საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას კერძო ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ვინმე მონასელიძეს საკუთრების გამოყენებს უფლებას უზღუდავს. ცაგარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისასაც დააყენა, თუმცა როგორც აცხადებს, დღემდე პრეზიდენტი ამ საქმით არ დაინტერესებულა და არავინ გამოხმაურებია ამ ფაქტს.
"პრეზიდენტი მხოლოდ იმ ადამიანებს ხვდება, ვინც პიარისთვის სჭირდება. სხვა საკითხები საერთოდ არ აინტერესებს და ტყუილია ის განცხადება, რომ პრეზიდენტი პარლამენტში გამოთქმული ყველა აზრით ინტერესდება", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება მონასელიძის საქმეს, როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ამ მოქალაქემ მას მიმართა წერილობით. შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა ამ ადამიანს და საბოლოოდ ირკვევა, რომ ხელისუფლება, კონკრეტულად უგულავა, არის დაინტერესებული იმით, რომ ამ ადამიანმა დათმოს საკუთრების უფლება.
ცაგარეიშვილის განმარტებით, ავთანდილ მონასელიძეს გმირთა მოედანზე, "ლაგუნა ვერეს" მოპირდაპირე მხარეს აქვს ავტოგასამართო სადგური და ხელისუფლებამ ამ საკუთრების მითვისება მოინდომა. ცაგარეიშვილის განმარტებით, არსებობს დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ავტოგასამართი სადგურის წართმევა სურს მერიას და ამისათვის იყენებს შემოსავლების სამსახურს, სასამართლოსა და კერძო ბიზნესსაც კი. ამ ავტოგასამართი სადგურის ადგილი სურს სასტუმროთა ქსელის "ჰაიატის" მეპატრონეებს, რათა მათ ამ ადგილას მშენებლობების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოთ, თუმცა იმის ნაცვლად რომ მონასელიძესთან გამართონ სამართლიანი მოლაპარაკება, სამართლიანი ფასის შეთავაზებით, ხდება მისი დატერორება.
როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მონასერიძე 2006 წელს კაბინეტში დაიბარა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელმა მოადგილემ საგინაშვილმა, რომელიც დღეს არის სარიტუალო მომსახურების სამსახურის "ჰერმესის" ხელმძღვანელი და მონასერიძეს მოსთხოვა საკუთრების დათმობა, თუმცა მონასერიძემ მას უარი უთხრა. ამის შემდეგ დაილუქა მისი ავტოგასამართი სადგური, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკუთრება მას იჯარით ჰქონდა მიქირავებული კომპანია "ჯემალი 2007"-ისთვის. შემოსავლების სამსახურმა საქმე აღძრა "ჯემალი 2007"-ის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მფლობელს ანუ მონასერიძესა და მოიჯარეს "ჯემალი 2007"-ს შორის სხვა კავშირი არ არსებობს, მფლობელს დღემდე ეზღუდება საკუთრების გამოყენების უფლება.
ცაგარეიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზედაც, რომ 2008 წელს გამოსული კანონი ამნისტიის შესახებ ეხება აღნიშნულ საქმესაც, თუმცა ამ კანონის გამოსვლის შემდეგ პროკურორმა შეცვალა საქმის კვალიფიკაცია და გადაასწორა ის, რომ საქმე თავის დროზე აღძრული იყო სისხლის სამართლის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩაასწორა 192-ე მუხლის მეორაე ნაწილად, რის გამოც ამნისტია აღნიშნულ საქმეს არ შეეხო.
მონასერიძემ პროკურორს უჩივლა სასამართლოში, თუმცა 2009 წლის ივლისში შეტანილი სარჩელი მოსამართლე მაკა გველესიანმა საქმე განიხილა მიმდინარე წლის 3 თებერვალს მხოლოდ ცაგარეიშვილის მიმართვის შემდეგ. გარდა ამისა, ცაგარეიშვილის თქმით, ვინმე კახა შარაბიძე, რომელმაც თავი "ჰაიატის" წარმომადგენლად გააცნო საგინაშვილს, მას დაემუქრა, რომ იგი საკუთრების უფლებით ვერ ისარგებლებდა. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საგინაშვილის წინააღმდეგ ტერორი ხორციელდება სწორედ უგულავას და სააკაშვილის ლობირების გამო. სწორედ ამის გამო იგი საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ.