დღეს უკვე, თითქმის, არავინ დავობს იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება ძველზე უარესია, რაზეც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ ორი კვირის წინ და რასაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ასეთ რთულ მოლაპრაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს ისეთი სერიოზული სტრუქტურის პირისპირ, როგორიცაა „გაზპორმი“.
"პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მიზეზები კი, აუცილებლად დასადგენია. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს - რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება. ამ კითხვებზე პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს - საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა, თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება.
შესაბამისად, დღესაც კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია", - განაცხადა მიშველაძემ.