19 დეკემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჰოლანდიელი ფოტოხელოვანის ერვინ ოლაფის გამოფენა „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" გაიხსნება.
ერვინ ოლაფის ეს ნამუშევრები შთაგონებულია შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით. ამასთანავე, ის უკავშირდება ჰოლანდიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ეპიზოდს - 1574 წლის 3 ოქტომბერს ალყაში მოქცეული ლეიდენის ესპანელი დამპყრობელისგან გათავისუფლებას. გმირობის დასაფასებლად მეფე ვილჰელმ ორანიემ ლეიდენელებს შესთავაზა ჯილდოს სახით აერჩიათ გადასახადებისგან გათავისუფლება, ან - უნივერსიტეტის დაარსება. მრავალტანჯულმა, მაგრამ ამაყმა და გამარჯვებულმა ლეიდენელებმა უნივერსიტეტი არჩიეს. ასე დაარსდა 1575 წელს რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.
2011 წელს ლეიდენის უნივერსიტეტისა და მუზეუმ დე ლაკენჰალის დაკვეთით ერვინ ოლაფმა შექმნა ნიდერლანდების სამეფოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული ნამუშევრები.
ერვინ ოლაფი ნამუშევრების ეს კოლექცია ლეიდენის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ის პირველად ტოვებს ქვეყნის ფარგლებს. თბილისში წარმოდგენილი იქნება 8 ნამუშევარი.
გამოფენის ორგანიზატორია ფონდი „არტ ექო", რომელიც ამ ღონისძიებას ფესტივალი იბერია 2013 ფარგლებში აწყობს.პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ლეიდენის უნივერსიტეტი და სხვა ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები.
გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.