თარიღი    დრო

სერგო ჩიხლაძე: 3-4 ლარიან გადასხმაში სახელმწიფო ბიუჯეტი 70 ლარს იხდის - ეს კორუფციაა

საქართველო, თბილისი - 16:50 10.04.2016 12603

ჯი-ეიჩ-ენი“ სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“- ერთ-ერთ დამფუძნებელს, ისან-ვაზისუბანში მაჟორიტარობის კანდიდატ სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

ბატონო სერგო, რამდენიმე დღის წინ თქვენ და თქვენი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეთ სკანდალური განცხადებები, რაც შეეხებოდა კორუფციულ სქემებს, რომლებშიც ჩართულები არიან მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები, საავადმყოფოების დირექციები და სამთავრობო სტრუქტურები. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ ამ თემაზე.

კი, ეს განცხადება გავაკეთეთ წინა შაბათ დღეს ჩვენმა პარტიის წევრებმა ბატონმა გურამ ჩალაგაშვილმა, ქალბატონმა ნინო ტავლალაშვილმა და მე. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ კორუფციული გარიგების შესახებ, რომელიც სახელმწიფო საავადმყოფოებსა და მსხვილ სააფთიაქო ქსელებს შორის ხდება. სქემა საკმაოდ რთულია, მე შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად ავხსნა.

როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოები მედიკამენტების შეძენაზე აცხადებენ ტენდერებს, ეს ტენდერები ატარებს მხოლოდ ფორმალური სახეს, რადგან რეალურად მათ წინასწარ აქვთ გარიგება დადებული მსხვილ სააფთიაქო ქსელებთან. გარიგება მდგომარეობს შემდეგში:

მსხვილი სააფთიაქო ქსელი ტენდერში წარმოადგენს ისეთ ბიუჯეტს, რომელსაც სხვა აფთიაქები კონკურენციას ვერ უწევენ. ამას ახერხებს იმის ხარჯზე, რომ ერთ მედიკამენტს ადებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასს.

ეს კი არის ის მედიკამენტი, რომელსაც წინასწარი შეთანხმებით დოკუმენტში გაწერილი ათასობით ერთეულის ნაცვლად, საავადმყოფო რეალურად მოითხოვს მხოლოდ ათობით ერთეულს. იმ თანხით კი, რომელიც აფთიაქს ოფიციალურად ამ მედიკამენტის ათასი ერთეულისთვის გამოეყო, ხდება იმ სხვა მედიკამენტების ჭარბად შეძენა, რომლებშიც აფთიაქს 200-300 პროცენტიანი და მეტი მოგება რჩება. ამ გარიგების შედეგად ფარმაცევტული კომპანია იღებს უზარმაზარ მოგებას, საიდანაც ე.წ. „ატკატს“ უკეთებს კლინიკის ხელმძღვანელობას, გარდა ამისა საავადმყოფოს რჩება ჭარბი მედიკამენტიც, რომლებსაც შემდეგ არამიზნობრივად იყენებს ან სხვა მცირე აფთიაქზე ყიდის. რეალური ციფრებით კი ოთხი წლის განმავლობაში ასეთი გარიგებების შედეგად ყოველწლიურად მიღებული მოგება ათეულ მილიონობით ლარს აღწევს. ეს პრაქტიკა კი დღემდე გრძელდება, რადგან არ არსებობს არანაირი კონტროლი...

საქმეში კიდევ ბევრი დეტალია. ჩვენ გვაქვს ყველაფრის მტკიცებულებები, ესაა სატენდერო დოკუმენტაცია, მერე წერილები, სადაც ხდება სატენდერო პირობების ცვლილება, რაც ასევე საჭირო დასაბუთების გარეშე ხდება, გვაქვს ასევე მიმოწერა, რომელშიც კლინიკისა და ფარმაფირმების წარმომადგენლები ეუბნებიან ერთმანეთს თუ რამდენი წამალი უნდა მოითხოვონ და რამდენი ფორმალურად უნდა გაწერონ.

 

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მთავრობის გვერდის ავლით ხდებოდეს მსგავსი გარიგებები?

 

რა თქმა უნდა სამთავრობო სტრუქტურებიც ჩართული არიან ამ სქემაში, რადგანაც შეუძლებელია ასეთი სქემის არსებობა და მთავრობამ ეს არ იცოდეს. თუ გურამმა, მე და ნინომ მივაგენით ამ სქემას და გავშიფრეთ, ხელისუფლებას მითუმეტეს ადრე უნდა ექნა ეს. მითუმეტეს, რომ დიდი ხანია, მე პირადად ვეუბნებოდი ხელისუფლებას და ჯანდაცვის მაღალ ჩინოსნებს იმ გაყალბებული ტენდერებისა და ე.წ. „ატკატების“ არსებობაზე, რის გამოც ზარალდება ბიუჯეტი, ქვეითდება ჯანდაცვის ხარისხი, ღარიბდება მოსახლეობა და იზრდება წამლის ფასები. უფრო მეტსაც გეტყვით, მთავრობა და მმართველი გუნდი დაინტერესებულიცაა ამ სქემის არსებობაში და მფარველობს კიდეც. ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ კონკრეტული ფარმაცევტული ფირმები და მათი მფლობელების გვარები, რომლებიც არიან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები. საუბარი იყო სქემაზე, რომელშიც მონაწილეობდა პე-ეს-პე, რომლის მფლობელის ოჯახის წევრიც ფლობს კომპანია   ჯი-ემ-პი-ს, რომელიც არის აგვისტოს თვეში ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი შემწირველი, გადარიცხა 120 000 ლარი. არაფერს ვამბობ „ატკატებზე“, შავ ფულზე და ე. წ. ჰონორარებზე, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იღებენ, როგორც კონსულტანტები ამ ფარმაცევტულ ფირმებში.

