საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფრომა ორგანიზაცია Global Alliance for Health and Social Compact. ამ ხელშეკრულების ძირითადი საგანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. „ჯი-ეიჩ-ენი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის წარმმართველი ხდება, 7 თვის წინ დარეგისტრირდა.
-რა პრობლემას ხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფრომა ორგანიზაცია Global Alliance for Health and Social Compact-თან?
- კარგია და მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო იწვევს გამოცდილ ორგანიზაციებს ან ექსპერტებს ამა თუ იმ სფეროში გარკვეული მომსახურების მისაღებად. ხაზს ვუსვამ გამოცდილ და სფეროში ნაცნობს. ზემოთხსენებული ორგანიზაცია კი არის მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული ორგანიზაცია, კერძოდ, 2014 წლის აგვისტოს ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში სომერსეტში დარეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი სერვისი, მით უმეტეს სახელმწიფო დონეზე არავისთვის გაუწევია.
თქვენ წარმოიდგინეთ მათ საიტზეც რომ შეხვიდეთ, ისიც კი არის ცარიელი და საკონტაქტო პერსონასაც კი ვერსად ნახავთ. ისმის კითხვა, ორგანიზაცია, რომელიც სულ რაღაც 6-7 თვის წინ დარეგისტრირდა, არ გააჩნია არანაირი გამოცდილება, არანაირი ექსპერტული მომსახურება არ გაუწევია არც ერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო სტრუქტურისთვის ამ 7 თვის მანძილზე, უცებ ხდება საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის წარმმართველი სტრუქტურა.
-მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ წელიწადზე მეტია მუშაობს ამ შესაძლებლობაზე და ახლა მიეცა საშუალება ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის. ანუ გამოდის, რომ მინისტრი იტყუება?
- ცოტა უცნაურია არა? წელიწადზე მეტია მუშაობს შესაძლებლობაზე, რომელიც მხოლოდ 7 თვის წინ დარეგისტრირდა. როდესაც მსგავსი გაურკვეველი და არანაირი ისტორიის არმქონე ორგანიზაცია სფეროს პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება ისმება ლოგიკური კითხვა - ვინ დგას ამ სახელდახელოდ შექმნილი „კანტორის“ უკან? ხომ არ არის ეს ისევ ივანიშვილის ან მისი მეგობრების, მაგალითად, მილიარდერი მაშკევიჩის, მორიგი შვილობილი კომპანია და ხომ არ ისახავს მიზნად ისეთი რეგულაციებისა და პოლიტიკის შექმნას, რომელიც ივანიშვილს და მის გუნდს გაუადვილებს დაეპატრონონ მთელ ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის ფარმაციის ბაზარსაც?
-ამ კითხვებს მე დავსვამდი..
- ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება: ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი არ უნდა ხდებოდეს და არცერთ ქვეყანაში არ ხდება ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი ორგანიზაციული გამოცდილება არ გააჩნია სფეროში მუშაობის და სულ რაღაც 7 თვიანი ორგანიზაციული ისტორია გააჩნია.
აქვე დავამატებ კიდევ ერთ მომენტს, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში და მოვალეობაში შედის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და ამისათვის სამინისტროს უზარმაზარი აპარატი და რამდენიმე დეპარტამენტი გააჩნია. ისმება კითხვა რას აკეთებს სამინისტრო საერთოდ? რატომ არ ქმნის არანაირ პოლიტიკას? რატომ იხმობს გარე გაურკვეველ ძალებს? რისთვის არსებობენ ეს დეპარტამენტები თუ მათ ფუნქციებს ნაწილობრივ ან სრულად აიღებს გაურკვეველი წარმონაქმნი ამ ახალი ორგანიზაციის სახით.
საერთოდ ბევრი კითხვა დაგროვდა სამინისტროს და პირადად მინისტრის მისამართით. თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვა და მისი გამართული, უფრო სწორედ გაუმართავი მუშაობა ჰქვია, ჯანდაცვის სერვისების დაბალი ხარისხი, დავალიანებები საავადმყოფოების მიმართ, სადაზღვევო სფეროს ჩავარდნა, კონკურენტული გარემოს შეზღუდვა, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უკვე კარგა ხნის დაწყებული უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპეტენციების დაბალი დონე, განსაკუთრებით, მენეჯერული კომპეტენციების და ბევრი სხვა. და ეს პრობლემები ნელ-ნელა ზედაპირზე ამოდის, და რაც არ უნდა იძახონ რომ წარმატებულ რეფორმას ახორციელებენ და რა მაღალი რეიტინგი აქვს სამინისტროს თუ სერგეენკოს პირადად, მათ მოუწევთ კვალიფიციურად დაასაბუთონ ყველა თავიანთი გადაწყვეტილება და პასუხი გასცენ ყველა გაჩენილ კითხვას, რომელთა რიცხვიც წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.