დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს დენის კიფს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ამა წლის 23 მარტს, საქართველოში ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის დაგეგმილ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უხელმძღვანელებს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ დავენპორტი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაესვა მხარეებს შორის რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წლის 14 აპრილს დაგეგმილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმოამდგენელის, მისი სამეფო უდიდებულესობის, იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუს საქართველოში ვიზიტის დეტალები. შეგახსენებთ, რომ პრინცი ენდრიუ, სხვა სამეფო მოვალეობებთან ერთად, არის ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ინვესტიციების საკითხებზე.