სასტუმრო „რადისონში“ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი განიხილა.
პროექტი მოამზადა საჯარო სამსახურის ბიურომ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსისაგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის შემოთავაზებული მექანიზმის შესახებ და იმსჯელეს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტზე.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო დონეზე მოქმედი ეფექტური მექანიზმი, რომელიც თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეამოწმებს.
თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობას არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ აკონტროლებს, თანამდებობის პირთა ქონების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა კი კორუფციის პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია. კანონპროექტი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება.
საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი; ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლობა; საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია; აშშ-ის იურისტთა ასოციაცია; ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.