თარიღი    დრო

მამუკა ჟღენტი: თუ ვინმე მოიძიებს ევროპული სასამართლოს ერთ გადაწყვეტილებას, სადაც გამოყენებულია “პოლიტპატიმრის” ტერმინი, მადლობელი დავრჩები

საქართველო, თბილისი - 18:02 06.15.2016 7718

”ჯი-ეიჩ-ენის” კითხვებს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა უპასუხა.

- სტრასბურგის ადამიანის უფლებთა სასამართლოს მიერ მერაბიშვილის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციები, არამედ შეფასებებიც გამოიწვია. თქვენი შეფასებით, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ამ განჩინებით?

- საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებათა სხვადასხვაგვარი განმარტება ხშირად გვხდება პრაქტიკაში. არც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალია გამონაკლისი და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც თვით სასამართლოს უხდებოდა მის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების დაზუსტება და/ან უფრო დეტალური განმარტებაც. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წესი, სტრასბურგის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში არ იჭრება იმ კომპეტენციაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მინიჭებული აქვს ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურას- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. კერძოდ, საუბარია იმ საერთო და ინდივიდუალურ ღონისძიებებზე, რაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად.

მიუხედავად შეჯიბრობითობის პრინციპისა ევროპულ სასამართლოში, არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად ამ შემთხვევაში ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. თუმცა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში შეფასება ცალსახაა - სახელმწიფო დამარცხდა, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა ევროპული კონვენციის დებულებები. რას ითხოვდა მოსარჩელე და მოთხოვნილიდან რა ნაწილი დაუკმაყოფილდა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნამდვილად არ აქვს. ძალზედ იშვიათია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მოსარჩლის უკლებლივ ყველა შუამდგომლობა კონვენციის დებულებათა დარღვევაზე დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქმის არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მხარე. 

ყველაზე სადავო მაინც განჩინების წაკითხვა აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ”გაიმარჯვა” და მართალია, ამავე დროს ამბობს რომ გაასაჩივრებს. ნაციონალური მოძრაობა თავის მხრივ, აცხადებს, რომ გაიმარჯვა მერაბიშვილმა. რეალურად რა წერია განჩინებაში? ან რას გულისხმობს ის, რაც დაადგინა სასამართლომ თუნდაც პრეცენდენტების გათვალისწინებით?

იუსტიციის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პოზიციაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება საკმაოდ რთულია. თუ “გაიმარჯვეს”, რაღას ასაჩივრებენ. ერთია რაიმე დებულების ან გადაწყვეტილების ჩანაწერის ინტერპრეტაცია, მაგრამ კონვენციის დებულებათა დარღვევის, რაც სასამართლომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაადგინა, “გამარჯვებად” გასაღება ელემენტარული უპასუხისმგებლობაა. მოსარჩლის ადვოკატებმა მოახერხეს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების წამოღება სტრასბურგიდან. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება “სტრასბურგის პროცესის” უმნიშვნელოვანესი, თუმცა არასრული ნაწილია. საინტერესოა, ვიცოდეთ რა წარმოდგენს მოსარჩლის იურიდიული გუნდის პროგრამა მაქსიმუმს და მერე დავაკვირდეთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში.

დავკონკრეტდეთ მე-18 მუხლის გარშემო. იძლევა ეს მუხლი იმის საშუალებას, რომ ღიად და ერთმნიშვნელოვნად ითქვას - მერაბიშვილი პოლტპატიმარია?

ტერმინი პოლიტპატიმარი უფრო პოლიტიკური ტერმინია, ვიდრე იურიდიული. მოვისმინე არაერთი კომენტარი, სადაც აპელირებდნენ იმაზე, რომ სასამართლომ არ განაცხადა, რომ ივანე მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი. თუ ვინმე მოიძიებს ევროპული სასამართლოს ერთ გადაწყვეტილებას მაინც ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელესთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა “პოლიტპატიმრის” ტერმინი, მადლობელი დავრჩები, თუმცა ვეჭვობ ასეთი რამ მოხერხდეს.

