თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა, რის გამოც ავტომობილები წყალში ჩარჩა და სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა.
თურქული მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუსტაფა ჩიფთჩის განცხადებით, სტამბოლში სამი ადამიანი დაიღუპა - ერთი ელექტროდენმა იმსხვერპლა, ორი კი დაიხრჩო. ქალაქში ხუთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მეზობელ ქოჯაელის პროვინციაში კი კიდევ ერთი პირი დაკარგულად მიიჩნევა.
გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის, მურათ ქურუმის განცხადებით, სტამბოლში მაშველებმა 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქის რამდენიმე რაიონი, სადაც ქუჩები და სახლები დაიტბორა, მდინარე კი კალაპოტიდან გადმოვიდა.
სტამბოლის გუბერნატორის, დავუთ გიულის განცხადებით, ქალაქში 1942 წლის შემდეგ ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ კვადრატულ მეტრზე 272 კილოგრამს მიაღწია.
ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, სკოლებში სწავლა კი 16 ოქტომბერსაც შეჩერდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში ძლიერი წვიმის საფრთხე კვლავ არსებობს.