"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს დედაქალაქის მერობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და და ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისაკენ მოუწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი ხელისუფლების ინტერესში შედის და იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია საბოლოოდ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც არჩევნებში ერთი კანდიდატის წარადგენაში მდგომარეობს.
"მივმართავ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაწართმეულ ლევან გაჩეჩილაძეს, შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნუ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ნუ შეუწყობს ხელს, ხელისუფლების წარდგენილი კანდიდატის გამარჯვებას", - აცხადებს შაშიაშვილი.
"თეთრების"ლიდერი თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც, კერძოდ, ნიკა ივანიშვილსა და გია ჭანტურიასაც ეხმაურება და მოუწოდებს, არ ჩაერთონ ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშებსა და პიარტექნოლოგიებში.
"დადგა დრო, რომ გაიმარჯვოს საღმა გადაწყვეტილებამ და პრაიმერისა და გამოკითხვების გარეშე გაერთიანებული ძალებით გადავწყვიტოთ ერთიანი კანდიდატის საკითხი, ერთიანი ფრონტით დავიწყოთ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ", -აცხადებს შაშიაშვილი.