ევროკომისიის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ევროკომისიამ მოლდოვას შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესთავაზა.
შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეები. გადაწყვეტილება მოლდოვას მიერ წარმატებით განხორციელებულ იმ რეფორმებს ეფუძნება, რომელიც გაწერილი იყო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. "მოხარული ვარ მოლდოვას მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შევთავაზო სავიზო რეჟიმის გაუქმება. მინდა მივულოცო მოლდოვას ხელისუფლებას ამ მიმართულებით განხორციელებული მთავარი რეფორმების წარმატებით შესრულება და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა მომავალში ხელს შეუწყობს ადამიანთა შორის კონტაქტს და ბიზნესის, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას ევროკავშირსა და მოლდოვას შორის. გულწრფელ იმედს გამოვთქვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორიობის სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში უვიზო რეჟიმისკენ მიისწრაფვიან, გააგრძელებენ მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა. ამასთან, ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოლდოვას მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთავაზებას ახლა ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო განიხილავენ, რის შემდეგაც შევა ძალაში.