ეს ტერმინი, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ისეთი როგორიცაა მაგალითად ამნესტი ინტერნეიშენალი. 2012 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ფიქსირდება გარკვეული მცდელობა პოლიტპატიმრის ტერმინისთვის დეფინიციის გამონახვისა. თუმცა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ როდესაც ქართული ოცნების პარლამენტმა, 2012 წლის ბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სწორედ ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით პოლიტპატიმრის სტატუსით აღჭურვა ასობით პირი, რეზოლუციის ავტორები ცალსახად შეშფოთებულნი დარჩნენ ასეთი მიდგომით. მოგვიანებით, ამგვარი მინიშნება გააკეთა ვენეციის კომისიამაც, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს რეკომენდაციები ყურადღების გარეშე დარჩა.

შესაბამისად, მე, პირადად არ ვარ ამ ტერმინის გამოყენების მომხრე. თუმცა, თუ პოპულარულ ენაზე და საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ეს ტერმინი ასეთი ფასდაუდებელია, მაშინ ის რასაც ამ ტერმინში გულისხმობენ, კი ბატონო, შეესაბამება ივანე მერაბიშვილის სტატუსს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. საკმაოდ რთულია მოახერხო და სასამართლოს მიაღებინო გადაწყვეტილება მე-18 მუხლის დებულებათა დარღვევაზე. თითზე ჩამოსათვლელი პრეცედენტები არსებობს ისეთ საქმეებზე როგორიცაა ტიმოშენკოს, ლუცენკოს, მამმადოვის საქმეები. თუმცა, უფრო საინტერესოა ის საქმეები, სადაც სასამართლომ უარი განაცხადა ამ მუხლის დარღვევაში სახელმწიფოს დადანაშაულებაზე. ასეთი საქმე იყო ხოდორკოვსკი და ლებედევი რუსეთს ფედერაციის წინააღდმეგ. ამ წმინდა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეშიც კი, ევროპულმა სასამართლო, უარი განუცხადა მოსარჩელეს მე-18 მუხლის დარღვევის დადასტურებაზე. ეს კი სამწუხაროდ, მოახერხა ჩვენმა ხელისუფლებამ საქმეში მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

ანუ, არც თუ ისე მარტივად არის საქმე, როგორც ამას ხელისუფლება გვიხატავს?

ევროპული კონვენციის ყველა ხელშემკვრელი მხარე ანუ სახელმწიფოები არღვევნ ამა თუ იმ დოზით ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის უფლებებს. ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა და სწორედ ამიტომაც არსებობს სტრასბურგის სასამართლო. მაგრამ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც აუცილებლად კავშირში უნდა იყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაღვევასთან იმითაა უნიკალური, რომ სახელმწიფო არათუ კონვენციით დადგენილ უფლებებს არღვევს, ის საერთოდ გადის კანონიერების ფარგლებიდან, რადგან ის მოქმედებს არა მაგალითად სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერი მოტივაციით, არამედ გააჩნია აბსოლუტურად უკანონო და მიუღებელი მიზნები. ამის დეტალურად ჩაანალიზებისგან თავს შევიკავებ და მკითხველს მოვუწოდებ გადაამოწმოს იმ სახელმწიფოთა სია, ვისთან მიმართებაშიც დადგა სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველაფერი ცალსახა გახდება. შესაბამისად, თუ სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფოს ქმედებებს საფუძვლად არ ედო სისხლის სამართლებრივი დევნა, ნებისმიერ სხვა მოტივაცია ისეთ პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში, როგორიცაა მერაბიშვილი, ცალსახად პოლიტიკურია.

”ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ანალოგიური განჩინებისას, როდესაც საქმე ეხებოდა მე-18 მუხლს, აზერბაიჯანმა აღსრულება რამოდენიმე საათში მოახდინა. გთხოვთ პრეცენდენტების სახით აგვიხსნათ რაზეა საუბარი?

შემიძლია დავადასტურო, რომ ჯაფაროვი მართლაც იქნა განთავისუფლებული თვით სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. როგორც მოგახსენეთ, სასამართლო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უკვე კონვენციის სხვა მუხლის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და ითხოვს პირის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. შესაბამისად, მე-18 მუხლის დებულებებთან დაკავშირებით ასეთ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გათვალისწინებით. სახელმწიფოებს გააჩნიათ სხვადასხვა საშუალება საქმეზე რეაგირებისა. მისასალმებლად ითვლება პრაქტიკა, როდესაც ხერხდება ე.წ. მეგობრული შერიგება, როდესაც მხარეები, ანუ მოსარჩელე და სახელმწიფო, ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყევტილების გამოტანამდეც ახერხებენ მოლაპარაკებას და სასამართლო წყვეტს საქმისწარმოებას. ასევე მისასალმებელია, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო არ ელოდება აღსრულების სრულ პროცედურას მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში და ახორციელებს რადიკალურ ზომებს, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ზოგადი ხასიათის, გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ასეთ პრეცედენტთან გვქონდა საქმე აზერბაიჯანის შემთხვევაში.

