საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აწუხებთ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების, ქუჩებისა და გადასასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობაა ისე, რომ მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მოამზადა და უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს".
ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციის, ინდივიდუალური განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა და მშენებლობის პროცესში ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინება.
ღარიბაშვილის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სფერო უაღრესად ფაქიზი სფეროა.
,,ხელისუფლება ამ სფეროში განსაკუთრებით დატვირთულია დიდი პასუხისმგებლობით, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა. ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვთ, საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორიც თითოეული ჩვენგანია. ვერც ერთი სოციალური შეღავათი, ვერც ერთისახისა და ოდენობის დახმარება ვერ გაუჩენს მათ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის განცდას, თუკი საზოგადოება ინერტული იქნებამათ მიმართ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მივაღწევთ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრება თვისებრივად შეიცვალოს და სწორედ ამ სფეროში მიღწეული ცვლილებები გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ჰუმანურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ისე ვიცხოვრებთ, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებას ეკადრება", _ნათქვამია პრემიერის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების საერთაშორისო დღისადმი გავრცელებულ მიმართაში.