უკრაინაში ევრომაიდანი გრძელდება.ხალხის ძირითადი შეკრება მაიდანზე დღეს და ხვალ არის დაგეგმილი.
ღამით იქ დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ღამით ხალხი უსმენდა მუსიკას, მსჯელობდა ახალ ამბებზე, ცეკვავდა, მღეროდა და კოცონებთან თბებოდა. დილისთვის ხალხის რაოდენობა შეთხელდა თუმცა განწყობას ამან ხელი ვერ შეუშალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლიგაბიზნესინფორმი" ავრცელებს.
ამას გარდა იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება კვლავ მიმდინარეობს. ორი დღე-ღამის განმავლობაში პეტიციას ხელი 45 ათას 691 ადამიანმა მოაწერა.
თეთრი სახლი პეტიციას განიხილავს იმ შემთხვევაში თუ ის 30 დღის განმავლობაში 100 ათას ხელმოწერას შეაგროვებს. პეტიცია აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრაინის პრეზიენტისა და მთავრობის წევრების წინააღმდეგ პერსონალური ფინანსური სანქციების დაწესებას სთხოვს.
პეტიციაზე ხელის მოწერა თეთრი სახლის ინტერნეტ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგაა შესაძლებელი.
პეტიცია აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერნეტ-გვერდზე 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.
სულ, ბოლო მონაცემებით, 21 ნოემბრიდან მსოფლიოს 22 ქვეყნის 46 ქალაქში ევრომაიდანის სოლიდარობის აქციები გაიმართა.