 

თქვენ ახსენეთ, რომ საავადმყოფოს რჩება დიდი მოგება. რაზე იხარჯება ეს თანხა?

ეს თანხა რა თქმა უნდა არ ხმარდება ექიმების ან ექთნების ხელფასების ზრდას. ეს თანხა უმეტეს შემთხვევაში მიდის რამდენიმე ადამიანის ჯიბეში. ესენი არიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დირექცია. ექიმების ხელფასი რამდენიმე ასეული ლარია მაშინ როცა ადმინისტრაციის ხელფასები ათეულ ათას ლარს აჭარბებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლაპარაკია სახელმწიფო თანხებზე და თანხებზე, რომელიც გადის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. არაფერს ვამბობ პაციენტებზე, რომლებსაც სამედიცინო მომსახურებაც და წამლებიც უძვირდებათ. გასაკვირიც არაა, 3-4 ლარიანი გადასხმაში სახელმწიფო ბიუჯეტი 70 ლარს იხდის -ეს კორუფციაა. მსგავსი ფაქტები კი უამრავია. და როგორ ფიქრობთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ეს არ იცის? თუ არ იცის, ხშირად გვითქვამს და კიდევ ხშირად ვეტყვით, მაგრამ რეაგირებას არასდროს არ ქონია ადგილი. შემოწმების საბუთები გვაქვს, სადაც ფორმა ასებში გაწერილია გაურკვეველი მედიკამენტები სამმაგი და ოთხმაგი ოდენობით, და კიდევ აღსანიშნავია, რომ პაციენტის ხელმოწერაც კი არაა ამაზე, ანუ საქმის კურსშიც არ აყენებენ რამდენი რა გაუკეთეს ან რა გადაუსხეს. ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ფული გვაკლდება თითოეულ ჩვენგანს და ილექება ჩინოვნიკების და მსხვილი ფარმაცევტული ფირმების მფლობელების ჯიბეებში.

 

რა ზარალს ნახულობს სახელმწიფო ამ სქემისგან?

 თანხობრივად, ეს არის ათეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად და ეს თანხები იკარგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ გამოდის, რომ კერძო ფარმაცევტული ფირმები, რომლებიც ისედაც 300 და 400 პროცენტიან მოგებას ნახულობენ, კიდევ დამატებით ფულს „ჭრიან“ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. და ამ სქემაში ჩართული საავადმყოფოების ნაწილიც. ჩვენ რამდენიმე თვე ვაკეთებდით მონიტორინგს და ამ სქემაში ჩართულია თბილისი, ბათუმის, გორის კლინიკები. მათ შორის თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის ობიექტებიც. მაშინ, როცა საყოველთაო ჯანდაცვას ბიუჯეტი არ ყოფნის და მთავრობა არაფერს ზრუნავს, რომ მედიკამენტების დაფინანსება მძიმე ტვირთად არ აწვებოდეს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი პენსიონრებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. მთავრობა არათუ ზრუნავს კონკურენტული გარემოს შექმნაზე ამ სფეროში, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მონოპოლური სისტემების განმტკიცებას და სასათბურე პირობებსაც კი უქმნის მსგავს კომპანიებს, რომლებიც კლინიკებთან შეთანხმებით მილიონობით ლარს ანიავენებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

როგორ ფიქრობთ დაინტერესდებიან სახელისუფლებო წრეები ამ ინფორმაციით? ან რამე მოკვლევა ჩატარდება?

 დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე არა! მსგავსი ფაქტების მიჩქმალვას და დაიგნორირებას შეეცდება მთავრობა, რა თქმა უნდა. უამრავ დარღვევაზე იყო საუბარი აუდიტის 2014 წლის დასკვნაში, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს. ლაპარაკი იყო ტენდერების არასწორად ჩატარებაზე, ინტერესთა კონფლიქტებზე, საეჭვო შესყიდვებს და ა.შ. რეაგირება იყო ნოლი. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან მძიმე დასკვნაა 2015 წელზე, მაგრამ მთავრობა არ ასაჯაროებს ამ დასკვნას, და ალბათ წლის ბოლომდე არც გაასაჯაროებს. არადა, უკვე 2016 წლის მე -10 თვეა, 2015 წლის დასკვნა არ უნდა იყოს გასაჯაროებული?!   თუმცა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა არ დგას აქ. ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ეკონომიკის სამინისტროს, შესყიდვების სააგენტოს, ანტიმონოპოლურ სამსახურს და სხვა უწყებებს, რომლებიც გარკვეულ კონტროლს უნდა ახორციელებდნენ, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს პოულობენ საეჭვოს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%