყოფ პარტიებს შორის, ეს მოხდება ევროპული წესებით, ანუ პარტიები დებენ კოალიციურ ხელშეკრულებას და შემდეგ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებენ იმის შესაბამისად, მხარეებს რა პირობებიც აქვთ. ამიტომ ეს იმის შემდეგ გადაწყდება, ვინ რა კონფიგურაციით შევა პარლამენტში და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ამომრჩევლის არჩევანს.

 

-ვისთან გამორიცხავთ კოალიციაში ყოფნას, ანუ სად გადის წითელი ხაზები და ვინ არის თქვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პარტია?

აბსოლუტურად გამოვრიცხავ პრორუსულ პარტიებს. დანარჩენი ვნახოთ.

-ნაციონალური მოძრაობა?

ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, რომ პირველ ადგილას გავიდეს. ამიტომ ამ თემაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია და არც ის მინდა, რომ ჩემი კომენტარით ამის მოლოდინი შევქმნა.

-ზოგადად კოალიციაში მათთან ერთად ყოფნა მისაღებია თქვენთვის? ნაციონალური მოძრაობა მმართველი კი არა, შემადგენელი რომ იყოს?

მე ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. მე ოცნებებით არ ვიკვებები და ზუსტად ვხედავ, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავა მიუხედავად იმისა, მე რას ვფიქრობ მათი პარტიული სიის შემადგენლობაზე, რაც ძალიან სამარცხვინოა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ზუსტად ვხედავ რეალობას და შესაბამისად, ისინი იქნებიან კოალიციის შემკვრელები. ამიტომ სხვა ვერსიებზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ოცნება გადაწყვეტს, რომ კოალიციითვის პრორუსული ძალებით გაჯერდება, რა თქმა უნდა, თუკი ისინი საერთოდ მოხვდებიან პარლამენტში, მაშინ ჩვენი თანამშრომლობა სრულიად გამორიცხულია. დანარჩენი ყველა მისაღებია.

-თქვენ რამდენი პროცენტით შეძლებთ გასვლას წინასწარი ვარაუდით?

-ჩვენ ბარიერის პრობლემა არა გვაქვს, რაც შემიძლია, ზუსტად გითხრათ. ეს კი უკვე 6 დეპუტატია და დანარჩენი დამოკიდებული იქნება მაჟორიტარებზე და ვფირობთ, რომ ჩვენი რამდენიმე კანდიდატი გაიმარჯვებს.

ესაუბრა რუსა მაჩაიძე




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%