იუსტიციის მინისტრის კომენტარები ცხადყოფს, რომ ”საქართველო” ბოლომდე იბრძოლებს, თან კეთდება ანალოგიები თუნდაც ასანიძის საქმესთან მიმართებაში. რამდენად არის ეს ორი საქმე ერთმანეთის მსგავსი და ასევე საინტერესოა, ანალოგიები ”ბრძოლის გაგრძელებასთან” დაკავშირებით.?

თეორიულად, იუსტიციის მინისტრს ასეთი საშუალება გააჩნია. პრაქტიკაში და ასევე თუ საღი გონებით და არა უფროსთან თავის გამოჩენითა და პოპულისტური მოსაზრებებით იმოქმედებს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გასაჩივრება განწირულია სხვადასხვა კონკრეტული გარემოებების გამო.  სამწუხაროა ის პოზიცია, რასაც ვისმენთ ხელისუფლებისგან და ასევე ის ინსტრუქციები, რაც დაეგზავნა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საუბრებში გამოსაყენებლად. სრულიად უგუნურია ამ საქმის დაკნინების მცდელობა იმ არგუმენტით, რომ ასანიძის საქმეში საქართველოს ბევრად მეტი საურავი დაუწესეს, ვიდრე მერაბიშვილის საქმეში. 21-ე საუკუნეში ინფორმაციას ურმებით აღარ ატარებენ და ყველას შეუძლია რამდენიმე წამში გაეცნოს ასანიძის საქმეში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და დაადგინოს თუ რატომ არის თანხებში ობიექტური განსხვავება.

და ისევ პოლიტიკა, რამდენად სასარგებლო ან დამაზიანებელია ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმიჯისთვის?

დღევანდელი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები იდეალისტების საქმიანობისა და შემოქმედების შედეგია. თუმცა, კარგა ხანია რაც ორივე სფერო საკმაოდ პრაგმატულია და ოცნებებთან ნაკლებად ასოცირდება. სასამართლოს მიერ სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევა, თუნდაც უმძიმესი მე-18 მუხლისა სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგიკულია, რადგან უფლებები რომ არ ირღვეოდეს, არც სასამართლო იარსებებდა. უფრო დამაზიანებელი არის ის თუ რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო და რამდენად გამოასწორებს ამ დარღვევას კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ღონისძიებებით და როგორ აღმოფხვრის მსგავს დარღვევებს მომავალში, საერთო ანუ ე.წ. გენერალური ღონისძიებების გატარების მეშვეობით.

პრაგმატული და არა ოცნებებზე დაფუძნებული რეაგირება იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იმის გაცხადება, რომ შეიძლება არც ეთანხმება, მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამის სამოქმედო გეგმას დროულად მოამზადებდა და მიაწვდიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამით, საკუთარი პოზიციის დასაცავად კიდევ ახალი სარბიელი უჩნდება სახელმწიფოს. ნაცვლად ამისა, ჩვენი ხელისუფლების სამართლებრივმა აგორამ არჩია კონფრონტაციული და წარმოსახვითი მეთოდებით მოქმედება, რაც რა თქმა უნდა, უფრო მეტ საერთაშორისო რეზონანს გამოიწვევს, უარყოფით რეზონანს დიდ წილად და აღნიშნული თემა უახლოეს მომავალში გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქართველოსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. ჩვენი დღევანდელი გამოწვევევებისა და თუნდაც პერსპექტივების ფონზე, ვგულისხმობ მოახლოვრებულ არჩევნებს, ვიზალიბერალიზაციის შეფერხებულ პროცესს, ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებას და ასე შემდეგ, რამდენადაა ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებში მგონი დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გეგა სილაგავა




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 64.8%
შემცირდა 29.6%
არ შეცვლილა 5.6%